სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 14 იანვარი, 2022
სახელმწიფო შესყიდვების მართვის სისტემური საკითხების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციის აუდიტების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს: საჭიროებების განსაზღვრის, ბაზრის კვლევის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, გამარტივებული შესყიდვების და ქვეკონტრაქტორების საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, შეესწავლა სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხები. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა 10 ერთეული სამინისტრო, სამი ერთეული უნივერსიტეტი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ცხრა ერთეული მხარჯავი დაწესებულება. მეტი სიცხადისათვის: აუდიტის ანგარიშში ასევე გამოყენებულია ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დასრულებული სხვადასხვა აუდიტის ანგარიშებიდან.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შესყიდვის საჭიროების ნაკლოვანებები

შემსყიდველი ორგანიზაციები, რიგ შემთხვევებში, საჭიროებებს არ განსაზღვრავენ რაციონალური გათვლებისა და ანალიზის საფუძველზე, რაც იწვევს არაოპტიმალური რაოდენობის სასაქონლო ნაშთების შექმნას.

ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რიგ შემთხვევებში, ბაზრის კვლევის პროცედურები ტარდება არასრულყოფილად. შედეგად, გაზრდილია შესყიდვის ღირებულება ან შემუშავებული სატენდერო პირობები ქმნის არაკონკურენტულ გარემოს. 

შესყიდვის საგნის აღწერის ნაკლოვანებები

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის საგნის აღწერისას გამოიყენება ტექნიკური პარამეტრების ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც ზღუდავს კონკრეტულ სასაქონლო მოდელებსა და კვალიფიციურ მიმწოდებლებს. შედეგად, სატენდერო პროცედურები იღებს ფორმალურ ხასიათს.

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ნაკლოვანებები

სატენდერო კომისიების მიერ, რიგ შემთხვევებში, პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია ხორციელდება დაუსაბუთებლად, პრეტენდენტთა მიმართ გამოიყენება არაერთგვაროვანი და დისკრიმინაციული მიდგომა. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები კარგავენ შესაძლებლობას, შესყიდვა განახორციელონ გამარჯვებულ კომპანიასთან შედარებით ნაკლებ ფასად.

გამარტივებული შესყიდვის ნაკლოვანებები

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რიგ შემთხვევებში, გამონაკლისის წესით გამარტივებული შესყიდვის განხორციელება დაუსაბუთებელია და მიმართულია სატენდერო პროცედურების თავიდან არიდებისაკენ.

ქვეკონტრაქტორის გამოყენების ნაკლოვანებები

არასაკმარისი რეგულაციების პირობებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში, არ არის შემუშავებული კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის სამუშაოს გამოყენებას. შედეგად, ტენდერებში მონაწილე კომპანიები სამუშაოების გამოცდილებად ითვლიან ერთსა და იმავე სამუშაოებს, რაც საშუალებას აძლევთ, მოიპოვონ არამართლზომიერი უპირატესობა სატენდერო პროცედურებში.

შემსყიდველ ორგანიზაციებს

რეკომენდაცია №1:

  • საჭიროების სწორად განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტების ჩამოყალიბებას დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე და შესაბამის სამსახურებს (საფინანსო, შესყიდვები, ლოგისტიკა) შორის კომუნიკაციით განისაზღვრება შესასყიდი საქონლის/მომსახურების საჭირო რაოდენობა და მოცულობა, სადაც გათვალისწინებული იქნება დაწესებულების ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები, არსებული სასაქონლო ნაშთები;
  • წინასწარი ანგარიშსწორების ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ანალიზის განხორციელებას, რამდენად საჭიროებს შესყიდვა წინასწარ დაფინანსებას და რამდენად აუცილებელია აღნიშნული მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისათვის. ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ წინასწარი ანგარიშსწორება წლის ბოლოს საბიუჯეტო ასიგნების ათვისებისაკენ არ იყოს მიმართული.

რეკომენდაცია №2:

საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და საჯარო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლას და ანალიზს, მათ შორის, ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნებას (შესადარისობა) მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების (წარმოშობის ქვეყანა, ანგარიშსწორების პირობები, საგარანტიო ვადა და ა.შ.) გათვალისწინებით.

რეკომენდაცია №3:

ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს საქონლის ფუნქციონალურ-ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებას და ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს ისეთ დიაპაზონში, რომელიც შემსყიდველის საჭიროებებს დააკმაყოფილებს. აღნიშნული პროცესის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების დასკვნები (შეფასებები), რათა გაიზარდოს ბაზარზე არსებული ეკონომიკური ოპერატორების შესყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

რეკომენდაცია №4:

შესყიდვის პროცედურებში თანაბარზომიერი და პროპორციული მიდგომების ჩამოყალიბების მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრეტენდენტთა მიმართ ტექნიკური და ფინანსური ხასიათის მოთხოვნების შემუშავებას დეტალური ანალიზის, მათ შორის, ბაზრის კვლევის პროცედურებიდან მიღებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციების საფუძველზე. აღნიშნულმა საშუალება უნდა მისცეს კვალიფიციურ პრეტენდენტებს, მონაწილეობა მიიღონ სატენდერო პროცედურებში და დადგენილი მოთხოვნები არ გახდეს კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

რეკომენდაცია №5:

შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ გამჭვირვალე, ერთგვაროვანი მიდგომისა და ფინანსური სახსრების ეკონომიური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით:

  • შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სატენდერო კომისიების ეფექტიან ფუნქციონირებას, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს დაუსაბუთებელი და არამართლზომიერი გადაწყვეტილებების რისკები;
  • შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შემუშავდეს კონტროლის მექანიზმები დაზუსტების შესაძლებლობის სწორად და მართლზომიერად გამოყენებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შესახებ, დამატებითი მტკიცებულებების (დოკუმენტები და განმარტებები) მიღებას.

რეკომენდაცია №6:

ქვეკონტრაქტორის სამუშაოების ეფექტიანი მართვის მიზნით, შექმნან შიდა კონტროლის გარემო და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის შერჩევას და მონიტორინგს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

რეკომენდაცია №7:

გამარტივებული შესყიდვების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად:

  • ამაღლდეს არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა ან/და დაინერგოს ახალი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც აღნიშნული შესყიდვის საშუალების გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემის პროცესში, გაზრდის მისი გამოყენების დასაბუთების ხარისხს;
  • არსებული რესურსის პირობებში შემუშავდეს რისკების შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ნებართვის გაცემის შემდგომ შემსყიდველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ფაქტობრივ გარემოებებსა და თანხმობის გაცემის საფუძვლებს (კრიტერიუმებს) შორის „გადახრების“ იდენტიფიცირებას და შემდგომ რეაგირებას.