სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები. ჯამში 48,002.7 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
• მუნიციპალიტეტის მიერ არასათანადოდაა დაგეგმილი ბიუჯეტი, მასში არ არის ასახული გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ხარჯვა. არ არის დასრულებული დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტს მუდმივად ერიცხება მნიშვნელოვანი თავისუფალი ნაშთი. შედეგად, მოსახლეობას დროულად ვერ მიეწოდება შესაბამისი სერვისები და სიკეთე
• მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დაგეგმვისას მუნიციპალიტეტი არ ითვალისწინებდა ყველა შესასრულებელ სამუშაოს. ახალი სამუშაოების შესყიდვის მიზნით დაუსაბუთებლად, სისტემატურად ზრდიდა სახელშეკრულებო ღირებულებას 10%-ის ფარგლებში. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაკონკურენტულ გარემოში შეისყიდა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები და არ გამოიყენა ფინანსური რესურსის რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობა
• კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პროექტების შესყიდვისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომელიც მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა. შედეგად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარჯთაღრიცხვებში შევიდა არსებითი ცვლილებები, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება და მუნიციპალიტეტმა გასწია დამატებითი ხარჯი
• ქალაქ მცხეთის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ყველა ეტაპზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები: სატენდერო კომისიამ ვერ გამოავლინა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში არსებული მრავალი უზუსტობა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გასწია ზედმეტი ხარჯი; სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის არ დააჯარიმა მიმწოდებელი; საპროექტო დოკუმენტაციაში შევიდა არსებითი ცვლილებები და დაემატა ახალი სამუშაოები, რომელთა შესყიდვა განხორციელდა არაკონკურენტულ გარემოში, ელექტრონული შესყიდვის გარეშე; მუნიციპალიტეტმა დაუკვეთა და შეიძინა კომპლექსის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, რომელიც ვერ გამოიყენა და გასწია არაეფექტიანი ხარჯი
• ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, მუნიციპალიტეტმა არ დააჯარიმა მიმწოდებელი. მხარეთა შეთანხმებით მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება: შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოები, არასწორად გაიზარდა მასალებისა და სამუშაოების ღირებულება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გასწია დიდი ოდენობით ზედმეტი ხარჯი
• ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების გამო, რამდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. შედეგად, მოსახლეობამ გრძელვადიან პერიოდში ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი
• მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, რამდენიმე შემთხვევაში პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არაერთგვაროვანი მიდგომა. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს
• ქონების მართვასა და კონტროლში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ქონების არაეფექტიანად განკარგვა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა შემოსავლები
• მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული შპს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია; სასმელი წყალი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდებოდა გრაფიკით; წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს; არ ხდებოდა მოხმარებული წყლის გადასახადის ამოღება, რაც აუარესებდა წყალმომარაგებას და ზრდიდა მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
• მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე
• მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე
• შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა