სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 02 თებერვალი, 2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება 

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 23% და 19% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. 

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი სათანადოდ ვერ დაგეგმა. შედეგად 5 ობიექტი დაუსრულებელია, ხოლო 1 უფუნქციოა და მათ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 336.2 ათასი ლარი გახარჯულია არაეფექტიანად. 

გამოუყენებელი აქტივები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 199.8 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

მუნიციპალური სერვისების მიწოდება 

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა: მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია. 

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა 

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუფასებია: შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება; დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, არსებული საყურადღებო რისკების გამოვლენას, მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. 

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტი სრულად ვერ იღებს დასუფთავების მოსაკრებელს.

ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მერია სათანადოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:  

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა და ბიუჯეტის განწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად განხორციელებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას. 

რეკომენდაცია №3: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად იმსჯელოს გადამხდელთა ბაზის ფორმირებისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაგეგმილი მაჩვენებლის მობილიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და კუთვნილი შემოსავლების მიღებას 

რეკომენდაცია №5: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

რეკომენდაცია №6: 

მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდასა და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.