სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 დეკემბერი, 2020
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სახელმწიფო შესყიდვები

  • შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანებები - შესყიდვების დაზუსტებული გეგმა წლიურ გეგმასთან შედარებით 2018 წელს გაზრდილია 26%-ით, ხოლო 2019 წელს − 78%-ით. მიღებული განმარტებით, 2019 წლის შესყიდვების გეგმის არსებითი ცვლილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2019 წლის 12 ივნისს ბიურომ საქართველოს მთავრობის თანხმობით, აიღო 5,000 ათასი ლარის ოდენობის საბანკო სესხი. შესაბამისად, გაიზარდა შესყიდვების წლიური გეგმაც. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით, შესყიდვები სრულყოფილად ვერ განხორციელდა, რაც შესყიდვების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
  • არასისტემატიზებულად განხორციელებული ბაზრის კვლევა - ბიუროში შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებული ბაზრის კვლევა არ არის სისტემატიზებული სახით განხორციელებული. კერძოდ, აუდიტორული პროცედურებით შერჩეული შესყიდვებიდან, დაახლოებით, 15%-ზე ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა, რის მიზეზსაც ბიუროს განმატებით, ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის არასისტემატიზებული არქივაცია (დაარქივება) წარმოადგენს. შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას დაასკვნას, იყო თუ არა ყველა შესყიდვაზე განხორციელებული ბაზრის სრულყოფილი კვლევა.

შრომის ანაზღაურება

  • დაუსაბუთებლად გაცემული დანამატი - 2018-2019 წლებში თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა ჯამში 526,038 ლარი შეადგინა. დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ისევე, როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა.
  • არასწორი კლასიფიკაციით გაცემული სოციალური დახმარება - 2018-2019 წლებში ბიუროში წარმოდგენილია 306 ერთეული საავადმყოფო ფურცელი (ბიულეტენი), რომელზე ასანაზღაურებელი 118.2 ათასი ლარი, ნაცვლად „დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარების“ სახაზინო მუხლისა, გაცემულია „თანამდებობრივი სარგოს“ სახაზინო მუხლით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობით დადგენილი საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციის მოთხოვნებთან.
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებები - 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია არ აწარმოებდა სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს. შედეგად, არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

მარაგების აღრიცხვის ნაკლოვანებები

  • მარაგების აღრიცხვისას არსებული ნაკლოვანებები - ბიუროში არ არის ჩამოყალიბებული მატერიალური მარაგების ჩამოწერასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალები (მარაგები) საწყობიდან გასვლის და სხვადასხვა დეპარტამენტზე გადაცემისას, ჩამოიწერება პირდაპირ ხარჯებში და არ აღირიცხება ისინი ანგარიშვალდებულ პირებზე, რაც მატერიალურ მარაგებზე არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.
  • საექსპერტო მომსახურების ანგარიშსწორების წესის ნაკლოვანება - ექსპერტიზის დამკვეთებთან ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ საექსპერტო დასკვნების მომზადების შემდეგ. შედეგად, 2018-2019 წლებში ბიუროს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებებით სულ წარმოიშვა 1,204.7 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება და 794 ერთეული სამართლებრივი დავა საექსპერტო მომსახურების დამკვეთების წინააღმდეგ. საექსპერტო დასკვნების მომზადების შემდეგ ანგარიშსწორების პრაქტიკა წარმოშობს დებიტორული დავალიანებისა და სასამართლო დავების ზრდის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია ადამიანური რესურსებისა და ფინანსურ დანახარჯებთან, ასევე წარმოშობს მისაღები შემოსავლების დანაკარგების რისკს.

რეკომენდაცია №1.

საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად გაანგარიშების მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავებისა და თითოეული შესყიდვის პროცედურის დაწყებამდე განხორციელებული ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია შეინახოს სათანადოდ.

რეკომენდაცია №2.

საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზისის ეროვნულმა ბიურომ, დანამატის ზღვრული ოდენობით გაცემისთვის, შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც მიმართული იქნება ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში შესრულებული სამუშაოს აღრიცხვისა და ანაზღაურებისათვის.

რეკომენდაცია №3.

საბიუჯეტო სახსრების სწორი კლასიფიკაციით განკარგვისა და აღრიცხვის მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თანამშრომელთა დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაანგარიშება და შემდგომში გაცემა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სახაზინო მუხლიდან.

რეკომენდაცია №4.

ხელფასის დარიცხვის პროცესში კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №5.

ბიურომ აქტივების დაცულობის და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გაცემული მარაგების ბუღალტრული ჩამოწერა განახორციელოს ფაქტობრივი ხარჯვისას, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე

რეკომენდაცია N6.

გაწეული მომსახურების შედეგად, მისაღები შემოსავლების დანაკარგების შემცირების მიზნით, საჭიროა სსიპ − ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემუშავდეს საექსპერტო მომსახურების სათანადო ანგარიშსწორების მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევისას ანაზღაურების დროულ მიღებას.