სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 14 თებერვალი, 2020
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში - 22,599.4 ათასი ლარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და გადასახდელების სათანადოდ დაგეგმვა. შედეგად, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსი, მათ შორის თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსურირესურსების არაეფექტიან მართვაზე;

მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი. არ არის განხორციელებული აბონენტების გამრიცხველიანება დაარხდება მოხმარებული წყლის გადასახადის ამოღება. ა(ა)იპ „დუშეთისწყალი“ ვერ უზრუნველყოფს წყლის სისტემების სათანადო მოვლა-პატრონობას და არ ფლობს წყალმომარაგების განაწილების ლიცენზიას;

მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით. რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობა. შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ასევე ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები და სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებულია ფაქტობრივი დანახარჯების გაანგარიშების გარეშე, რაც ქმნის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს;

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად გაუარესდა მერიის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები. კერძოდ, გაიზრდა შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და შესაბამისი თანხა ზედმეტადაა ანაზღაურებული;

მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაწილი დაზიანებულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებით. შესაბამისად, მერიის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ, ყველა შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების თავიდან აცილებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად;

ქონების მართვასა და კონტროლის პროცესში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილის არაეფექტიანად განკარგვა. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს დამატებითი შემოსავლებისმიღების შესაძლებლობას;

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სხვადასხვა დროს შეძენილი და გადმოცემული სამშენებლო მასალების სრულად გამოყენება. შესაბამისად, დაგეგმილი ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დროულად ვერ განხორციელდა;

მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მერიას გააჩნია შრომითი რესურსი და მიზანშეწონილია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი;

მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;

მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე;

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თანამშრომელთა სრული ფუნქციური დატვირთვის შესახებ სათანადო ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი.

რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტმა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

რეკომენდაცია №2: მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას. ასევე განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და ქსელის გამართულ ექსპლუატაციას.

რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტის მერიამ, გამარტივებული წესით შესყიდვა განახორციელოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის სათანადო დასაბუთების საფუძველზე. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი,რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებზე ანაზღაურებულ თანხებზე მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა.

რეკომენდაცია №4: მუნიციპალიტეტის მერიამ, ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად,რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი. მათ შორის, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გამოიყენოს საჯარიმო სანქციები, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას.

რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №6: მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაგეგმოს იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის დროულად დასრულებას. მერიამ შეისწავლოს გამოუყენებელი და დასაწყობებული მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ასევე დააწესოს სათანადო კონტროლი საქმიანობის პროცესში შესყიდული სამშენებლო მასალების ოპერატიულ ხარჯვასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელებას.

რეკომენდაცია №7: მერიამ არ განახორციელოს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებაზე ხარჯის გაწევა, რადგან მსგავსი საქმიანობის განხორციელებისთვის დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტმა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% უნდა მიმართოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამშრომლები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას, მიზანშეწონილია, საკონსულტაციო მომსახურების ყოველწლიურად შესყიდვის ნაცვლად, მერიამ შეიმუშაოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №8: მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები აანაზღაუროს მხოლოდ შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №9: მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებზე. მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს საწვავის ხარჯვის საკითხი და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ.

რეკომენდაცია №10: მუნიციპალიტეტის მერიამ, უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვა საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოს საიჯარო ფასების კორექტირება. ასევე, მერიამ დანერგოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომელთა საშუალებით მინიმუმამდე იქნება შემცირებული მუნიციპალური ქონების თვითნებურად დაკავების რისკი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას.

რეკომენდაცია №11: მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და ფუნქციური დატვირთვა. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №12: მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი ორგანიზება, რომელიც მოახდენს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №13: მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის; გონივრულ ვადაში ასევე წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება და არ გაატარეს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები აუდიტის წინა ანგარიშში ასახული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.