სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 19% და 17% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,546.8 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი პროექტები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და ფუნქციონირების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 212.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს.
შესყიდვების მართვა
გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 168.0 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
ხელშეკრულების დაუსაბუთებელი ცვლილებით გამოწვეული არაეკონომიური ხარჯი - შესყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილი დაუსაბუთებელი ცვლილების შედეგად შესასრულებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც დააზიანა მუნიციპალიტეტის ინტერესები. შედეგად, მერიამ დაკარგა 18.3 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზი - მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, რომ ავანსის სახით მიღებული თანხა – 379.6 ათასი ლარი მიმწოდებელმა გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად, რაც ავანსის გაცემის მიზანი იყო.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მიმწოდებლების მიერ ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე. მის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე/სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა მერიის პირობებს.
დარიცხული და მიუღებელი პირგასამტეხლოს თანხა - სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, მერიამ სათანადოდ არ დაიცვა საკუთარი ინტერესები. ამასთანავე, დავალიანების მქონე მიმწოდებლების მიმართ არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შედეგად ვერ უზრუნველყო 10.4 ათასი ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მერია სათანადოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.
ინვენტარიზაცია
ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება
იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება; გამოვლინდა კანონშეუსაბამოდ თანამშრომელთა რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევები; სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ა(ა)იპ – კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დაფინანსების ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის განვითარებასა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მერია არ ფლობს ინფორმაციას ორგანიზაციისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.
ა(ა)იპ – წითელი ჯვრის საზოგადოების დაფინანსების ხარვეზები - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 66.0 ათასი ლარი. მერია პრაქტიკულად არ ატარებდა მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს პროგრამით დაგეგმილი ამოცანების შესრულებასა და დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.
ადმინისტრაციული ხარჯები
საკრებულოს წევრებზე დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯი - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 123.1 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
დოკუმენტურად დაუსაბუთებელი წარმომადგენლობითი ხარჯები - მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის წესი. შესაბამისი მუხლიდან თანხა დახარჯულია სათანადო დოკუმენტური აღრიცხვისა და დასაბუთების გარეშე. აღნიშნული შეიცავს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუფასებია: შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება; დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა საკმარისად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, არსებული საყურადღებო რისკების გამოვლენას, მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.