სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა პროექტების/პროგრამების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
შესყიდვების მართვა
ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზები - ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მუნიციპალიტეტის კონტროლის მექანიზმები არასათანადოა. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 450.9 ათასი ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს. ამასთანავე, ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ, თვითმმართველმა ერთეულმა ვერ მიიღო სულ 312.7 ათასი ლარის საგარანტიო და საჯარიმო თანხები.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 3,307.9 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შეძენილი დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
მიწოდების ვადების დაუსაბუთებლად ზრდა - მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას, კერძოდ სამუშაოების დასრულების ვადები 14 შემთხვევაში გაზარდა დაუსაბუთებლად,არაობიექტური მიზეზებით. გარდა ამისა, მერიამ 3 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არ დაიცვა პირობები და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეებზე სრულად არ დაარიცხა.
გამოუყენებელი აქტივები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და აქტივების მართვაში არსებული კონტროლის მექანიზმების ხარვეზების გამო, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 175.2 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება, ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, არარაციონალურია; ასევე საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
მივლინების ხარჯის შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. 2022 წელს საჯარო მოხელეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისთვის 22.3 ათასი ლარი დახარჯულია ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მივლინების შედეგების პრაქტიკაში გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.
იურიდიული პირების მართვა
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: გაწეულია 37.1 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი; კომუნალური მომსახურების მისაღებად 2022 წელს გაწეული სუბსიდიური დაფინანსება სათანადოდ არ არის დასაბუთებული.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს საკრებულოს დადგენილების შეუსაბამოდ. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სათანადო ბაზა და ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის სრულად ამოღებას, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
მუნიციპალური ქონების მართვის ხარვეზები - ქონების მართვისა და განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სისტემური ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო მაღალი ღირებულების საქონლის სათანადო დაცვა და არ მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება; იჯარიდან მისაღები შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში სრულად და დროულად არ არის მიმართული; ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონი. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაარღვია სამართლებრივი აქტის პირობები ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის შესახებ. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის პირობების დარღვევის, ასევე დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები.