სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 17 იანვარი, 2020
სსიპ − ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქპატენტის სახელმწიფო შესყიდვები, შრომის ანაზღაურება, სატრანსპორტო ხარჯები და წარმომადგენლობითი ხარჯები.

აუდიტის  შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შრომის ანაზღაურება
 
არასრულყოფილად აღრიცხული თანამშრომელთა ნამუშევარი დრო 2017-2018 წლებში საქპატენტში სრულყოფილად არ ხორციელდებოდა შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და წასვლა უნდა აღრიცხულიყო სპეციალური ტექნიკური საშუალების − ტურნიკეტის გამოყენებით. შესაბამისად, ხელფასის დარიცხვის მიზნით შევსებული − სამუშაო დროის ტაბელის მონაცემები განსხვავდება ტურნიკეტზე დაფიქსირებულისგან.

შტატგარეშე თანამშრომლების, სამუშაო დროის არასრულყოფილად აღრიცხვის გარდა, ხელფასების დარიცხვისა და ანაზღაურებისას, არ ხდებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების დოკუმენტური დადასტურება. შესაბამისად, გაცემული ხელფასი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.

შეთავსებით დასაქმებულ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის არასათანადო აღრიცხვა

„საქართველოს შრომის კოდექსით“, „შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება“. საქპატენტის 3 შტატიანი თანამშრომელი გარკვეული პერიოდით, პარალელურად შეთავსებით ირიცხებოდნენ შტატგარეშე მოსამსახურეებად. ორგანიზაციაში შეთავსებით მოსამსახურეთა სამუშაო დროის აღრიცხვის არასრულყოფილი და გაუმჭვირვალე პრაქტიკის გამო, ვერ მივიღეთ რწმუნება საქპატენტის შტატით მომუშავე თანამშრომლები როდის ასრულებდნენ შეთავსებით სამუშაოს და ძირითად სამუშაოზე განკუთვნილი დრო სრულად დაუთმეს მის შესრულებას, თუ იგი გამოყენებულ იქნა შეთავსებით სამუშაოზეც.

ავტოპარკის მართვა 

ფუნქციურად გაუმიჯნავი ავტომანქანები
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ავტოპარკი სარგებლობის ფორმირების მიხედვით იყოფა განპიროვნებულ და სამორიგეო ფუნქციის მქონე ავტომობილებად. გარდა ამისა, ორგანიზაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია სპეციალიზებული და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილები.

საქპატენტში, ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს დადგენილებით განსაზღვრული სარგებლობის ფორმებიდან (განპიროვნებული, სამორიგეო, ოპერატიული, სპეციალური დანიშნულების), კლასიფიკაციის არც ერთი ფორმა არ აქვს მინიჭებული. ამასთანავე, ერთი-ერთი ავტომობილი ემსახურებოდა თავმჯდომარის მოადგილეს, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან.  არაკლასიფიცირებული ავტომობილების არსებობის პირობებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვერ სრულდება, რაც წარმოშობს ავტოპარკის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

ავტომობილების განკარგვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეები

საქპატენტში, ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულება/მივლინებაში ყოფნისას ჩასხმულია 2,144 ლიტრი საწვავი. მიღებული განმარტებით, თანამშრომლების შვებულება/მივლინებაში ყოფნისას, ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ შვებულება/მივლინების პერიოდში ავტომობილის საწვავით გამართვის მიზანშეწონილობაზე კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.

თანამშრომლების პირად ავტომანქანებზე საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები

ვინაიდან, თანამშრომელთა პირად ავტომანქანებში საქპატენტის კუთვნილი საწვავის ხარჯვისას დოკუმენტურად ვერ დასტურდება სამსახურებრივი მიზნით გამოყენება, საწავავის გაცემა არ შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებას. 2017-2018 წლებში სულ ასეთმა ხარჯმა შეადგინა 17,428 ლიტრი, ღირებულებით − 34,680 ლარი.

რეკომენდაცია N1

ხელფასის დარიცხვის პროცესში კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქპატენტმა სამუშაო დროის ტაბელის მონაცემები შეუდაროს ტურნიკეტის მონაცემებს, ხოლო არსებითი სხვაობების შემთხვევაში, სათანადოდ დაასაბუთოს აღნიშნული ფაქტები. შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვისა და ანაზღაურებისას,6 აუცილებელია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების დოკუმენტური დადასტურება,7 ხოლო, სადაც ეს შესაფერისია − განისაზღვროს დისტანციურად მუშაობის პირობები, მათ შორის, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტირება.

რეკომენდაცია N2

ავტომობილების საჭიროების მიხედვით გადანაწილების და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა ავტომანქანების კლასიფიცირება შეუსაბამოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესს“.

რეკომენდაცია N3

საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით, მიზანშეწონილია ავტომობილის გადაადგილების სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა, ხოლო თუ ეს ტექნიკური საშუალებებით ვერ მიიღწევა, აწარმოოს დოკუმენტაცია ე.წ. საგზურის ფურცლებით, სადაც ფიქსირდება ავტომობილების კონკრეტული მიმართულება და გავლილი მანძილი.

რეკომენდაცია N4

სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა.