სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
რესურსების მართვა - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 23% დააკლდა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. სამუშაოების უმეტესობა, 6.3 მლნ ლარის პროექტები, განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდა, ხოლო 3.2 მლნ ლარის პროექტები შესრულებულია უხარისხოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში არ დაწყებულა, ასევე სრულად არ არის გამოყენებული სხვადასხვა დროს შეძენილი აქტივები;
ინტერესთა კონფლიქტი - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.
მოსახლეობის წყალმომარაგება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 210 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
შემოსავლის ადმინისტრირება
მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული კონტროლის მექანიზმები კუთვნილი შემოსავლების ადმინისტრირების მხრივ სათანადოდ არ ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი, ასევე შემოსავლები ქონების გადაცემიდან და დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობიდან.
ქონების მართვა
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები
მოსახლეობის ფინანსური დახმარების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მოსახლეობის ფინანსური დახმარების გაცემის წესი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.