სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 10 ივლისი, 2020
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ საქმიანობა 2017-2019 წლების განმავლობაში, ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების მიმართულებით.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შემოსავლები

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასრულად წარმოებული დოკუმენტაცია

პოლიკლინიკის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორმა წარმოება-გამოყენებამ და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო კონტროლის განხორციელებამ გამოიწვია არასათანადო/არამართლზომიერი ხარჯების გაწევა, რის გამოც პოლიკლინიკას მიადგა 84,257 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი (სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოწმების შედეგად გამოვლენილი 80,835 ლარის უკან დასაბრუნებელი საბიუჯეტო სახსრები და დარიცხული ჯარიმები, ასევე მიმდინარე აუდიტით გამოვლენილი 3,422 ლარის, უკან დასაბრუნებელი საბიუჯეტო სახსრები).

შრომის ანაზღაურება

თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ნაკლოვანებები

თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების/გასვლის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი ატარებდა ფორმალურ ხასიათს, ვინაიდან მასში არ იყო დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების/გასვლის კონკრეტული დრო (საათი და წუთი); არ იწარმოებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელი, რომელიც ხელფასის გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიკლინიკის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფდა თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვისა და ყოველდღიური სამუშაოს დროის ზუსტ კონტროლს, რაც ქმნიდა ხელფასების არასწორად (უსაფუძვლოდ) გაანგარიშების/გაცემის რისკებს.

ხელფასების გაანგარიშების/გაცემის ნაკლოვანებები

პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის არასათანადო კონტროლისა და ფინანსურ მენეჯმენტზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, დაფიქსირდა ხელფასების არამართლზომიერად გაანგარიშების/გაცემის შემთხვევები, რის გამოც 2018 წლის განმავლობაში თანამშრომლებზე დაირიცხა და გაიცა 23,830 ლარით ნაკლები ხელფასი.

იძულებითი მოცდენით გამოწვეული ხელფასების განაცემები

პოლიკლინიკის დირექტორის არამართლზომიერი და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე იძულებითი მოცდენის გამო შრომის ანაზღაურების გაცემით, პოლიკლინიკას მიადგა 6,706 ლარის ზიანი.

სხვა ხარჯები

შეუსაბამობები საწვავის ხარჯების აღრიცხვაში

ავტომანქანების გადაადგილების დამადასტურებელი აღრიცხვის ჟურნალის არარსებობამ და საწვავის ხარჯვის „საგზაო ფურცლების“ ფორმალურმა წარმოებამ (რაც დასტურდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ქ. თბილისში ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ჩასხმის ფაქტებით მაშინ, როდესაც ამ პერიოდებში ქ. თბილისის მიმართულებით არც მივლინებებით და არც საწვავის ხარჯვის „საგზაო ფურცლებით“ ავტომანქანის გადაადგილება არ ფიქსირდებოდა) წარმოქმნა 1,258 ლარის ღირებულების საწვავის არაეფექტიანად და არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მომავალშიც შესაძლოა შეიქმნას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

ძირითადი აქტივები

ავტომანქანის საბაზრო ღირებულებით აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებები

ფინანსური მენეჯმენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფამ გამოიწვია პოლიკლინიკის კუთვნილი ავტომანქანის საექსპერტო შეფასების შემდეგ ბალანსზე არასამართლიანი ღირებულებით აღრიცხვა.

აქტივების ცვეთის დარიცხვაში არსებული შეუსაბამობები

ფინანსური მენეჯმენტის მიერ ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომების გამო, ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირდა ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების არასამართლიანი ასახვა.

არამატერიალური აქტივები

არაეფექტიანად გამოყენებული აქტივი

პოლიკლინიკა ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებდა მატერიალური სახით მაშინ, როდესაც ბალანსზე ერიცხებოდა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს არამატერიალური აქტივის არაეფექტიან გამოყენებაზე.

ფინანსური ანგარიშგება

არასრულად წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება

პოლიკლინიკამ დამფუძნებელს არასრულად და არასწორად წარუდგინა ფინანსური ანგარიშგებები, რადგან ისინი არ შეიცავდა ყველა ფორმას.

სააღრიცხვო მონაცემების შეუსაბამობები

პოლიკლინიკის ხელმძღვანელობისა და ფინანსური მენეჯმენტის მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებამ, კერძოდ, დაინტერესებული პირებისა და მომხმარებლებისათვის არასწორი/არასრული ფინანსური ინფორმაციის მიწოდებამ, ასევე დამფუძნებლის მხრიდან არასათანადოდ განხორციელებულმა კონტროლის ღონისძიებებმა და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა 62,320 ლარის არამართლზომიერი ხარჯვის რისკები.

სახელმწიფო შესყიდვები

შეუთანხმებლად გაფორმებული ხელშეკრულებები

პოლიკლინიკამ უგულებელყო დადგენილი წესი და სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გაფორმებული 68,224 ლარის ღირებულების 97 ხელშეკრულება არ შეათანხმა დამფუძნებელთან, რაც მიუთითებს დამფუძნებლის მიერ კონტროლის მექანიზმების სისუსტესა და პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან თანხების არარაციონალურად გამოყენების რისკებზე.

შეუსაბამო შესყიდვის საშუალების გამოყენება

მოქმედი წესის შესაბამისად, პოლიკლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე დროულად არ ატვირთა გამარტივებული წესით გაფორმებული 21,510 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, ამასთანავე, შეუსაბამო შესყიდვის (გამარტივებული შესყიდვა) გამოყენებით, მომწოდებლებისგან შეიძინა 28,462 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც შეიქმნა ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკები.

რეკომენდაცია N1:

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიკლინიკამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის სწორად შედგენას/წარდგენას და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას, ამასთანავე, განხორციელდეს აუდიტის შედეგად გამოვლენილი ზედმეტად მიღებული 3,422 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება.

რეკომენდაცია N2:

პოლიკლინიკამ მოახდინოს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და ისეთი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას. დამტკიცდეს ხელფასის გაანგარიშების კალკულაციის ნორმები და შემუშავდეს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხელფასების გაანგარიშებას დამტკიცებული კალკულაციის ნორმების შესაბამისად. ხელფასების არასწორად დარიცხვის გამო, განხილულ იქნეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს თანამშრომლებზე აუნაზღაურებელი ხელფასების გაცემა და დაზუსტდეს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.

რეკომენდაცია N3:

პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებითაც აღმოიფხვრება ავტომანქანის გამოყენებისას არსებული რისკები და უზრუნველყოფილი იქნება საწვავის ეფექტიანად/მიზნობრივად ხარჯვა.

რეკომენდაცია N4:

პოლიკლინიკის ფინანსურმა მენეჯმენტმა მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, განახორციელოს ძირითადი აქტივების ბალანსში აღრიცხვისას დაშვებული ხარვეზების გასწორება.

რეკომენდაცია N5:

პოლიკლინიკამ საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, დანერგოს/განაახლოს თავის ბალანსზე რიცხული საბუღალტრო პროგრამა „ორისი“.

რეკომენდაცია N6:

პოლიკლინიკამ, დამფუძნებელთან შეთანხმებით, შეასწოროს ფინანსური მაჩვენებლები და შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და ფინანსური ანგარიშგების სამართლიანად წარდგენას, მოქმედი ნორმატიული აქტების/სტანდარტების შესაბამისად.

რეკომენდაცია N7:

ხელმძღვანელობის მიერ შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმებას დამფუძნებელთან დადგენილი წესით; შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლიან, არადისკრიმინაციულ, თანაბარ მიდგომას და ყველა სავალდებულო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესყიდვის ელექტრონულ პორტალზე დროულად ატვირთვას.