სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 05 მარტი, 2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

საბიუჯეტო რესურსები 

რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 34% და 23% დააკლდა.

ხელშეკრულების მართვა 

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - მუნიციპალიტეტში არსებობს ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები, შედეგად:

  • ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით;
  • ხუთ შემთხვევაში, სამუშაოები შესასრულებლად გადაეცა გამოუცდელ  ქვეკონტრაქტორებს, რის გამოც გვიანდება სამუშაოების დასრულება;
  • ოთხ შემთხვევაში, მიწოდების ვადები გადაწეულია დაუსაბუთებლად და გავრცელებული არ არის, ჯამში − 10.5 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია;
  • მიწოდების ვადის დარღვევისთვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დათვლილი და გავრცელებული არ არის 46.1 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია;
  • ხარვეზებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში. 

მუნიციპალური სერვისების მიწოდება

არაეფექტიანი ღონისძიებები - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი სერვისების სათანადოდ მიწოდებას. შედეგად, ხარვეზებია წყალმომარაგებით უზრუნველყოფაში. 

სახელმწიფო შესყიდვები 

სავარაუდო ღირებულების დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტი ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების წარმართვას მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შედეგად, გაწეულია 18.0 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი. 

შემზღუდავი პირობების გამო, შესყიდვების პროცესები იმართება არაკონკურენტულ გარემოში. შესყიდვის პროცესის არასათანადო შესწავლისა და კანონდარღვევით შერჩეული მიმწოდებლის გამო, სამუშაოები დაუსრულებელია.

ქონების მართვა და განკარგვა 

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 40 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

შემოსავლების მართვა 

შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია:

  • მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის ბოლოსათვის ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი − 28.1 ათასი ლარი;
  • 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის სახით.
     

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად;
  • დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი, ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება არ განახორციელოს დაუსაბუთებელი გარემოებებით, გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვადებისა და სხვა პირობების დარღვევისათვის გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. შედეგად, დროულად მოხდება იმ პროდუქტის მიღება, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის;
  • განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს;
  • უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით:

დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგების მოწესრიგებას, მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს და წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ:

  • შეიმუშაონ სტრატეგია საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, განკარგვისა და სათანადო კონტროლის მექანიზმების დაწესების შესახებ. მერიამ უზრუნველყოს იჯარით გაცემული ობიექტების რაოდენობის დაზუსტება და ფაქტობრივ მოსარგებლეთა დადგენა. გარდა ამისა, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, გადაუხდელი საიჯარო ქირისა და დარიცხული საურავის ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების გაზრდას. ამასთანავე, მერიამ განიხილოს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულ ხარვეზებზე რეაგირება ევალებოდა;
  • იმსჯელოს ფიზიკური პირების მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის საკითხზე და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული რესურსის გონივრული გამოყენებით შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების დაგეგმვის გაუმჯობესებას.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით:

შეიმუშაოს წესი საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება მიღებულ პრაქტიკას, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას.