სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 19 მარტი, 2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა 

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 34% და 18% დააკლდა. 

ინფრასტრუქტურული პროექტები

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - 2018 წელს მუნიციპალიტეტში არსებული სტადიონების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. დაგეგმილი სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და პროექტები შეჩერებულია. 

მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა 

ქონების პრივატიზების პროცესის ხარვეზები - ქონების გასხვისების პროცესში მერია არ ითვალისწინებს ელექტრონული აუქციონის უპირატესობებს და ირჩევს საჯარო აუქციონის ფორმას. ასევე ორ შემთხვევაში ქონების შემძენმა პირებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და განსაზღვრულ ვადებში არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, მერიას (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ქონებრივი ინტერესების დასაცავად.

არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენებული ქონება - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილი არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების კანონიერად განკარგვის მიზნით, არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება კანონშეუსაბამოდ. 

სუბსიდია 

იურიდიული პირების სუბსიდიით დაფინანსების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი და სარწმუნო მტკიცებულებები, ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. 

ავტოპარკის მართვა 

სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 26-30 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე. 

მმართველობითი გადაწყვეტილებები

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე არ არის დაწესებული სათანადო კონტროლი. შედეგად, არსებობს რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები და არ მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;
  • შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ თვითნებურად გამოყენების პრევენციას. ასევე მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ქონების უკანონოდ გამოყენების აღკვეთა;
  • შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს; მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას;
  • განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან; განსაზღვროს ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები, კონტროლზე აიყვანოს და უზრუნველყოს ინვენტარიზაციის ჩატარება, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად. აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლუატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.