სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 06 მაისი, 2022
დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში – აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

COVID-19-ის პანდემიამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა: აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანა და დისტანციური ფორმატის შემოღება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფილი იყო საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა.

აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) და აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე, კერძოდ: 

  • ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ; 
  • დისტანციური სწავლების განსახორციელებლად სამინისტრომ ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენა პლატფორმა Microsoft Teams, რომლის ლიცენზიების შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაბალი იყო მოსწავლეების მიერ ბონუს ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი − 42%, ხოლო მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17,5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში იქმნება რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები;
  • 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს; 
  • დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებულ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. ტელესკოლის გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა; 
  • პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონების მიხედვით იმ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარმოება, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, თუმცა პროექტის განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას ტელესკოლის ნახვადობის სტატისტიკის შესახებ სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს; 
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას;  
  • მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა მოსწავლემ; 
  • „ასწავლე საქართველოსთვის“ და „დისტანციური სწავლება“ ემსახურება საერთო მიზანს, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრას, თუმცა განსხვავებულია სწავლების წარმართვის ფორმა. „დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით, 4-ჯერ − 4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და შეუძლია უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიება, რაც გაზრდის მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას, იმ შემთხვევებში, როდესაც რეგიონებში კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია. 

რეკომენდაცია N1:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის, სამინისტრომ უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე, სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი განისაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები. 

რეკომენდაცია N2: 
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 

რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ლიცენზიების შესყიდვა მოხდეს საჭიროების შეფასების საფუძველზე. მასწავლებლების/ადმინისტრაციული პერსონალისა და მოსწავლეების მიხედვით, ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით შემუშავდეს შესყიდული ლიცენზიების გააქტიურების გეგმა/გრაფიკი და შესაბამისად, განხორციელდეს მისი შესრულების უწყვეტი მონიტორინგი. 

რეკომენდაცია N3: 
სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. 

რეკომენდაცია N4: 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 

მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია პროექტ „ტელესკოლის“ აუდიტორიის შესახებ, გაანალიზდეს სტატისტიკური მონაცემები რელევანტური პარამეტრების მიხედვით და შეფასდეს მიზნის მიღწევის მაჩვენებლები. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სრული მოცვა. 

რეკომენდაცია N5: 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. 

რეკომენდაცია N6: 
რეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს

ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის  კოორდინაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში, როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში სათანადო პირობების უზრუნველყოფით, განხორციელდეს დისტანციური სწავლება.