საქართველოს კონსტიტუციისა და ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკური უფლებების დაცვას და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლებების დარღვევის პრევენციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის, როგორც მეწარმეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დამცველის, ასევე ბიზნესსუბიექტების დარღვეული უფლებების აღდგენაში ხელშემწყობის როლი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიზნესომბუდსმენის აპარატის დებულების გარეშე საქმიანობა
კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი უნდა განსაზღვრულიყო დებულებით. დებულების არარსებობის გამო, შეუძლებელია შეფასდეს აპარატის საქმიანობა, სტრუქტურა, თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება და, შესაბამისად, რამდენად ეფექტიანად ხორციელდება არსებული საკადრო რესურსის გამოყენება.
ბიზნესსუბიექტების განცხადებებზე რეაგირების ნაკლოვანებები
კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მეწარმის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, იგი უფლებამოსილია წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს. ზოგიერთ შემთხვევაში, აპარატის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი განცხადებები და მათზე რეაგირების შედეგების შესახებ განმცხადებლებისათვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები.
აპარატის განმარტებით, რიგ შემთხვევებში ბიზნესსუბიექტების მიმართვები და მათზე პასუხი ზეპირი კომუნიკაციით ხორციელდებოდა; ასევე ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდებოდა მიღებული მიმართვების და რეაგირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის დოკუმენტურად დადასტურება.
აქედან გამომდინარე, ვერ მივიღეთ საკმარისი დოკუმენტური რწმუნება, აპარატის მიერ მიღებულ განცხადებებზე დროული და სრულყოფილი რეაგირების შესახებ.
განცხადებების მიღების ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზები
მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 1 ივნისიდან ბიზნესომბუდსმენის ოფისთან ელექტრონულად დაკავშირების მიზნით, აპარატში ფუნქციონირება დაიწყო განცხადებების მიღების ელექტრონულმა პორტალმა. თუმცა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ იქნა მიღწეული მისი შექმნის მიზანი, გამარტივებულიყო მეწარმეების პრობლემების ბიზნესომბუდსმენამდე მიტანის პროცესი და, შესაბამისად, გაზრდილიყო კომუნიკაციის ეფექტიანობა.
დოკუმენტურად დაუდასტურებელი გაცემული რეკომენდაციები და შუამდგომლობები
განცხადების განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ბიზნესომბუდსმენი გასცემს რეკომენდაციას ან შუამდგომლობას. მათი ეფექტიანი აღსრულებისათვის და, შესაბამისად, აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია ინსტიტუციური მეხსიერების არსებობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეკომენდაცია/შუამდგომლობის დოკუმენტირებით. რეკომენდაციის ან შუამდგომლობის გაცემა რიგ შემთხვევებში დოკუმენტურად არ დასტურდება, რაც ვერ უზრუნველყოფს აპარატში ინსტიტუციური მეხსიერების არსებობას და ხელს უშლის საკითხებისადმი სისტემურ მიდგომას.
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ნაკლოვანებები
ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ინდიკატორია შედეგი: გათვალისწინებულია თუ არა მისი შუამდგომლობები და გაცემული რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ბიზნესომბუდსმენი უნდა ახორციელებდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს. იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც აპარატი პრაქტიკულად არ იყენებს.
აპარატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პასუხები რეკომენდაციების ნაწილობრივ ან სრულად გაუთვალისწინებლობის შესახებ, სათანადო დასაბუთებით. შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები.
აპარატის ინფორმაციით, რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია ხორციელდება არა წერილობითი, არამედ ზეპირი ფორმით.
ბიზნესომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი დოკუმენტურად ვერ დასტურდება, რაც რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის ნაკლოვანებები
ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ცნობადობის და აქტივობის ძირითადი კომპონენტია საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა, სამიზნე ჯგუფებთან ინტენსიური კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის კვლევით მათი მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრა.
გამოვლინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს არ გააჩნია ინფორმაცია ბიზნესსექტორში მისი საქმიანობის და უფლებამოსილების ცნობადობის შესახებ. ბიზნესსექტორში ცნობადობის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ გარკვეულ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სცილდება მის კომპეტენციას. ამასთანავე, 2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით.