სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის − „განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
პროგრამების/ ქვეპროგრამების კონტროლის მექანიზმები
ქვეპროგრამის − „ონლაინ საკვირაო სკოლა“ კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებები - სსიპ − მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზეპირი რეკომენდაციით, შეირჩა საგნობრივი მიმართულების სამი პედაგოგი. სამინისტროს მიერ კი − ორი კოორდინატორი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამინისტროს ბრძანებით მოსწავლეების რაოდენობის 160-მდე გაზრდის შესაბამისად, ქვეპროგრამაში განხორციელებული ცვლილებებით, მეოთხე კვარტალში 12,210 ლარით გაიზარდა ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა და შეადგინა 51,840 ლარი. პედაგოგების და კოორდინატორების ხელფასები გაორმაგდა და გახდა თვეში თითოეულ პედაგოგზე 2,200 ლარი, ხოლო კოორდინატორზე − 770 ლარი. ახალი შრომითი ხელშეკრულებები პედაგოგებთან და კოორდინატორებთან გაფორმდა ახალი ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებამდე. ამასთანავე, სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრენინგზე დასწრების აღრიცხვის დოკუმენტაცია.
ქვეპროგრამის − „აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ და დოკუმენტირების შეუსაბამობები - ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომელთა ორგანიზებაზე დაიხარჯა, ჯამში − 5,610 ლარი. სამინისტროს მიერ ვაჟთა მინი-ფეხბურთში მონაწილე გუნდების შეჯიბრების შედეგების ოქმების გარდა, სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ქვეპროგრამის − „საახალწლო ზეიმის“ მართვაში არსებული ხარვეზები - სააგენტოს მიერ საახალწლო საჩუქრების გადაცემასთან დაკავშირებით მოწოდებულ სიებში 657-დან 273 ბავშვი წარმოდგენილი იყო მაიდენტიფიცირებელი მონაცემის/დოკუმენტის გარეშე; არ იდენტიფიცირდებოდნენ პროგრამის ის ბენეფიციარები, ვისაც დაურიგდა 9,478.42 ლარის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები, ხოლო სააგენტოს მიერ სხვადასხვა უწყებაზე 4,963.58 ლარის ღირებულების საახალწლო საჩუქრების პირდაპირ გადაცემა ქვეპროგრამის აღწერილობას არ შეესაბამებოდა.
ქვეპროგრამის − „სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა“ კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებები - საქართველოს პადელის ფედერაციასა და შპს „თბილისის პადელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება პადელის კორტის და ჩოგნების იჯარაზე, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 3,300 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დაფიქსირდა დაკავშირებული მხარეების/ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები.
ა(ა)იპ − საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთს“ სამინისტროს თანხმობით და მხოლოდ ინვოისის საფუძველზე, სალიცენზიო დავალიანების დასაფარავად ჩაერიცხა 20,000 ლარი, ისე რომ არ იყო წარმოდგენილი დავალიანების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
რიგ შემთხვევაში დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ არ იყო წარმოდგენილი შეძენილ მატერიალურ ფასეულობებზე სასაქონლო ზედნადებები და მიღებულ მომსახურებაზე თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. აქტივობების მიმდინარეობასა და საბოლოო შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება არ დასტურდებოდა სათანადო დოკუმენტაციით.
ქვეპროგრამაში − „ევროპული არდადეგები“ კონტროლის სისუსტით დაშვებული ხარვეზები - ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილე 300 მონაწილიდან, 12 220 მონაწილის სია წარმოდგენილი იყო შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების/დოკუმენტის გარეშე.
ქვეპროგრამის − „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებები - ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეთა 80-კაციანი სიიდან, 40 მონაწილე წარმოდგენილი იყო პიროვნების მაინდენტიფიცირებელი მონაცემების/დოკუმენტის გარეშე.
პროგრამების/ ქვეპროგრამების პროცესები
ქვეპროგრამაში − „ფერწერა აფხაზეთიდან“ კრიტერიუმების არარსებობით გამოწვეული ნაკლოვანებები - პროექტის − „ფერწერა აფხაზეთიდან“ ფარგლებში, ქალთა დღესთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ წინასწარ დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის გარეშე, შეირჩა ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე თხუთმეტი დევნილი ქალბატონი, რომელთაც ამავდროულად, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მხარდაჭერის და მათი პოპულარიზაციის მიზნით, საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შეძენილი ფერწერული ნამუშევრები.
ქვეპროგრამის − „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ კრიტერიუმით გამოწვეული ხარვეზები - დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით, დავალიანების თანხა ნაკლები იყო, ვიდრე კრიტერიუმით განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების კრიტერიუმი არ ითვალისწინებდა სწავლის საფასურის დავალიანების მიხედვით დაფარვას, დავალიანების დამადასტურებელი ინვოისების მიხედვით დაფინანსდა 51 სტუდენტი, ჯამში − 24,724 ლარით.
ქვეპროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებებით, დასაფინანსებლად შერჩეული სტუდენტებიდან ერთი თვით დაფინანსება გადაუვადდა: პირველ ეტაპზე − 36, მე-2 ეტაპზე − 11, მე-3 ეტაპზე − 31 სტუდენტს და მათ მოეთხოვათ, დავალიანების შესახებ ახალი ინვოისები წარმოედგინათ. შერჩეული სტუდენტების ერთი ნაწილის დაფინანსების გადავადება გამოწვეული იყო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში თანხები უკმარისობით და იმით, რომ შესაბამისი ცვლილებები არ იყო განხორციელებული. კერძოდ, კვარტლიდან კვარტალში თანხები არ გადატანილა, რათა ყველა შერჩეული სტუდენტი ჩაეყენებინათ თანაბარ/თანასწორ პირობებში და ხელმეორედ არ მოეთხოვათ ახალი ინვოისები.