სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 17 იანვარი, 2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 22,941.7 ათასი ლარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

•    მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას. კერძოდ, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო ექსპერტიზა შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გამოკვლევის მიზნით ჩატარებული არ არის და ეხება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს დამატებით სარემონტო სამუშაოებს.

•    2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული სამი ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიმწოდებელი სამივე პროექტის ფარგლებში არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. 

•    მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. შედეგად, მერიამ მანქანების ექსპლუატაციისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები. 

•    მუნიციპალიტეტის მერიას 2017-2018 წლებში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგეგმილი შემოსავლებიდან, მიღებული აქვს მხოლოდ 60%. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია მოსაკრებლის ადმინისტრირება ფიზიკური პირებისგან.

•    მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 

•    მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრული ხარჯი. 

•    2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში არ არის ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე არ არის დაწესებული სათანადო კონტროლი. შედეგად, არსებობს რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს უნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები და არ მოხდეს შესაბამისი რეაგირება. 

•    მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ.

რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომელიც მიმართული იქნება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებაზე. ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად.

რეკომენდაცია №2: მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.

რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, სასურველია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან.

რეკომენდაცია №4: მუნიციპალიტეტის მერიამ, დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის გაანგარიშება. ასევე დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მობილიზებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას.

რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვასა და საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №6: მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან; აიყვანოს კონტროლზე და უზრუნველყოს ინვენტარიზაციის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად. ასევე გამოავლინოს ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ.

რეკომენდაცია №7: მუნიციპალიტეტის მერიამ არ განახორციელოს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებაზე ხარჯის გაწევა, რადგან მსგავსი საქმიანობის განხორციელება მერიის თანამშრომელთა ვალდებულებაა. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას, შრომითი რესურსის არასათანადო კვალიფიკაციის გამო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამშრომლები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას, მიზანშეწონილია, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ნაცვლად, მერიამ შეიმუშაოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №8: მუნიციპალიტეტის მერიამ შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა იმგვარად წარმართოს, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და შეფასება, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №9: მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის დროს გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რატომ არ განხორციელდა სათანადო რეაგირება; დამატებით შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დაფიქსირებული დარღვევა-ნაკლოვანებების სრულად აღმოსაფხვრელად.