აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მე-2 წარდგენისათვის გადამუშავებული ვარიანტის საფუძვლად გამოყენებული დაშვებების შემოწმების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული საკითხებისა, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი (შემდგომში – გადამუშავებული პროექტი) სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით და წარდგენილია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-100 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა პერსპექტიული ინფორმაციის სპეფიციკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ რეალური მაჩვენებლები განსხვავდებოდეს კანონპროექტით გათვალისწინებულისაგან და გადახრებს შესაძლოა არსებითი ხასიათი ჰქონდეს.
მიუხედავად გადამუშავებულ პროექტში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხისა და შინაარსის დახვეწასთან დაკავშირებით გატარებული გარკვეული ღონისძიებებისა, ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში ჯერ კიდევ შეინიშნება რიგი ნაკლოვანებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის კანონის პროექტის შემდგომი განხილვის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:
ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე დამატებითი ყურადღება გამახვილდეს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, რაც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებასა და განკარგვას დასახელებული პრიორიტეტული მიმართულებებით;
რეალისტურად დაიგეგმოს ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზება, განსაკუთრებით „სხვა შემოსავლების“ კომპონენტი, სადაც შესაძლო რეზერვების არსებობა ფიქსირდება;
გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები, სრულად გაიწეროს ბიუჯეტში ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი სახსრები (ნაშთი), რათა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის განხორციელდეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება;
ფუნქციონალურ ჭრილში ბიუჯეტის საგასავლო (ხარჯვით) ნაწილში საბიუჯეტო სახსრების არათანაბარზომიერი (მკვეთრი განსხვავებებით) დაგეგმვა, რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მეტყველებს და აშკარად მიუთითებს არა კონკრეტულ პროგრამებზე, არამედ საერთო დანიშნულების მომსახურებაზე (მოხმარებაზე) ორიენტირებულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში უნდა დარეგულირდეს საბიუჯეტო სახსრების თაბარზომიერად და პრიორიტეტების გათვალისწინებით (მიხედვით) განაწილება;
პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით განხორცილებული აქტივობების მიუხედავად, პროგრამული ბიუჯეტის დანართი დღემდე არ მტკიცდება და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელს ხდის, შეფასდეს პროგრამების ეფექტიანობა. ძირითადი ნაკლოვანებები ფიქსირდება პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავებისა და მეთოდოლოგიური ხარვეზების კუთხით.