სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 16 ივნისი, 2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების  საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 29% და 52% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურული პროექტები

უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება- ჩაბარებას. არსებული მართვის სისუსტეების გამო, ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაზიანებულია და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.

დაუსრულებელი სამუშაოები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელია 2,643.9 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო ავანსის სახით გაცემული თანხიდან − არ არის დაბრუნებული 115.2 ათასი ლარი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კუთვნილი 434.0 ათასი ლარი − საჯარიმო და საგარანტიო თანხების სახით. მუნიციპალიტეტს პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”

აუთვისებელი თანხები - მთავრობის დადგენილებებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხები მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ გამოიყენა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომლის ათვისება მიზანშეწონილია გამოყოფის წელს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ირიცხებოდა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, რის გამოც ვერ დაკმაყოფილდა გარკვეული სოფლების მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები.

ხარჯთაღრიცხვის შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები - შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს ნაკლები მოცულობით და გაზრდილი ერთეულის ღირებულებით შესრულებული სამუშაოები. ზედმეტად ანაზღაურებულმა თანხამ 16.7 ათასი ლარი შეადგინა. 

მიმწოდებლის არასათანადოდ შერჩევა -  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა სათანადოდ არ შეისწავლა მიმწოდებლის შესაძლებლობა და უნარი დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. შედეგად, გარე განათების ოთხი ობიექტიდან ორი შეუსრულებელია, ხოლო დანარჩენი ორი შესრულდა სახელშეკრულებო ვადების დარღვევით.

სტიქიით დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია

სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები -  2019-2021 წლებში სტიქიური მოვლენების შედეგად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ მთავრობის მიერ თანხების დროულად გამოყოფის მიუხედავად, მერიამ ვერ შეძლო პრობლემების მოგვარება, რაც სამუშაოების არასათანადო დაგეგმვა/განხორციელებაზე მიუთითებს.

ხელშეკრულებების ადმინისტრირება

დაურიცხავი საჯარიმო სანქციები -  მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ იცავდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. აღნიშნული წარმოშობს რისკს, რომ მუნიციპალიტეტს კონკრეტული მიმწოდებლების მიმართ გააჩნდა სუბიექტური მიდგომა.

მოსახლეობის წყალმომარაგება 

წყალმომარაგების პრობლემები -  მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება გრაფიკით; მიწოდებული წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

დასუფთავების მოსაკრებელი 

დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი -  მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა და ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
 

თიანეთის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია N1:

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის განწერისას შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.

რეკომენდაცია N2:

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმი. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმის გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია N3: 

მერიამ შეიმუშაოს წესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; შეისწავლოს/გამოავლინოს ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საჯარიმო და საავანსო თანხების ამოღების პრობლემაზე. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

რეკომენდაცია N4: 

მერიამ შეიმუშაოს სტრატეგია და დააწესოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის დასაფინანსებლად მიღებული თანხების დროულ/მიზნობრივ გამოყენებასა და ნაშთების ათვისებას, შესაფერისი მიმწოდებლების შერჩევასა და სახელშეკრულებო პირობების დაცვას. ამასთანავე, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შესრულებას და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ეფექტიანობის ზრდას.

რეკომენდაცია N5: 

მერიამ შეიმუშაოს სათანადო სტრატეგია და შესაბამისი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს დროულად გამოასწოროს სტიქიით მიყენებული ზიანი. გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიღებული და აუთვისებელი თანხების მიზნობრივი გამოყენება ან შესაბამის უწყებებთან შემდგომი განკარგვის ფორმების შეთანხმება. ამასთანავე, შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისას რეალურად განსაზღვროს თანხის საჭიროება და ათვისების შესაძლებლობები.

რეკომენდაცია N6: 

მერიამ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას გამოიყენოს საჯარიმო სანქციების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების თავიდან აცილებას. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების დარღვევისათვის გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ დასრულებას და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას.

რეკომენდაცია N7:

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია N8:

მერიამ ასევე შეიმუშაოს და დანერგოს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებას. მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც შეამცირებს მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის დახარჯულ რესურსს და ამასთანავე, გაზრდის ამოღების მაჩვენებელს.

რეკომენდაცია N9: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

რეკომენდაცია N10: 

მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდასა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.