სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 მარტი, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

საიჯარო ურთიერთობის და ე.წ. „საინვესტიციო ვალდებულების“ მართვის ნაკლოვანებები

აკადემიას ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთი თავისუფალი ფართი გაცემული აქვს იჯარით სს „თი ბი სი“ ბანკზე. შესამოწმებელ პერიოდში მოიჯარის მიერ საიჯარო ვალდებულების ანაზღაურება წარმოებდა როგორც ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით, ასევე დამატებით, წელიწადში ფულადი ფორმით ლარებში - 18100 აშშ დოლარის ეკვივალენტის შემოწირულების/გრანტის განხორციელების გზით. შემოწირულების/გრანტის თანხა (შესამოწმებელ პერიოდში - 106.4 ათასი ლარი) ირიცხებოდა არა აკადემიის ანგარიშზე, არამედ მის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდის ანგარიშზე და ხარჯვაც წარმოებდა მის მიერ. ამ ფორმით შემოწირულების/გრანტის სახით მიღებული საჯარო სახსრების ხარჯვა ხასიათდება ნაკლოვანებებით (შეუსაბამობებით), კერძოდ:

  • ხარჯვა ხორციელდება შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გვერდის ავლით, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი წესების და შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე;
  • ამ პირობებში წარმოიშობა სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი და მცირდება პროცესში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ვინაიდან ფონდის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სახსრების მართვის პრინციპები (რაციონალური ხარჯვა, კონკურენციის და საჯაროობის უზრუნველყოფა).

სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაკლოვანებები

  • აკადემიის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან სატენდერო წინადადების შეუსაბამობის შედეგად, გაზრდილია სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, რის შედეგად თანხა ზედმეტადაა ანაზღაურებული;
  • აკადემიის მიერ კონდიციონერების შესყიდვისას გამოცხადებულ ტენდერში, შესყიდვის საგნის აღწერისას გამოყენებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში, მითითებულია არასაჭირო პარამეტრები, რაც ზრდის კონკურენციის შეზღუდვის რისკს და ქმნის ტექნიკური დავალების ერთ კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგების პირობებს.

სამივლინებებო თანხების ანაზღაურების ნაკლოვანებები

ქვეყნის გარეთ მივლინებისას არ ტარდება მივლინებასთან დაკავშირებული მიწვევის პირობების ანალიზი და არ არის გათვალისწინებული კრიტერიუმებთან შესაბამისობა, რის შედეგადაც, სამი მივლინების ფარგლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხამ შეადგინა 2938 ლარი.

შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები

აკადემიას შემუშავებული არ აქვს დამატებითი შრომის ანაზღაურების  სამართლიანი, პროპორციული და გამჭირვალე განაწილების მექანიზმები. ამ სახის რისკებით ხასიათდება ჩინეთის მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სამეცნიერო პროდუქტის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურების გაცემა. 

ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევნები

აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილებაში არსებულ ვაკანსიაზე, აკადემიის ნამდვილი წევრის არჩევის მიზნით აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 9 ოქტომბრის N36 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვადასხვა სახის პროცედურული ხასიათის შეუსაბამობები. არსებული შეუსაბამობების არჩევნების სამართლებრივ შედეგზე გავლენის შეფასება (აკადემიის განყოფილებების, საერთო კრების, პრეზიდიუმის გადაწყვეტილებების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და აკადემიის წესდებით განსაზღვრული ნორმების ბათილად ცნობა) არ შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში და ის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს განსჯადი საკითხია.

სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 

რეკომენდაცია N1:

საჯარო სახსრების ეფექტიანი და რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, ხელმძღვანელობამ განიხილოს და შეაფასოს ფონდის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ხარისხი, ასევე ამ პროცესში ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპების დაცვის მდგომარეობა. შეფასების შედეგების საფუძველზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ა(ა)იპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონდის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

რეკომენდაცია N2:

  • დაზუსტების მექანიზმის და დისკვალიფიკაციის უფლებამოსილების სწორად და მართლზომიერად გამოყენებით, უზრუნველყოფილ იქნას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთა გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისობა;
  • ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს საქონლის ფუნქციონალურ-ტექნიკურ სპეციფიკაციებს. ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს ისეთ დიაპაზონში და იმგვარად, რომ დაკმაყოფილდეს შემსყიდველის საჭიროებები.

რეკომენდაცია N3:

დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მივლინებისას მომწვევი მხარის მიერ ანაზღაურებული ხარჯების იდენტიფიცირებას და აღნიშნულის გათვალისწინებით ანგარიშვალდებულ პირთან საბოლოო ანგარიშსწორებას.

რეკომენდაცია N4:

შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაკვეთის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში მონაწილე თანამშრომლების დამატებითი შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენას და შექმნის მისი სამართლიანი, პროპორციული და გამჭირვალე განაწილების საფუძვლებს.