სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 02 თებერვალი, 2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 9.5% და 16.2% დააკლდა.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგი, არ დაიცვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები სამუშაოების დროულად დასასრულებლად. შედეგად, მიწოდების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა მინიმუმ 214.6 ათას ლარს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 2,153.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. 

გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 162.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს. 

წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია. 

სამშენებლო ნებართვები

უნებართვო მშენებლობები - უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამოვლენისა და აღკვეთის პროცესის კონტროლის მექანიზმები სუსტია. კერძოდ, მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მერიამ დაარღვია საკრებულოს დადგენილება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის შესახებ. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. 

სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები -მუნიციპალიტეტმა საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის საანგარიშო პერიოდში დახარჯა 163.9 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად იყო აუცილებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური. 

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები დუბლირებულია ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ- ების საქმიანობასთან. ამასთანავე, ზოგიერთი ა(ა)იპ-ისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები. 

ა(ა)იპ – ბორჯომის ისტორიული პარკის საქმიანობაში არსებული ხარვეზები - ა(ა)იპ-ში სალაროს ორგანიზება არ ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ორგანიზაციაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემა მოუწესრიგებელია, ხოლო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის პროცესი გაუმართავია. გარდა ამისა, ა(ა)იპ-მა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. 

მმართველობითი გადაწყვეტილებები

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის განწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

რეკომენდაცია №5: 

მერიამ, სამშენებლო სამუშაოებზე დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიმდინარე მშენებლობების ინტენსიურ მონიტორინგს და უნებართვო მშენებლობების დროულ გამოვლენას. ამასთანავე, შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების ფაქტები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №6: 

საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია №7: 

მერიამ, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა. ასევე, შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №8: 

მუნიციპალურმა ა(ა)იპ-მა დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას და შემოსავლების მობილიზების პროცესის გამართვას. კონტროლის მოწესრიგებული სისტემა შეამცირებს შემოსავლების აღურიცხველობის რისკებს.

რეკომენდაცია №9: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის შედეგების დადგენას და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენას. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.