სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 16 აპრილი, 2021
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

საქართველოს მთავრობის ხედვა განათლებასთან მიმართებაში გულისხმობს ისეთი სისტემის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა − სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია. მოცემული მიზნის მისაღწევად, 2015 წელს დაინერგა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსლვის სქემა, რომელსაც მართავს სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი − 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.
  • სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.
  • 2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა. 2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების 1/3-ს. არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო ხუთი წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ ხარჯვას.
  • სქემით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად არ არის შემუშავებული სისტემატიზებული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად გაიწერებოდა კონკრეტული ღონისძიებები, მისაღწევი შედეგები, ვადები და საჭირო რესურსები. არსებული ინდიკატორები სრულად ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულების შეფასებას.
  • საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით და უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, მიეცათ საშუალება მიეღოთ სახელმწიფო ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ. ამ მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ გახარჯა 75.5 მლნ ლარი. ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზემოხსენებულ მასწავლებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად, რაც არსებული მექანიზმების პირობებში ზრდის პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკებს.
  • აუდიტის პერიოდში ცენტრის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროფესიული განვითარების მიზნით მასწავლებელთა მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესრულების შედეგები. მოცემულ პერიოდში მასწავლებლების უმრავლესობა ვერ ასრულებდა სქემით განსაზღვრულ როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი სამუშაოების 40%-ს.

გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს

რეკომენდაცია N1:

მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი.

რეკომენდაცია N2:

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსის პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით:

  • მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრენინგების გასავლელად სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო საათების ფარგლებში, შეფასდეს და შესაბამისად გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარიერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები;
  • განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანამიმდევრულად, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ვადებში მასწავლებელთა სრული კონტინგენტის გადამზადებას.

რეკომენდაცია N3:

სქემით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად:

  • მიზანშეწონილია შემუშავდეს სისტემატიზებული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება მათი მიღწევის კონკრეტული მექანიზმები, საჭირო რესურსები და შესაბამისი შეფასების ინდიკატორები;
  • ცვლილების საფუძველზე ახალი მექანიზმების დანერგვისას, უზრუნველყოფილ იქნეს მათი სქემის მიზნებთან შესაბამისობა.

რეკომენდაცია N4:

სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემაში მხოლოდ იმ კადრების შენარჩუნებას, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

რეკომენდაცია N5:

სამინისტრომ, სისტემაში შემავალ ერთეულებთან კოორდინაციით, შეაფასოს:

  • რამდენად უწყობს ხელს არსებული სქემა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და შედეგად, დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.
  • რამდენად უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებელთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების პროცესს და დანერგოს შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმები.