სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 15 აპრილი, 2022
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული რეგიონული განვითარების ასოციაციების საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019, 2018, 2017, 2016

ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონების განვითარება, მათი როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება. მუნიციპალიტეტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან რეგიონების არსებული პოტენციალის გამოვლენის, ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიზნით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონებში შექმნილია ერთობლივი ა(ა)იპ-ები, რომელთა საქმიანობასაც მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებენ.

ერთობლივი ა(ა)იპ-ები შექმნილია ტურიზმის ხელშეწყობის ან, ზოგადად, რეგიონალური განვითარების მიზნებისთვის. ორგანიზაციების წესდებების თანახმად, ისინი ხელს უწყობენ ტურიზმის განვითარებას, რეგიონის ტურისტულ ბრენდად ჩამოყალიბებას, შეიმუშავებენ რეგიონის განვითარების პროგრამებს ტერიტორიულ ჭრილში, რაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას, მეწარმეების გაძლიერებისთვის საჭირო ინფორმაციის/სერვისების მიწოდებას და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საქმიანობისა და მართვის პროცესი 2016-2020 წლებში. 

შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

DMO-ების ყოველწლიური სამოქმედო გეგმები

DMO-ების უმრავლესობის მიერ სათანადოდ არ არის შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისი ყოველწლიური დეტალური სამოქმედო გეგმები. მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მხოლოდ ზოგადი სახითაა გაწერილი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ამოცანები, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული სტრატეგიული გეგმით დასახული მიზნები. ასევე დეტალური გეგმა არ ითვალისწინებს ისეთ გაზომვად მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მიზნის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების ჩატარების სიხშირე, თითოეულისათვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობა − გაწერილი შესაბამისი კალენდრით, პარტნიორებთან/დონორ ორგანიზაციებთან/ დამფუძნებლებთან ურთიერთობის ფორმა/ჯერადობა და სხვ. ყოველწლიური სამოქმედო გეგმის სათანადო სახით არარსებობის გამო, ორგანიზაციებს არ გააჩნიათ კონკრეტული სამუშაო პროგრამა თითოეული წლისათვის და ვერ ახორციელებენ საკუთარი საქმიანობის შეფასებას ეკონომიურ და პროდუქტიულ ჭრილში.

DMO-ების მიერ არსებული და ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება 

DMO-ების მიერ არსებული და ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების მიზნით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს მათ გაუმჯობესებას. ორგანიზაციების უმეტესობას მომზადებული არ აქვს არსებული ტურისტული ობიექტების სრულფასოვანი ბაზა. მოპოვებული ინფორმაცია ინახება ა(ა)იპ-ებთან და არ ხორციელდება მისი გაზიარება სათანადო არხების საშუალებით. ამასთანავე, არსებულ და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასოციაციებს არ აქვთ სათანადო სიხშირის კომუნიკაცია ფართო აუდიტორიასთან. მათი თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოურ ტურ-ოპერატორებსა და ტურიზმის სხვა სუბიექტებთან არაეფექტიანია, შემოიფარგლება რამდენიმე ერთობლივი ღონისძიების ჩატარებით. არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

DMO-ების მიერ რეგიონის, როგორც ტურისტული ბრენდის პოპულარიზაცია

DMO-ები ციფრული მარკეტინგის განვითარების კუთხით ახორციელებენ გარკვეული სახის ღონისძიებებს, თუმცა მათ მიერ ინტერნეტ-სივრცის, როგორც რეგიონის პოპულარიზების ერთ-ერთი საშუალების, გამოყენება არაეფექტიანია. მათი სოციალური მედიის არხები მხოლოდ ნაწილობრივ ერგება უცხოელ ტურისტთა საჭიროებებს, ორგანიზაციების ვებგვერდების უმრავლესობა გაუმართავია − არ შეიცავს სრულ და საკმარის ინფორმაციას რეგიონის ტურისტული ობიექტების, ღირსშესანიშნაობების, ისტორიის, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, გამოქვეყნებული მონაცემები არ ახლდება სისტემატურად და ნაკლებად არის ხელმისაწვდომი უცხოენოვანი მომხმარებლისათვის. ვებგვერდების გარდა დაბალია ორგანიზაციების აქტივობა სოციალურ ქსელებშიც. მათ არ გააჩნიათ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პრაქტიკა, შესაბამისად, არ კეთდება სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობების ანალიზი. გარდა ამისა, DMO-ები პროდუქტებისა და რეგიონის ფართო წრეებისთვის გასაცნობად არ იყენებენ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებს.

DMO−ების დამფუძნებლების ჩართულობა მათ საქმიანობასა და მიღებული შედეგების შეფასების პროცესში

დამფუძნებელი მუნიციპალიტეტების ჩართულობა DMO-ების საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია. მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია წლის განმავლობაში მყარდება არაუმეტეს ერთხელ ან ორჯერ, თანაც აღნიშნულს არ გააჩნია სისტემატური ხასიათი და უმეტესად წლიური გეგმის დამტკიცების ან საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას ინფორმაციის ზეპირი ურთიერთგაცვლით გამოიხატება. უმეტეს შემთხვევაში ა(ა)იპ−ებს არ მიუმართავთ მუნიციპალიტეტებისათვის სხვადასხვა საჭიროების შესახებ. მუნიციპალიტეტებს არ გაუციათ კონკრეტული წერილობითი დავალებები. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტების სამსახურების/ა(ა)იპ−ებისა და DMO-ების ერთობლივი კოორდინირებული საქმიანობა. მუნიციპალიტეტები რეგულარულად არ ატარებენ ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგს და არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. DMO-ების მიერ მომზადებული საქმიანობის ანგარიშები არ ასახავს სტრატეგიული დოკუმენტითა და დეტალური გეგმით დასახული მიზნების შესრულების მდგომარეობას, დასახული ამოცანების შესრულების მაჩვენებლებს. ამდენად, მუნიციპალიტეტების მხრიდან არ არის დაწესებული შესაბამისი კონტროლი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ა(ა)იპ-ების განვითარებასა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

რეგიონული განვითარების სააგენტოების როლი/ფუნქციები და საქმიანობის დაგეგმვა

რეგიონული განვითარების სააგენტოების წესდებების შესწავლით დადგინდა, რომ მათი ფუნქცია-მოვალეობები ხშირ შემთხვევაში დუბლირებულია მუნიციპალიტეტების მერიების ან სხვა სახელმწიფო სამსახურების ფუნქციებთან. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ გაიმიჯნა სააგენტოების ფუნქცია-მოვალეობები სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ფუნქციებისგან ან რა დამატებითი ღონისძიებები უნდა განეხორციელებინათ სააგენტოებს. დამფუძნებელმა მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთება თუ რა კვლევები უძღოდა წინ სააგენტოების დაფუძნებას ან რა უპირატესობა აქვს სააგენტოს სხვა ანალოგიური ფუნქციების მქონე ორგანოებთან შედარებით.

ორგანიზაციებს შედგენილი არ აქვთ სტრატეგიული და დეტალური გეგმები წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად, შესაბამისად, მათი საქმიანობა არ ეფუძნება ანალიზისა და წინასწარი გათვლების შედეგად შედგენილ დაგეგმვის დოკუმენტაციას, რომლითაც იხელმძღვანელებდა ორგანიზაცია. სააგენტოებს არ აქვთ დასახული კონკრეტული ამოცანები და წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები. ამასთან, სააგენტოები და მათი დამფუძნებლები არ აფასებენ საქმიანობის პროგრესს და არ გეგმავენ ღონისძიებებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.

რეგიონული განვითარების სააგენტოების საქმიანობა

რეგიონული განვითარების სააგენტოები არასათანადოდ ახორციელებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს. შესწავლილი არ არის რეგიონების ბიზნესგარემო, შემუშავებული არ არის ეკონომიკური განვითარების პროგრამები, რეგიონის განვითარების სტრატეგიები, საკმარისი ღონისძიებები არ არის ჩატარებული მეწარმეთა დახმარებისთვის. მათი მხარდაჭერა უმეტესად გამოიხატებოდა ზეპირი კონსულტაციების გაწევით და ამ შემთხვევაშიც, ძირითადად, დახმარება ეხებოდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას, რომლებსაც თავისი განმახორციელებლები ჰყავს. შეფასებული არ არის რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობები, მომზადებული არ არის საინვეტიციო პოტენციალის მქონე ობიექტებისა და ინვესტორების ბაზა, სააგენტოები არასათანადოდ არიან ჩართული ინვესტირების პროცესში. შედეგად, მათ ქმედითი ღონისძიებები არ აქვთ გატარებული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ორგანიზაციები აქტიურად არ თანამშრომლობდნენ იდენტური ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა მათთან კოორდინაციით შესძლებოდათ დაგეგმილი პროექტების მაქსიმალურად ეფექტიანი განხორციელება.

რეგიონული განვითარების სააგენტოების მიერ ინფორმაციის გავრცელების საშუალებების გამოყენება რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის

რეგიონული განვითარების სააგენტოები არასათანადოდ ოპერირებენ ინტერნეტ-სივრცეში. მათ არ აქვთ/არასათანადოდ აქვთ ათვისებული ციფრული მარკეტინგის საშუალებები. ვებგვერდები და სოციალური ქსელები ფუნქციონირებს ხარვეზებით. მათზე არ არის განთავსებული ყველა საჭირო ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში არ ახლდება ინფორმაცია. საიტები არ არის ადაპტირებული უცხოელ სამიზნე აუდიტორიაზე, შესაბამისად, ფარავენ მომხმარებლების მცირე კონტიგენტს. აღნიშნული ხარვეზები ხელს უშლის ინფორმაციის დროულ გავრცელებასა და შესაბამისი აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ინტერნეტ-შესაძლებლობების გამოუყენებლობის გამო სააგენტოები ხელს ვერ უწყობენ რეგიონის პოპულარიზაციას, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებასა და საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას სააგენტოების მიზნებისა და ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

რეგიონული განვითარების სააგენტოების დამფუძნებლების ჩართულობა მათ საქმიანობასა და მიღებული შედეგების შეფასების პროცესში 

ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და რეგიონული განვითარების სააგენტოს შორის წერილობითი კომუნიკაცია არ დასტურდება, ხოლო ზოგ შემთხვევაში განხორციელებულ კომუნიკაციას არ აქვს სისტემატური ხასიათი. მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზაციებზე დავალებები პრაქტიკულად არ არის გაცემული. რამდენიმე მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას მათ მიერ დაფუძნებული სააგენტოს საქმიანობის შესახებ, ხოლო სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტები არ აანალიზებენ და არ აფასებენ სააგენტოების მიერ განხორციელებული საქმიანობა რამდენად სრული და ადეკვატურია მათ მიზნებთან მიმართებით. შედეგად, მუნიციპალიტეტების, როგორც პარტნიორისა და ზედამხედველის ჩართულობა სააგენტოების საქმიანობაში არასაკმარისი და არასათანადოა.
 

რეკომენდაცია N1:

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებს

ორგანიზაციებმა ყოველწლიური დეტალური სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ, სტრატეგიული გეგმის მიზნების შესაბამისად. უპირველეს ყოვლისა, ნათლად და მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა საჭირო პრიორიტეტების მიხედვით. დეტალური გეგმით დააზუსტონ ინფორმაცია განსახორციელებელი ღონისძიებების ჯერადობის, ჩატარების პერიოდულობის, დაგეგმილი ბიუჯეტის, საჭირო რესურსების, მოსალოდნელი შუალედური და საბოლოო შედეგების, პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმის/სიხშირის შესახებ და სხვ.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს წლიურ საქმიანობაში წინასწარგანსაზღვრული გეგმის შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიების თანმიმდევრულად განხორციელებასა და შეფასებაში, ხელისშემშლელი ფაქტორების დროულად გამოვლენასა და, საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირებაში. 

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს

მუნიციპალიტეტებმა განახორციელონ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წინასწარი განხილვა და შეფასება − ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები რამდენად სრულად, ნათლად და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული და მათი საშუალებით რამდენად შესაძლებელია სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევა. დაამტკიცონ ისეთი სამოქმედო დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული დასახული მიზნების მიღწევის გზები და იდენტიფიცირებული იქნება მისაღწევი შედეგი.

რეკომენდაცია N2: 

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებს

ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესო და სრულფასოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად, სასურველია, DMO-ებმა მოამზადონ რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ სრულყოფილი ბაზა და თითოეული ობიექტისთვის შექმნან ერთგვარი საინფორმაციო ბარათი (ზოგადი ინფორმაცია ძეგლზე, ტრანსპორტირება, სამუშაო საათები, შესვლის ღირებულება, გიდის შესახებ ინფორმაცია, მისასვლელი გზის მდგომარეობა, ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორება, საკონტაქტო ინფორმაცია და/ან სხვა მონაცემები, საჭიროებიდან გამომდინარე). DMO-ებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ბაზის ხშირი განახლება და მისი ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

DMO-ებმა შეიმუშაონ ტურიზმის სექტორში ჩართულ ადგილობრივ და უცხოელ სუბიექტებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი აღნიშნული ურთიერთობის ფორმა, სიხშირე და მოსალოდნელი შედეგები. აღნიშნული ხელს შეუწყობს მათი კავშირების გაღრმავებას, კოორდინირებულ მუშაობასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

რეკომენდაცია N3: 

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებს

ორგანიზაციებმა ციფრული მარკეტინგის განვითარების კუთხით, ტურისტების მოზიდვისა და ინფორმირებისთვის აქტიურად გამოიყენონ ვებგვერდები და სოციალური ქსელები. გვერდებზე მოცემული უნდა იყოს სრულყოფილი მასალები, რომლებიც ტურისტს უზრუნველყოფს რეგიონის შესახებ სათანადო ინფორმაციით და დაეხმარება ტურის დეტალურად დაგეგმვაში.

მნიშვნელოვანია, ვებგვერდები ითვალისწინებდეს მინიმუმ ერთი უცხო ენის არჩევის შესაძლებლობას, ვებგვერდზე/სოციალურ ქსელში განთავსებული ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს უცხოენოვანი მომხმარებლებისათვის. სასურველია, საიტები იძლეოდეს გამოკითხვისა და ტურისტთან უკუკავშირის შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს DMO-ს მიმდინარე რეჟიმში გაეცნოს რეგიონში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს. მიზანშეწონილია, DMO-ების ვებგვერდების/სოციალური ქსელების ერთ სისტემაში მოყვანა, მათი ხშირი განახლება-გამართვა. გრძელვადიან პერიოდში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება ხელს შეუწყობს დანიშნულების ადგილის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და ცნობადობის ამაღლებას.

რეკომენდაცია N4: 

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს

DMO-ს საქმიანობის ეფექტიანი მართვისა და კონტროლისათვის მუნიციპალიტეტებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ დაფუძნებულ ორგანიზაციებთან და არ შემოიფარგლონ მხოლოდ წლიური ანგარიშის მოსმენით. ისინი რეგულარულად უნდა ატარებდნენ ა(ა)იპ-ების საქმიანობის მონიტორინგს და ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი /განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია DMO -ებთან კომუნიკაცია ხორციელდებოდეს წერილობით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულს უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვისას უნდა შეაფასონ სტრატეგიული გეგმით დასახული მიზნების მიღწევის/დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა და შეუსრულებლობის მიზეზები. სათანადო კონტროლის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებას და მუნიციპალური ფინანსების ეფექტიან ხარჯვას.

რეკომენდაცია N5:

რეგიონული განვითარების სააგენტოების დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს

დამფუძნებელმა მუნიციპალიტეტებმა, სააგენტოების ფუნქცია-მოვალეობებისა და განხორციელებული საქმიანობის ანალიზის საფუძველზე, იმსჯელონ და შეაფასონ სააგენტოების წესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის მდგომარეობა, გამოიკვლიონ დასახული მიზნების შეუსრულებლობის მიზეზები და დაგეგმონ ღონისძიებები სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ორგანიზაციების რეფორმირების საკითხი; რეგიონული განვითარების სააგენტოების როლის/ფუნქციების ოპტიმალურად განსაზღვრის შემდეგ, სააგენტოებთან ერთად შეიმუშაონ სტრატეგიული და დეტალური გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს წესდებით მათთვის დავალებული მიზნების მიღწევას, რეგულარულად გასცენ მათზე დავალებები, ხელი შეუწყონ სააგენტოებისა და მსგავსი ფუნქციების მქონე სახელმწიფო სტრუქტურების ინტენსიურ, კოორდინირებულ თანამშრომლობას. აღნიშნული უზრუნველყოფს სააგენტოების როლის გაზრდას რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებით.

რეკომენდაცია N6:

რეგიონული განვითარების სააგენტოებს

რეგიონული განვითარების სააგენტოებმა თავიანთ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტ-შესაძლებლობები; რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, აითვისონ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა პლატფორმა; ვებგვერდები და სოციალური ქსელები გახადონ უფრო ინფორმაციული, რეგულარულად განახლებადი, აქტუალური, ინტერაქტიური და ხელმისაწვდომი უცხოენოვანი მომხმარებლებისათვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების სააგენტოებს თავიანთი მიზნებისა და ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად განხორცილებაში.

რეკომენდაცია N7:

რეგიონული განვითარების სააგენტოების დამფუძნებელ მუნიციპალიტეტებს

გაზარდონ რეგიონული განვითარების სააგენტოების საქმიანობაში ჩართულობა, განახორციელონ ინტენსიური კომუნიკაცია მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დანერგონ სათანადო კონტროლისა და ანგარიშგების სისტემა, რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციების საქმიანობის შედეგების შესახებ, იმსჯელონ და განიხილონ, რამდენად უწყობს ხელს სააგენტოების აქტივობები მათი ფუნქცია მოვალეობების ეფექტიანად შესრულებას, შეაფასონ, რამდენად ადეკვატური და საკმარისია სააგენტოების მიერ განხორციელებული საქმიანობები მათ მიზნებთან მიმართებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სააგენტოებისა და მათი დამფუძნებლების აქტიურ თანამშრომლობასა და კოორდინაციას, პროექტების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.