სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 01 სექტემბერი, 2023
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომელიც ახორციელებს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

დანამატი 

დოკუმენტური საფუძვლის გარეშე გაცემული დანამატი - 2021-2022 წლებში სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა 393,784 ლარის ოდენობის დანამატი, თუმცა სამსახურის თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება.

შრომითი ხელშეკრულება

მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად ხელშეკრულებით დასაქმების ნაკლოვანებები - 2021-2022 წლებში ვაკანტური თანამდებობების არსებობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით ხანგრძლივი დროით დასაქმებული იყო 5 პირი. ვერ იქნა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს.

ავტოტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები

ავტოტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები - სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა.
 

სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურს

რეკომენდაცია №1: 

სამსახურის თანამშრომლებისთვის დანამატის გაცემის დოკუმენტური საფუძვლების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალების დოკუმენტურ დადასტურებას.

რეკომენდაცია N2:

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის მეტი გამჭვირვალობისათვის, საჭიროა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების დოკუმენტური დადასტურება; ასევე მნიშვნელოვანია, სამსახურის ხელმძღვანელობამ განსაზღვროს დისტანციურად მუშაობის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტირების წესები.

რეკომენდაცია N3:

ავტოპარკის არა სამსახურებრივი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით: სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით; ამასთანავე მნიშვნელოვანია, სამსახურმა შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროების და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

რეკომენდაცია N4:

ანალიტიკური სამმართველოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სისტემატიზაციისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამსახურმა დანერგოს კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ჩატარებული პროცედურების დოკუმენტურ დადასტურებას.