სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
საბიუჯეტო რესურსები
რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 31.7% და 7.3% დააკლდა.
ხელშეკრულების მართვა
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - მუნიციპალიტეტში არსებობს ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები. შედეგად, ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, ხოლო საჯარიმო სანქციების დაბალი მოცულობა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
არაეფექტური ღონისძიებები - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი სერვისების მოსახლეობისთვის სათანადოდ მიწოდებას. შედეგად, ხარვეზებია წყალმომარაგებით უზრუნველყოფაში. მოწყობილია 133.9 ათასი ლარის ღირებულების სოციალური საცხოვრისი, რომელსაც ბენეფიციარები ვერ იყენებენ.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების განკარგვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას. შედეგად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 10% დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ და გამოყენებულია აღურიცხავად. არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენებოდა მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საშუალოდ 50 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
შემოსავლების მართვა
შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია:
- მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის ბოლოსათვის ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი 97.8 ათასი ლარი;
- 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით;
- სადეპოზიტო ანგარიშზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა დროულად არ შეისწავლა საბანკო მომსახურების ბაზარი და ვერ მიიღო მეტი ფინანსური სარგებელი.
შიდა კონტროლის სისტემა
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.