საგზაო შემთხვევების სიხშირიდან და უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება ეროვნულ პრიორიტეტად არის აღიარებული, რაც დეკლარირებულია „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში“.
საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად გაიცა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მდგომარეობის შესწავლა კვლავ აქტუალურია, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობა და მისი შედეგები საქართველოში კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია.
წინა აუდიტის შედეგად მთავარ პრობლემად გამოვლინდა მზარდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე შსს-ს მხრიდან სამართლებრივ რეაგირებაში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ამასთანავე, გამოუვლენელი რჩებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი; დაბალი იყო სამართალდამრღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების ამოღების მაჩვენებელი.
შემდგომი რეაგირების აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა, რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა 2018 წლის შემდეგ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით. აუდიტის მიერ შეფასებულ იქნა წინა აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა შსს-ს სისტემაში.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სამართალდარღვევების გამოვლენის პროცესის ნაკლოვანებები
- წინა აუდიტის შემდგომ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა. 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 873,144 შემთხვევა შეადგინა. აღნიშნული გარემოება ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, სიჩქარის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. არასაკმარისია სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის თვალსაზრისით გაწეული საქმიანობა, რის გამოც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მიიღწევა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაცია − პოლიციის არასტაციონარული, პორტატული სიჩქარის მზომი რადარებით აღჭურვისა და რადარების ინტენსიური გამოყენების შესახებ სრულყოფილად არ შესრულებულა.
- სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა დარღვევად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აფიქსირებს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების მიერ, მათთვის დადგენილი სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებას, რასაც ხშირად თან ახლავს ლეტალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, სექციური რადარების შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით დაპროგრამებამდე, ეფექტიანი იქნება სიჩქარის მზომი, პორტატული რადარების ინტენსიური გამოყენება.
- სსიპ − 112 საკუთარი ძალებით ახორციელებს დაზიანებული ვიდეოკამერების აღდგენით სამუშაოებს, თუმცა უწყებას არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში დეტექციის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვერ იქნეს აღმოჩენილი კონკრეტული ვიდეოკამერების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი და შესაბამისად, მისი ხელმეორედ ექსპლუატაციაში გაშვების პერიოდი გახანგრძლივდეს. აუდიტის მიმდინარეობისას, საშუალოდ, სიჩქარის კონტროლის სექციების 17.3% არ ფუნქციონირებდა, თუმცა მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი სისტემა რა პერიოდში გაითიშა და რა ხნის მანძილზე იყო უმოქმედო, ვერ წარმოგვიდგინეს (იხ. ქვეთავი 1.5 − აუდიტის შეზღუდვები). აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სამართალდარღვევების გამოვლენის ეფექტიანობაზე.
- უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, რადგან პატრულირება ძირითადად ორიენტირებულია ამკრძალავი ნიშნების − „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობაზე. შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მოქმედების ზონები, სამუშაო დრო. ამასთანავე, ეკიპაჟს არ გააჩნია სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, ხოლო არსებული ტექნიკური ბაზა ვერ უზრუნველყოფს, უტყუარად დაფიქსირდეს სამართალდარღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში.
- სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ კონტროლდება ვიდეოკამერების მეშვეობით, ხოლო სიჩქარის მზომი არასტაციონარული რადარები უბნის ინსპექტორებს არ გააჩნიათ, რის გამოც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე, არ ხორციელდება სიჩქარის გადაჭარბების კონტროლი.
- უბნის ინსპექტორების გართულებული სამუშაო რეჟიმი, სამოქმედო ტერიტორიის მასშტაბი, კადრების სიმცირე და ფუნქციური დატვირთვა მკვეთრად ამცირებს მათი საქმიანობის ეფექტიანობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების თვალსაზრისით. მაგალითად, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უბნის ინსპექტორების მიერ, 2018-2020 წლებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შეადგენს 7096 ერთეულს, რაც შსს-ს მიერ შიდა ქართლში ჯამურად გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 1.2%-ია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები უფრო მეტად სრულდება მძიმე შედეგებით, ვიდრე საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირებული შემთხვევები.
- არსებული მდგომარეობით არ არის შესრულებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის კომისიის შეთანხმების (AETR) მოთხოვნები, რომელსაც ქვეყანა 2011 წელს შეუერთდა. შსს-ს მიერ არ ხორციელდება გზებზე საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების კონტროლი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეებს საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის. აღნიშნულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელ უწყებად შსს-სთან ერთად განსაზღვრული იყო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც ვერ უზრუნველყო ტაქოგრაფის წამკითხველების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა.
- ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხშირად ხდებოდნენ ქვეითად მოსიარულეები, მათი დაჯარიმების მაჩვენებელი არასაკმარისია (2020 წელს მხოლოდ 15,521 ქვეითად მოსიარულეა დაჯარიმებული), ხოლო ქვეითი პატრულის საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით ნაკლებ პროდუქტიულია და ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა ადეკვატურ გამოვლენას.
- 2019-2021 წლებში რეგისტრირებული 7686 ავტოსაგზაო შემთხვევიდან, გამოძიების კონკრეტული შედეგი დადგა მხოლოდ 1137 შემთხვევაში (15%), რაც ამცირებს შსს-ს მიერ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით გაწეული საქმიანობის ეფექტიანობას. პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება ტექნიკური საშუალებების უფრო ინტენსიურად გამოყენებაზე. წინა აუდიტის დროს გაცემული რეკომენდაცია სამგზავრო ტრანსპორტში ვიდეორეგისტრატორების სავალდებულო დამონტაჟების შესაძლებლობის განხილვის შესახებ - არ შესრულებულა. შესაბამისად, ეფექტიანი ღონისძიებები, რათა გაზრდილიყო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგიანი გამოძიების რაოდენობა, არ არის გატარებული.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სანქციების დაკისრების ნაკლოვანებები
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლი, ვერ უზრუნველყოფს სისტემატურად დამრღვევებისათვის ადეკვატური სახდელის დაკისრებას. ასეთია მაგალითად, კოდექსის 116-ე და 121-ე მუხლები, რომლებიც ადგენენ სახდელის ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება.
2021 წელს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს აქტიური ჩართულობით, შეიტანა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლში და გაამკაცრა შესაბამისი სახდელები, თუმცა სრულყოფილად არ შესრულებულა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია. კერძოდ, 2021 წელს შეტანილი ცვლილებით, ჯარიმების ოდენობა და მართვის უფლების ჩამორთმევის ან ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები გაიზარდა, თუმცა აღნიშნული მუხლების სისტემატურად დამრღვევების მიმართ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც ზემოაღნიშნული დარღვევების გამო მართვის უფლების შეჩერების, დიდი ოდენობით გადაუხდელი ჯარიმების, თუ უკვე გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობის პირობებში, სისტემატურად მართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქმედი ადმინისტრაციული სასჯელების ეფექტიანობას.
- სისტემატური ხასიათი აქვს შეჩერებული მართვის უფლების აღდგენას ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ, რაც ასევე ამცირებს მოქმედი ადმინისტრაციული სახდელების ეფექტიანობას.
- არ არსებობს დადგენილი წერილობითი კრიტერიუმი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ უნდა დაიწეროს ჯარიმა, რა სახის ინფორმაცია და სად უნდა გაიგზავნოს სამართალდამცავი (არა ოპერატიული) სტრუქტურების, სამთავრობო, დიპლომატიური და სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს სასჯელისგან თავის არიდების რისკებს.
- აუდიტის პერიოდში არ ხორციელდებოდა ვიდეოჯარიმების გამოწერა და სანქციების შეფარდება ქართული არასტანდარტული ნომრებით მოძრავ და უცხო ქვეყნის სანომრენიშნიან (მათ შორის, ტრანზიტულ ნომრიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
გამოვლენილი სამართალდარღვევების რეაგირებს გარეშე დატოვება გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობაზე და იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს.
- საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზოგიერთ შემთხვევაში არასრულად ხდება სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვა. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ჯარიმების გამოყენების ეფექტიანობაზე.
ჯარიმების ამოღების ღონისძიებების ნაკლოვანებები
პრობლემური ვიდეოჯარიმების ჩაბარების მიზნით, ქმედითი ღონისძიებები არ ხორციელდება.
კერძოდ:
- არ გატარებულა ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების საკონტაქტო ინფორმაციის არსებული არასრული ბაზის განსაახლებლად, ჯარიმასთან დაკავშირებული ინფორმაციის sms შეტყობინებებით გაგზავნის უზრუნველსაყოფად;
- არ ხდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების ჩართვა პრობლემური ჯარიმების ჩაბარების მიზნით;
- არ ხორციელდება საფოსტო მომსახურების გამწევ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების მონიტორინგი. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არ აკონტროლებენ, ნამდვილად ეგზავნება თუ არა sms შეტყობინება იმ პირებს, რომლებსაც უგროვდებათ გადაუხდელი ვიდეოჯარიმები, რაც დიდი ალბათობით იწვევს იმ გარემოებას, რომ ზოგჯერ ბაზაში ჩაბარებულის სტატუსით დაფიქსირებული ჯარიმის შესახებ არ იცის დამრღვევმა და მას დაეკისრება სანქციები.
აღნიშნული, თავის მხრივ, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებიდან.
კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები და შეუსაბამობები
- ვიდეოჯარიმებზე ქულების კლების სისტემა არ ვრცელდება და ვინაიდან სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები ძირითადად ვიდეოკამერებით გამოვლინდება, პრაქტიკულად აღნიშნული სახის დარღვევაზე მძღოლებს ქულები არ აკლდებათ, რაც ამცირებს ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის ჯარიმა აისახება მძღოლის ქულებზე და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. ამასთანავე, სიჩქარის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომა ჯარიმების გარკვეული კატეგორიის მძღოლებისათვის ვერ ასრულებს შემაკავებელ ფუნქციას, რაც ასევე ამცირებს ვიდეოჯარიმების ეფექტიანობას.
- ასკ-ის 125-ე მუხლის მე-8 და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევის გამო („გაჩერება აკრძალულია“, „დგომა აკრძალულია“) დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, კოდექსი განსხვავებულ საურავს ითვალისწინებს იმის მიხედვით, რომელი უწყების − შსს-ს თუ მუნიციპალიტეტის მიერ არის ჯარიმა დაკისრებული, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს სხვადასხვა დამრღვევს და სამართლებრივად არამიზანშეწონილი საკითხია.
- მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა შეიძლება გასაჩივრდეს, ხოლო დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციულ სახდელს. საჩივრის განმხილველი ორგანო ხშირად უცვლელად ტოვებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, თუმცა კვლავ დღის წესრიგში დგება აღნიშნული დადგენილების ჩაბარების საკითხი, რადგან მისი აღსრულება უნდა მოხდეს დამრღვევისთვის მისი გაცნობის (ჩაბარების) შემდეგ. შსს-ში იზრდება ჩაუბარებელი დადგენილებების რაოდენობა, რადგან საჩივრების შემტანთა ნაწილი თავს არიდებს დადგენილების ჩაბარებას და, შესაბამისად, არ იხდის დაკისრებულ სახდელს.
აღნიშნული ამცირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შსს-ს მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობას. აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად შსს-ს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილების პროექტი.