სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტის გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 31% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
შესყიდვების მართვა
ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 3,711.1 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ბაზრის კვლევის ხარვეზები - მერიამ, 52 შესყიდვის შემთხვევაში, ვერ უზრუნველყო შესყიდვების პროცესის სწორად წარმართვა, სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა და მიმწოდებლების შერჩევა სათანადო ბაზრის კვლევის საფუძველზე, მათ შორის, ხუთ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაუფორმდათ ისეთ მიმწოდებლებს, რომელთა გამოცდილების შესახებ მერია ინფორმაციას არ ფლობდა. აღნიშნულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს სამუშაოების დასრულება და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მიმწოდებლების შერჩევის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნების დაცვა; მერიამ მიმწოდებლები შეარჩია და ხელშეკრულებები გააფორმა ისეთ კომპანიებთან, რომელთაც არ ჰქონდათ სათანადო გამოცდილება. შედეგად, 1,868.3 ათასი ლარის სამუშაოები ვერ შესრულდა, ხელშეკრულებები შეწყდა და მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი სარგებელი.
კონკურენციის შეზღუდვა - მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა ხარვეზებით და დაარღვია მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი. სატენდერო პირობები მოიცავდა შემზღუდავ და ბუნდოვან მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვია პოტენციურ მიმწოდებელთა ბაზრის შეზღუდვა და სახელმწიფო შესყიდვების მორგება კონკრეტული მეწარმე სუბიექტის ინტერესებზე.
პრეტენდენტის კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაცია - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა 36.7 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას შეისყიდა 114.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც არ გამოუყენებია. პროექტების შეძენაზე გაწეული ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტიან ხარჯად. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში საქონლის საბაზრო ღირებულებისა და სხვადასხვა გარემოების (მათ შორის, ობიექტის მდგომარეობა) ცვლილების გამო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გახდეს შეუსაბამო და კორექტირებისათვის საბიუჯეტო თანხები დამატებით დაიხარჯოს.
უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უხარისხოდ შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად ზრდიდა მიწოდების ვადებს და აზიანებდა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს.
გამოუყენებელი პროექტები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ, მიმდინარეობს ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 466 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
დაურიცხავი და მიუღებელი ჯარიმები - ხელშეკრულების ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მერიამ მიმწოდებლებს არ დაარიცხა საჯარიმო თანხა − 28.4 ათასი ლარი, ასევე ვერ უზრუნველყო 330.3 ათასი ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმა საზოგადოებრივი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების საფუძვლით, თუმცა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების დროული შესრულება. შესაბამისად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული სერვისი მიეწოდა დაგვიანებით. 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ შესრულდა 66%-ით, ხოლო 2021 წელს − 69%-ით.
იურიდიული პირების მართვა
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტი დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მართავდა ხარვეზებით, კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება; რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; დაწესებული არ არის წყლის გადასახადი, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.
ქონების და მართვა და განკარგვა
ქონების განკარგვის ხარვეზები - ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ნაკლოვანებებით: ქონების ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიან. მუნიციპალური შპს-ები მათზე უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულ ქონებას სასყიდლიანი სარგებლობით გასცემენ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების და ქონების გაქირავების რეალური საბაზრო ფასის დადგენის გარეშე.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტში დანერგილი კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვას, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული თანხები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 111.8 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
საკონსულტაციო მომსახურების დაუსაბუთებელი შესყიდვა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 20 ათასი ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საბიუჯეტო პროცესი
საბიუჯეტო პროცესის ხარვეზები - მერიაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზით. დაინტერესებულ პირებს არ მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ, არ შესრულდა საკანონმდებლო მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მოხელეთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
მუნიციპალიტეტის საჯარო ზედამხედველობის ხარვეზები - კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობის ფაქტების დადგენა და სათანადო რეაგირება. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები მერიამ − დაგვიანებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ ვერ გამოავლინა და მშენებლობის შეჩერების მიზნით არ განახორციელა სათანადო რეაგირება.
საბანკო მომსახურების შესყიდვის ნაკლოვანება - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა ბანკი, რომელიც ანგარიშზე ფულადი რესურსების განთავსების სანაცვლოდ ურიცხავდა სარგებელს. მერიამ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა საბანკო მომსახურების საუკეთესო შეთავაზების გამოსავლენად, რომელიც მუნიციპალიტეტს მოუტანდა დამატებით ფინანსურ სარგებელს.
მოსაკრებლები
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფდა საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 111.6 ათასი ლარის მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.