სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 25.7% და 13.9% დააკლდა.
შესყიდვების მართვა
სატენდერო ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ ერთ შემთხვევაში სატენდერო მოთხოვნები განისაზღვრა კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო მეორე შემთხვევაში − ბაზარზე შეცვლილი გარემოებების გამო არ შეწყვიტა ტენდერი. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა - შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდების ვადის დარღვევისას, შემსრულებელ კომპანიებს არ დაარიცხა პირგასამტეხლო და დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების დასრულების ვადა. შედეგად, მოსახლეობისთვის პროექტების მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო კუთვნილი 387.5 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა
უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 4,743.2 ათასი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები
ზიანის ასანაზღაურებლად.
ქონების მართვა და განკარგვა
მიუღებელი საიჯარო თანხა - ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
მოსაკრებლები
დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი - მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. მერიის მიერ არ იყო განხორციელებული სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ მოსაკრებლის გადახდა.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, 181 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა
მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. აგრეთვე, მუნიციპალური შპს-ების მართვაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, შესყიდვის პროცესი წარიმართა იმგვარად, რომ სატენდერო მოთხოვნები განსაზღვრული იყო კონკრეტული მიმწოდებლის სასარგებლოდ, ხოლო თანხების ინკასაციის პროცესი შეიცავს არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკებს.