ბოლო 5 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. განხორციელებული ცვლილებებით მივიღეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შესყიდვების სისტემა,
რომელიც დადებითად შეაფასა მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. შესყიდვების ახალმა გამჭვირვალე სისტემამ შეამცირა კორუფციული გარიგებების ალბათობა, გაამარტივა შესყიდვების პროცედურები და საგრძნობლად იმატა კონკურენციამ.
თუმცა, ასეთ მოკლე პერიოდში ყველა ნაკლოვანების ძირეულად აღმოფხვრა და კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა რთული ამოცანაა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და გადაწყვიტა შეესწავლა სახელმწიფო შესყიდვების გარდაქმნილი სისტემა და დაესახა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი კიდევ უფრო განვითარება და სრულყოფა.
აუდიტით გამოვლინდა, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გარკვეული ხარვეზებია კანონმდებლობაში და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია შესყიდვების განხორციელების ყველა სტადიაზე, განსაკუთრებით კი დაგეგმვის ეტაპზე. კერძოდ, არასწორად ხდება საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი ფორმულირება სატენდერო დოკუმენტაციაში; შემსყიდველთა მხრიდან შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრისას არ ხდება საქართველოში ან/და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენება, რაც რიგ შემთხვევებში რეალურ საჭიროებასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობას იწვევს; შესყიდვებთან დაკავშირებული რიგი პროცედურები და დოკუმენტაცია არ არის სტანდარტიზებული, რაც გააადვილებდა შემსყიდველთა საქმიანობასა და შეამცირებდა დანახარჯებს; შემსყიდველთა მხრიდან არ ხდება ბაზრის რეგულარული შესწავლა, რაც ზოგჯერ შესყიდვის არაეკონომიურად განხორციელებას განაპირობებს; სფეროებში, სადაც მიზანშეწონილია ცენტრალიზაცია, შესყიდვები კვლავაც დეცენტრალიზებულად ხორციელდება, რითაც იკარგება თანხების დაზოგვის შესაძლებლობები; გამოვლინდა დაუსაბუთებელი გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობების საფუძველზე განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები; გაიზარდა კონკურენციის (ტენდერის) გარეშე გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობა - ჯამში 2011-2012 წლებში გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების ღირებულებამ 2 მილიარდზე მეტი ლარი შეადგინა (რაც აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული შესყიდვების დაახლოებით 40%-ს შეადგენს).
ხარვეზებით მიმდინარეობს ტენდერის ჩატარების ეტაპიც - რიგ შემთხვევებში ხდება ტენდერების დაუსაბუთებელი შეწყვეტა და პრეტენდენტთა დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია, რაც უარყოფითად აისახება კონკურენციაზე. დასახვეწია კონტრაქტების მენეჯმენტის სისტემა, რათა არ მოხდეს სახელშეკრულებო პირობების უსაფუძვლოდ ცვლილება შემსყიდველის საზიანოდ, განსაკუთრებით კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების გახანგრძლივებასთან და სახელშეკრულებო ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შემსყიდველების მხრიდან არ ხდება მიმწოდებელთა საქმიანობის აღრიცხვა და შეფასება, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია შემდგომი შესყიდვების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით. ელექტრონული სისტემის ინფორმაციულობისა და სხვა დადებითი მხარეების მიუხედავად, შესამუშავებელია მიმწოდებელთა შეფასების ერთიანი დახვეწილი სისტემა, რითაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილი ინფორმაცია მოიპოვოს ბაზარზე მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესრულების ხარისხის შესახებ (რაც დაგეგმვის პროცესს უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ ზემოთ დასახელებულ პრობლემატურ სფეროებში რეფორმებისა და გაუმჯობესების გზების დასახვასთან ერთად, პირველ რიგში, აუცილებელია არსებული გამჭვირვალე სისტემის შენარჩუნება, აღნიშნული კუთხით მისი კიდევ უფრო განვითარება და სააგენტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, აუცილებელია, მოცემულ რეკომენდაციებზე დაუყოვნებლივი რეაგირება და რეკომენდაციების ადრესატების კოორდინირებული მუშაობა.
წარმდგენი: ირაკლი კვირიკაშვილი