სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 09 თებერვალი, 2024
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019, 2018

2016 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი − „სამედიცინო პერსონალის გლობალური სტრატეგია 2030“. სტრატეგიის მიხედვით, სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევის ეფექტიანად გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სათანადო უნარების მქონე სამუშაო ძალის შექმნა, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის დღევანდელ და სამომავლო საჭიროებებს.

2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება – ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობისა და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით. სტრატეგიით განსაზღვრული მე-3 მიზანი ითვალისწინებს ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებას, რომელიც გულისხმობს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
• ადამიანური რესურსების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის გაუმჯობესება;
• ადამიანური რესურსების პროფესიული კვალიფიკაციის გაძლიერების ხელშეწყობა;
• ჯანდაცვის სისტემაში ექთნების კომპეტენციების, აღიარებისა და როლის გაზრდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სამედიცინო პერსონალის სათანადო კვალიფიკაციისა და საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად დანერგილი მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები:
•    სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა
•    დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება
•    უწყვეტი სამედიცინო განათლება
•    სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება
•    დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია

აუდიტის ძირითადი მიგნებებია:

სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა 

არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას:
• 2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა (58%) კონცენტრირებული იყო თბილისში;
• ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში; 
• მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია;
• 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია. ამასთანავე, 2019 წლის საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი საკადრო პოლიტიკის აქტივობები, რომლებიც 2021-2022 წლებისთვის უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა;
• სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით დაფინანსებული სპეციალობის მაძიებლების 8 შემთხვევაში (35%), ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელია. ამასთანავე, სამინისტროს მათთვის დამატებითი სანქციები არ დაუკისრებია;
• დიპლომისშემდგომი სამედიცინო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის ნათლად შემუშავებული საექიმო სპეციალობის პრიორიტეტულად განსაზღვრის მექანიზმი.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება 

სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები შეიცავს რიგ ნაკლოვანებებს:
• საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას;
• საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები;
• საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის,5 გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
• გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის;
• 2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია.

სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება

სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის. ამის მიუხედავად, არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს:
• უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის;
• ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უსგ-ის პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში. 2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უსგ-ში მონაწილეობა მიიღო 43%-მა;
• პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან, საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ, 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა;
• დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1,601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა (26%). 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთანავე, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად;
• უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი;
• 2018-2021 წლებში უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11,192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაიარა 2-ჯერ და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა;
• 2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან − 90 (14%)-ზე.

სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება და დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია

განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაცია სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია, ასევე აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და სანდოობასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები, რამაც გამოიწვია შემდეგი:
• სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი საინფორმაციო სისტემა სრულად და ზუსტად არ ასახავს პროფესიულად აქტიური ექიმის შესახებ ინფორმაციას.
• უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის შესახებ მონაცემები არასრულადაა ასახული, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიცავს
უზუსტობებს;
• სამინისტროს სისტემაში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა იმ ექიმების შესახებ, რომელთაც გაიარეს ან/და ესაჭიროებათ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის გავლა;
• რეგულირების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დიპლომისშემდგომი სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ათვისებული კვოტების შესახებ. კვოტების მინიჭება ხდება სამი წლის ვადით და არ მიმდინარეობს მიღებული სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვება;
• განათლების სამინისტროს დაბალი ჩართულობა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიების შექმნის პროცესში.
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია №1: 

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ექიმ-სპეციალისტების დეფიციტის თანმიმდევრულად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით შემუშავდეს:
• პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის კრიტერიუმი;
• დეფიციტური სპეციალობების განსაზღვრისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები;
• პროგრამის შესრულების შეფასების გაზომვადი და შედეგზე ორიენტირებული, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი ინდიკატორები;
• პროგრამის შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები.

სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

რეკომენდაცია №2: 

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ეფექტიანი ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი − სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები და მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოს 

რეკომენდაცია №3:

ქვეყანაში სათანადო კომპეტენციის ექიმი-სპეციალისტების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდეს კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული:
• დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის მოპოვების მექანიზმი, რომელიც შეაფასებს გამოსაცდელის ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
• სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტების შექმნის, განახლებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი.

რეკომენდაცია №4:

უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ეფექტიანი ფორმირებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების მიზნით:
• დაინერგოს სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) მექანიზმები თითოეული სპეციალობის მიხედვით, პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის გათვალისწინებით;
• შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სავალდებულო უსგ-ის პროგრამის კრედიტქულების დაგროვების ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმები;
• შემუშავდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია №5:

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით შემუშავდეს სანდო და სრული ინფორმაციის შეგროვების შემდეგი მექანიზმები:
• არსებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემების წარმოება და გონივრულ ვადაში განახლება;
• განათლების ყველა საფეხურის მიხედვით, პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ მონაცემების მოპოვება;
• განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის მის სისტემაში არსებული პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

რეკომენდაცია №6:

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სათანადო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებმა შეიმუშაონ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:
• მისაღწევი შედეგების მიხედვით ანგარიშვალდებულების განსაზღვრას;
• მოცემული მიმართულებით თავსებადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას;
• შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის განსაზღვრას.