სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:
- მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფლის მასახლეობის წყალმომარაგებას ახორციელებს, მის მიერ დაფუძნებული შპს „მარნეულის სოფწყალის“ მეშვეობით. აღნიშნულ შპს-ს, რიგი სოფლის წყალმომარაგების მიზნით, იჯარით აღებული აქვს სატუმბი სადგური, რომლის საიჯარო ღირებულება წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის და შპს-ს ხელმძღვანელი პირები არ/ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით. შედეგად დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს.
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია შპს „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“, რომლის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გახარჯულია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები შპს-ს საქმიანობის სარგებლიანობის შესახებ, ასევე რა აუცილებელი საჭიროებებით იყო განპირობებული მსგავსი შპს-ს შექმნა. შედეგად, მასზე დიდი ოდენობით გახარჯული საბიუჯეტო სახსრები წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.
- მარნეულის მუნიციპალიტეტს იჯარით, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით, საბაზროზე ნაკლები ღირებულებით გაცემული აქვს სხვადასხვა სახის ობიექტი. ამასთანავე, მოიჯარეების ნაწილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გადაუხდია საიჯარო ქირა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად.
- მუნიციპალიტეტის განუკარგავი ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის, რაზეც მერიას შესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებია. შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტი კარგავს შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
- მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების გამო, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელიც იგივე სამუშაოებს ასრულებდა უფრო მეტი ღირებულებით. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯა არაეკონომიურად.
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მერიამ მანქანების ექსპლუატაციისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები. საგზაო სამუშაოების სრულად შესრულების დადასტურების მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინერტული მასალების ტრანსპორტირების დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სოფლებში შეტანილია ნაკლები ინერტული მასალა, ვიდრე შესრულების აქტებშია დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებისათვის თანხები ანაზღაურებულია სრულად.
- 2017-2018 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან, თანხების გამოყოფა ხდებოდა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე. აღნიშნულ პერიოდში თანხები გახარჯულია 47 ღონისძიებაზე, თუმცა დოკუმენტებში არ არის გამიჯნული სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა, გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული პირთა რაოდენობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას 2017-2018 წლებში არ განუხორციელებია ფიზიკური პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი არ ფლობს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირების სრულ ბაზას, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის განსაზღვრა.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
- 2017-2018 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონალურ განვითარების სააგენტოს“ გრანტის სახით გადაეცა ფინანსური რესურსი. მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა აქტივობები განახორციელა ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტომ“ და შედეგად რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა.