სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 05 მარტი, 2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 31.5% და 19.1% დააკლდა.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

ინტერესთა კონფლიქტი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნას და მორგებული იყო კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებს.

სამუშაოების დასრულების ვადის უსაფუძვლოდ გადაწევა - ცალკეული ხელშეკრულებების შესრულებისას, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზარდა არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები. შედეგად, პროექტი დადგენილ დროში ვერ დასრულდა, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული 83.0 ათას ლარზე მეტი ფინანსური რესურსი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვაში არსებული ხარვეზები - ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს, სავარაუდოდ, 232 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები - სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.

მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად;
  • ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად;
  • სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც არ გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;
  • სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი, არადისკრიმინაციული მიდგომა;
  • საქონლის/მომსახურების შესყიდვის დაგეგმვისას, სავარაუდო ღირებულება განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით;
  • მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.
  • დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თავიდან აიცილოს ერთი და იმავე პირის ჩართულობა კონტროლის სხვადასხვა დონეზე. კერძოდ, მერიამ უნდა გამიჯნოს კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ შესასრულებელი სამუშაო და არ დაუშვას ერთი და იმავე პირის მიერ სამუშაო პროცესის სრული ზედამხედველობა;
  • მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები;
  • შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, მათ შორის შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობისას. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვადებისა და სხვა პირობების დარღვევისათვის გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები;
  • მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი, გამოავლინოს გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები;
  • შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები;
  • ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას;
  • მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო დაწესებულებების მიმართ და უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ:

  • შეიმუშაოს წესი საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, განკარგვისა და სათანადო კონტროლის მექანიზმების დაწესების შესახებ. აღნიშნულით განისაზღვრება ქონების საწყისი საიჯარო ღირებულების გაანგარიშების მეთოდი, ასევე მერია დროულად აიცილებს ან/და გამოავლენს შემთხვევებს, როდესაც მის საკუთრებაში არსებული მიწები თვითნებურად აქვთ დაკავებული უკანონო მოსარგებლეებს;
  • ამასთანავე, მერიამ ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას იხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტის უპირატესი ინტერესების ფარგლებში და განკარგვის ფორმა შეარჩიოს მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგ(ებ)ის მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
  • მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  • შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან;
  • მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.