სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება
შტატით დასაქმებულებზე შეთავსებით, შრომითი ხელშეკრულებით გაცემული შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები - სსიპ-საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე შტატიანი მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულებით შეთავსებით მუშაობდნენ შტატგარეშედ და სამუშაო დროის ერთსა და იმავე მონაკვეთს ორივე პოზიციისთვის იყენებდნენ. აღნიშნული განპირობებული იყო საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ფარგლებს გარეთ „საქსტატის“ სისტემაში დასაქმებული პირების მიერ შეთავსებით სამუშაოს, მისი შესრულების ფორმის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების განსაზღვრისა და გაცემის წესით“, რომელიც საშუალებას აძლევდა შტატიან თანამშრომლებს − ძირითადი სამუშაოსგან თავისუფალ ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათებშიც შეესრულებინათ შეთავსებითი სამუშაო.
საშტატო თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაანგარიშება ხდება ნამუშევარი საათების მიხედვით და შრომის ანაზღაურების პირველად დოკუმენტს საშტატო განრიგთან ერთად წარმოადგენს ნამუშევარი დროის აღრიცხვის დოკუმენტი − ტაბელი. შესაბამისად, საშტატო სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილი დროის რესურსის გამოყენება სხვა დანიშნულებით (მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისთვის), წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის რესურსების არაეკონომიურად გამოყენებას.
2020 წელს − 68, ხოლო 2021 წელს 93 შტატიანი თანამშრომელი პარალელურად მუშაობდა შრომითი ხელშეკრულებით. შეთავსებით მუშაობისას შრომითი ხელშეკრულებით ანაზღაურებულმა თანხამ 2020 წელს − 202,324.69 ლარი, ხოლო 2021 წელს 404,695.05 ლარი შეადგინა.
საქსტატში დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს − შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები ძირითად სამუშაოზე განკუთვნილ დროის რა ნაწილს უთმობდნენ შეთავსებით სამუშაოს, რაც ხელს უშლის ხარჯების ეკონომიურ განკარგვას.