სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 20 სექტემბერი, 2019
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 
პერიოდი: 2017, 2016, 2015, 2014

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები

თსუ-ის შესაბამისი სამსახური ბაზრის კვლევებს ძირითადად აწარმოებდა მხოლოდ ფასთა გამოკითხვის საშუალებით, რომელიც იძლევა ძალიან მწირ ინფორმაციას და ქმნის ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას, რაც გამოვლინდა კვლევაში მონაწილე კომპანიების მხრიდან შეთავაზებულ გაზრდილ ფასებში. ასევე სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარდგენილ შეთავაზებებში არ არის მითითებული ფასწარმოქნის კომერციული და ფინანსური პირობები (მიწოდების ვადები, ანგარიშსწორების პირობები და ვადები, საგარანტიო ვადები და ა.შ.). ყოველივე აღნიშნული განაპირობებს არასაბაზრო, არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერების შემთხვევებში იწვევს საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ კონკურენცია შედგა, ხშირად ფასის კლება 20%-ზე მეტს შეადგენს, რის გამოც პრეტენდენტები იძულებული არიან რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი დაასაბუთონ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაც ზოგჯერ ტენდერებში მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი ხდება და ქმნის სატენდერო წინადადების მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობას.

პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში, სპეციფიკაციით (აღწერილობა) მოთხოვნილი იყო, რომ საქონელი უნდა ყოფილიყო „ორიგინალი“ და ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა წარედგინა შემოთავაზებული ბრენდის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF). აღნიშნული მოთხოვნა კონკურენციის შეზღუდვის მაღალი რისკის მატარებელია, ვინაიდან ის წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას მწარმოებელზე, ასევე მოდელზე. შესყიდვის ობიექტის აღწერის მიმართ ასეთმა მიდგომამ განაპირობა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა მიიღო და სავარაუდო ღირებულების ტოლი (ან მასთან მიახლოებული) ფასით გაიმარჯვა კომპანია შპს „ულტრამ“.

ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში, რაც იწვევს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას და ზღუდავს ტენდერში მონაწილეთა რაოდენობას. − ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით თსუ-ს ჩატარებული აქვს ელექტრონული ტენდერები პრეისკურანტის საფუძველზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრებოდა მომსახურების სხვადასხვა სახეობის ერთეულების სავარაუდო ღირებულებების მექანიკური დაჯამებით, ხოლო ვაჭრობის რაუნდებში პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის კლება ხორციელდებოდა მომსახურების თითოეული პოზიციის მიხედვით პროპორციულად. აღნიშნული მეთოდი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით შეიცავს რისკებს, კერძოდ: პრეისკურანტით გათვალისწინებული მრავალი სახის მომსახურებიდან, მათი სპეციფიკური დანიშნულებების გამო, შემსყიდველს წლის განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს მხოლოდ გარკვეული სახეობები, მათ შორის, ცალკეული სახეობა რამდენჯერმეც (მაგალითად, ძრავის ზეთის ან სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლა). ხოლო მომსახურებების და დეტალების უმრავლესობის საჭიროება მათი რამდენიმეწლიანი მუშაობის უნარის გამო, შესაძლოა საერთოდ არ დადგეს (მაგალითად, ძრავის მუხლა ლილვის ან ჯაჭვის შეცვლა და სხვ.). აქედან გამომდინარე, სატენდერო წინადადების წარდგენისას მომსახურების ერთეულების ფასების პროპორციული კლება მათი საჭიროების დადგომის არათანაბარი შესაძლებლობის შემთხვევაში იძლევა ფიქტიურ ეკონომიას. ვინაიდან იმ მომსახურებების მიხედვით ფასების პროპორციული კლება, რომელთა საჭიროების დადგომის ალბათობა ძალიან მცირეა და ძირითადად, მათი ერთეულების ღირებულება მაღალია, იძლევა ნომინალურ ეკონომიას.

თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა პროექტირება-მშენებლობის - ე.წ. Design-Build (DB) მეთოდი. შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის 14 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 5,829.9 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენი შპს „დიკა 2010“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება (N430/06, 03.05.2018წ.) ღირებულებით - 5,192.0 ათასი ლარი. სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება). ამასთანავე, თსუ-ის მე-2 კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, ხოლო ნებართვების ღირებულების (რომელიც ასევე გაზრდილია) დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის გაიცემა მხოლოდ სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ და მისი ფასები ფიქსირებულია. შედეგად, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია ჯამურად 1,116.3 ათასი ლარით (225.8 ათასი ლარით, მომსახურებების ნაწილში + 890.5 ათასი ლარით, სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი.

თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს საქვეანგარიშოდ ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელს წარმოადგენდა ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა); შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი იმავდროულად იყო შემსყიდველი (თსუ-ის რექტორი) და მოცემული შესყიდვის ინიციატორი.

სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაში არსებული ნაკლოვანებები

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსში გამარჯვებული პროექტის („პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაციის სინდრომი - უწყინარი ეკგ თავისებურება, თუ სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პრედიქტორი“) დაფინანსების მიზნით, ერთი მხრივ, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორე მხრივ, თსუ-ს (როგორც − წამყვანი ორგანიზაცია), ასევე გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება FR/547/8-305/14. დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 148.6 ათას ლარს. საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ამოცანა იყო ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის 20- 45 წლის ასაკის 800 პირის (მათ შორის, სპორტსმენების) შერჩევა მათზე სამედიცინო კვლევების ჩატარების, შედეგების შესწავლის და შემდგომ მეცნიერული დასკვნების გაკეთების მიზნით. პროექტის ფარგლებში გამოკვლეულად ნაჩვენები პირების რაოდენობის რეალობის (აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელების რეალობის) შესწავლის პროცესში მიღებული სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, გრანტის მიმღებ პირებს არ გააჩნიათ გამოკვლეულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობის რაიმე იურიდიული დოკუმენტი (ხელშეკრულება, წერილობითი განცხადება და ა. შ.), მათ არ გააჩნიათ ასევე გამოკვლეული პირების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი) და, რომ აღნიშნული მონაცემები მათ არც პროექტის განხორციელების პერიოდში ჰქონდათ. ამასთანავე, პროექტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პირებს ჩაუტარდათ ასევე ფიზიკური დატვირთვის ეკგ ტესტი. ის გარემოება, რომ აღნიშნული ტესტისთვის საჭირო ტექნიკა - ეკგ სისტემა სტრესტესტებისთვის (ტრედმილით) შეძენილია 2018 წლის იანვარში და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის იმყოფებოდა უხმარ, ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში, ეჭვქვეშ აყენებს ტესტების ჩატარების რეალობას. გარდა ამისა, არ განხორციელებულა პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული კვლევებისთვის საჭირო ტექნიკის - დეფიბრილატორის შეძენა, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო კვლევების ჩატარების რეალობას.

 

რეკომენდაცია N1: საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და შედეგად, საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის კვლევის ეტაპზე შესწავლილ და გაანალიზებულ იქნეს ფასების შესახებ ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნება მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების გათვალისწინებით.

რეკომენდაცია N2: შესყიდვების განხორციელების პროცესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით: შესყიდვის ობიექტების მიმართ მოთხოვნები ჩამოყალიბდეს ნათლად, არაორაზროვნად და იმგვარად, რომ შესყიდვების პროცესში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს ყველა პოტენციურ მიმწოდებელს; შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს ფუნქციონალურ-ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებას, ამავდროულად შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს იმ დიაპაზონით, რომელიც უზრუნველყოფს საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

რეკომენდაცია N3: ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის და სატენდერო წინადადების ფასის კლების არსებული წესის ხარვეზები და განხილულ იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც დაეფუძნება:

-პრეისკურანტით განსაზღვრული ცალკეული მომსახურების საჭიროების სიხშირეს;

-პრეტენდენტის მხრიდან სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდის შეუზღუდავ არჩევანს.

რეკომენდაცია N4: საბაზრო პირობების შესაბამისი ფასწარმოქმნის უზრუნველყოფისა და სატენდერო პროცედურებში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე გააანალიზდეს პრაქტიკაში არსებული მისი განხორციელების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი და მიღებულ იქნეს კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი გადაწყვეტილება.

რეკომენდაცია N5: შემუშავებულ იქნეს საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში თსუ-ის თანამშრომლებზე დამატებითი შრომის ანაზღაურების გაცემის წესი, რომელიც დაეფუძნება სამუშაოს და შრომის ანაზღაურების სამართლიან და პროპორციულ განაწილებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით. რეკომენდაცია N6: საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და მარაგების ოპტიმიზაციის მიზნით, განისაზღვროს ნაბეჭდ პროდუქციაზე რეალური მოთხოვნა და განხორციელდეს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების რაციონალური ხარჯვა.