ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რაც სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბებული რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს შორის თანხების გადანაწილების კრიტერიუმები მიმართული იყოს მუნიციპალიტეტებს შორის არსებული უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობისაკენ.
თუმცა, არსებული კრიტერიუმები (მოსახლეობის რაოდენობა და წინა წლის ათვისების მაჩვენებელი), უთანასწორობის შემცირებას ვერ უზრუნველყოფს. აღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების თანასწორ განვითარებას და რეგიონული განვითარების სტრატეგიით გათვალიწინებული მიზნების მიღწევას.
თავის მხრივ, გაუმჯობესების პოტენციალი არსებობს პროექტების განხორციელების ეტაპზეც. კერძოდ, გამართული მონიტორინგის სისტემის არსებობა ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და გამოსწორების წინაპირობაა, ხოლო პროექტების დასრულების შემდგომი შეფასების დანერგვა ხელს შეუწყობს დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას შემდგომ პერიოდში პროექტების დაგეგმვისას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს პროექტის განხორციელების პროცესს, ხარისხსა და მიღწეულ შედეგებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს შორის თანხების განაწილების არსებული კრიტერიუმების დახვეწით, პროექტების მონიტორინგის პერიოდულობისა და ანგარიშგების პროცესის დადგენით და დასრულებული პროექტების შეფასების სისტემის დანერგვით, შესაძლებელია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში სამთავრობო კომისიის მიერ შერჩეული პროექტების მართვის გაუმჯობესება.
რეკომენდაციები
საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს:
მუნიციპალიტეტების თანასწორი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობასა და წინა წლის ათვისების მაჩვენებელთან ერთად გაითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს.
საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს:
იმ მიზნით, რომ მუნიციპალიტეტებმა დროულად შეძლონ პროექტების მიმდინარეობისას დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება, აღმოფხვრა, სამუშაოების მიმდინარეობის გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და მონიტორინგის შედეგების დადოკუმენტირება, სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს სარეკომენდაციო სახით განუსაზღვროს მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და შეუმუშაოს მონიტორინგის შედეგების წარმოდგენის ერთიანი ფორმა პროექტის ტიპის გათვალისწინებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:
წინა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების სამომავლოდ გათვალისწინებისა და თავიდან არიდების მიზნით, სამინისტრომ:
- მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს პროექტების დასრულების შემდგომ შეფასების ანგარიშის ფორმის შემუშავება (რომლის მიხედვით ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტი) და მოახდინოს აღნიშნული ანგარიშების ანალიზი;
- მოახდინოს ანალიზის შედეგად პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში არსებული სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და შედეგების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.