სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 28 ოქტომბერი, 2022
აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა

2020-2021 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები - დეპარტამენტს 2020-2021 წლებში ჯამურად ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12,231,675 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურებაში არსებული დარღვევები - დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5,680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე.

სახელმწიფო შესყიდვები 

არათანაბარი კონკურენციის პირობებში განხორციელებული შესყიდვები  - პრეტენდენტთა შერჩევის ეტაპზე არსებული ხარვეზების მიუხედავად დეპარტამენტმა გააფორმა, ჯამში, 987,535 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციაში დაუსაბუთებელი მოთხოვნების არსებობა წარმოშობს შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის და შესრულების ხარვეზები - ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე სათანადოდ არ განხორციელდა ინსპექტირება, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ხარვეზიანი პროექტები. ამასთანავე, დაუზუსტებელი საპროექტო დავალება და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების გარეშე საქმიანობის წარმართვა არ შეესაბამება ტენდერით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაში არსებული ნაკლოვანებები - წარმოდგენილი დოკუმენტაციით 90,936 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება ვერ დგინდება, მათ შორის ასფალტბეტონის და გრუნტის ნაყარში გატანის სამუშაოებზე, მიუხედავად ამისა, შემსყიდველის მიერ დადასტურებულია სამუშაოები და გადახდილია თანხა. შედეგად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება რამდენად შეესაბამება შემსყიდველის მიერ დადასტურებული სამუშაოები რეალურ შესრულებას.

ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება - დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე არასათანადო კონტროლის შედეგად, ხელშეკრულების დარღვევით, სამუშაოებს აწარმოებდა ქვეკონტრაქტორი, რამაც განაპირობა, ჯამში, 1,748,112 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით შესრულება.

ტრანსპორტის ხარჯები

მძიმე ტექნიკის ტექმომსახურებაში არსებული ნაკლოვანებები -  დეპარტამენტში არსებული შიდა კონტროლის სისუსტის შედეგად, მძიმე ტექნიკის მომსახურების ხელშეკრულების შესრულებაში დაშვებულ იქნა უზუსტობანი, რის გამოც ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 7,363 ლარი.
 

რეკომენდაცია N1: 

დეპარტამენტმა ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში − ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დროულად დაზუსტებას.

რეკომენდაცია N2: 

დეპარტამენტმა შექმნას ისეთი შიდა კონტროლის სისტემის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ განკარგვას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების დაცვას, ხოლო თაღლითობის არსებობის შემთხვევაში − მის სწრაფ გამოვლენას და რეაგირებას.

რეკომენდაცია N3: 

დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი ტენდერების ჩატარებას, სატენდერო წინადადებების სათანადოდ შედგენას და გამორიცხავს შესყიდვების კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგებას. ამასთანავე, დეპარტამენტმა გამოიკვლიოს კონკურენციის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N4:

დეპარტამენტმა დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაზე სათანადო მონიტორინგს. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების უკეთ წარმოებას და მინიმუმამდე შეამცირებს ხარვეზებით შედგენილი პროექტების მიღებას.

რეკომენდაცია N5:

დეპარტამენტმა ინფრასტრუქტურული პროექტების სამართავად გააძლიეროს კონტროლის მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება რეალურად შესრულებული სამუშაოს დადასტურება. ამასთანავე, დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში, გამოიკვლიოს შესრულების დოკუმენტაციასა და ზედნადებებს შორის არსებული შეუსაბამობები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6: 

დეპარტამენტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების დარღვევით ქვეკონტრაქტორის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

რეკომენდაცია N7:

დეპარტამენტმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის მომსახურების პროცესის წარმართვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს არიდებული საბიუჯეტო სახსრების ზედმეტი ხარჯვა.