სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 10 იანვარი, 2020
აღმოსავლეთ საქართველოში, ზემო აფხაზეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018

შრომის ანაზღაურება

აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობების თანამშრომლებზე (შტატით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეები) შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძვლების, ასევე დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისას გამოვლინდა ნაკლოვანებები. კერძოდ: წარმომადგენლობებში არ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან გასვლის სათანადო აღრიცხვა და მასზე შესაბამისი კონტროლი, ამავდროულად რეგიონებისა და ქალაქების წარმომადგენლობების მიერ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც დაფიქსირდა სახელფასო თანხების კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ გაცემა, რაც თავის მხრივ შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკებს და არ იძლევა შესაბამისი რწმუნების მიღების შესაძლებლობას კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე; იმერეთის წარმომადგენლობაში რამდენიმე თანამშრომლებზე არასწორად (ზედმეტად) იყო გაცემული საბიუჯეტო სახსრები. ამავდროულად, ბუღალტრის მიერ საქმისადმი არაჯეროვანი მიდგომისა და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში დაფიქსირდა რეალურად გაუცემელი ხელფასის შეცდომით დადეკლალირება; აღმოსავლეთის წარმომადგენლობაში საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, შრომის ანაზღაურების გაცემა განხორციელდა, როგორც არასწორად გაანგარიშებული თანხით, ასევე არასწორი სახაზინო მუხლით, რითაც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების კანონშეუსაბამოდ გაცემის/ხარჯვის ფაქტები.

საქონელი და მომსახურება

საქონელი და მომსახურების ხარჯებში შემავალი მივლინების ხარჯებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისას დაფიქსირდა ხარვეზები. კერძოდ: აღმოსავლეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობების მიერ თანამშრომელთა უფლებამოსილების განხორციელების პროცესებისა და სამორიგეო ავტომანქანის მოძრაობის არასათანადო კონტროლის გამო, დაირღვა საჯარო მოხელის მივლინებაში გამგზავრებისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი; სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების ობიექტებში (ძირითადად, სარესტორნო მომსახურება) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობა და მიზანშეწონილობა სათანადოდ ვერ დასაბუთდა, რამაც წარმოქმნა საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გახარჯვის რისკები; აღმოსავლეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებში არასათანადო კონტროლის გამო, შეიქმნა ავტომანქანების არადანიშნულებით გამოყენებისა და მათ მოვლა-შენახვაზე ხარჯების არამიზნობრივად გაწევის რისკები.

არაფინანსური აქტივები

წარმომადგენლობების საკუთრებაში არსებული არაფინანსური აქტივების ფულად ღირებულებაში აღრიცხვის, მათი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განკარგვისა და ინვენტარიზაციის ჩატარების შემოწმებისას გამოვლინდა ნაკლოვანებები. კერძოდ: აღმოსავლეთის წარმომადგენლობაში, საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის არაკვალიფიციური მიდგომით, ცვეთის თანხები არასწორად იქნა გაანგარიშებული, რამაც გამოიწვია არაფინანსური აქტივებისა და ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯების ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორი ღირებულებით ასახვა; იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებში აქტივების საჭიროების/მიზნობრიობის, მოხმარების/ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და შესაბამისი კონტროლის არ არსებობის გამო, წარმოიქმნა არაფინანსური აქტივების არადანიშნულებით გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები; აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისა და საინვენტარიზაციო კომისიის არაკვალიფიციური მიდგომის, აგრეთვე ხელმძღვანელობის არასათანადო კონტროლის გამო, არ მოხდა აქტივების სრული, ზუსტი და დადგენილი წესის მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვა (ინვენტარიზაციის შედეგებში ასახვა), რითაც შეიქმნა არაფინანსური აქტივების დაკარგვის, დატაცების ან/და არამიზნობრივად გამოყენების რისკები.

პროგრამული ხარჯები

აღმოსავლეთის, იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებში აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად შექმნილი კომისიების მიერ დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ობიექტების ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების, დეფექტების აღმოფხვრის, გაუმჯობესების მიზნით, მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას და დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემისას გამოვლინდა ნაკლოვანებები. კერძოდ: იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შესახებ არ ხდებოდა სრული და დეტალური ინფორმაციის მოძიება/შესწავლა, დაუსაბუთებლად და რაციონალურობის პრინციპის გაუთვალისწინებლად წარმოებდა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების შეფასება. ბაზრის კვლევის გარეშე ფორმდებოდა ხელშეკრულება შემსრულებლებთან, რომელთა მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაობის შესახებ არ იყო წარმოდგენილი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია. შესაბამისად, საქმისადმი არაკვალიფიციური მიდგომის გამო, შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები; სამეგრელოს წარმომადგენლობის მიერ ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა თანხების არასწორად, შეცდომით ჩარიცხვის ფაქტები. არასათანადო კონტროლის გამო, რიგ შემთხვევებში დაფინანსება გაიცა დამტკიცებული წესის საფუძველზე  მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ, შედეგად საბიუჯეტო სახსრების განკარგვის კუთხით შეიქმნა თანხების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

ხარჯებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა

აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში ბუღალტრული სამსახურების საქმისადმი არაკვალიფიციური მიდგომისა და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო კონტროლის პირობებში, ხარჯებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის დროს არ იყო დაცული სისწორის, სისრულის, არსებითობისა და საიმედოობის პრინციპები, რითაც იქმნებოდა საბიუჯეტო რესურსების (ფულადი სახსრები და მატერიალური ფასეულობები) უკონტროლოდ განკარგვის რისკები.

სახელმწიფო შესყიდვები

იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობების მიერ კომპიუტერული ტექნიკისა და საბეჭდი ქაღალდის არასწორად, კონსოლიდირებული ტენდერის გარეშე შესყიდვით დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები და შესყიდვების კოორდინატორების არაკვალიფიციური მიდგომის გამო, წარმოიქმნა საბიუჯეტო სახსრების არმიზანშეწონილად გახარჯვის რისკები.

დებულებით განსაზღვრული მიზნები

ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობის საქმიანობის ანალიზით ვლინდება, რომ ორგანიზაცია დებულებით განსაზღვრული ძირითადი აქტივობების შეუსრულებლობის პირობებში ახორციელებს მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასა და აღრიცხვას. რის გამოც, ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯები ფაქტობრივად წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამიზანშეწონილ ხარჯვას და მიუთითებს საჯარო ფინანსების არაეფექტიან მართვაზე.

კონტროლის სისტემა

აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში არსებული კონტროლის გარემო იყო არადამაკმაყოფილებელი. კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილებას/პრევენციას, ან გამოვლენა/გასწორებას. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ დებულებით ზედამხედველობა ევალებოდა დევნილთა დეპარტამენტს, აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიანიშნებს მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული კონტროლის სისუსტეზე/არაეფექტიანობაზე. შესაბამისად, ფორმალური ინსტრუქციის (სახელმძღვანელო, დებულება ან სხვა ფორმალური დოკუმენტი) არ არსებობა, არაფორმალიზებული კონტროლის პროცედურების ნაკლოვანებები და თავის მხრივ წარმომადგენლობების საქმიანობის ზედამხედველის არასაკმარისი/არასრულყოფილი მონიტორინგი ქმნიდა წარმომადგენლობების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ საქმიანობისა და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკებს.

 

რეკომენდაცია N1: აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში ხელფასების დარიცხვის საფუძვლებთან დაკავშირებით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და ხელფასის გაცემის მეტი სანდოობის მიზნით, განხორციელდეს კონტროლის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ნამუშევარი დროის ზუსტად იდენტიფიცირებას.

რეკომენდაცია N2: იმერეთის წარმომადგენლობის მიერ საბიუჯეტო სახსრების გაცემა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე სახაზინო გადარიცხვებზე დაწესდეს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შეცდომების დროულ იდენტიფიცირებას და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვას.

რეკომენდაცია N3: აღმოსავლეთისა და იმერეთის წარმომადგენლობებმა უზრუნველყონ დროებითი შრომისუუნარობის გამო თანხების გაცემაზე კონტროლის სისტემის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად და რაციონალურად ხარჯვას. ასევე აღმოსავლეთის წარმომადგენლობამ განახორციელოს კანონშეუსაბამოდ ანაზღაურებული თანხების ბიუჯეტში დაბრუნება.

რეკომენდაცია N4: აღმოსავლეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობების მიერ შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა და სამორიგეო ავტომანქანის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას შესაბამისი სამსახურებისათვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმებას, ასევე შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.

რეკომენდაცია N5: წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებმა შეიმუშაონ კონტროლის ისეთი მექანიზმი და წესი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ღონისძიებების დაფინანსებას, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მათ საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს. ასევე განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მათი მიღება-გამასპინძლების ფორმა, მიზანი და უზრუნველყოფილ იქნეს წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულე და გამჭვირვალობა, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვას.

რეკომენდაცია N6: აღმოსავლეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებმა შეიმუშაონ და დანერგონ ავტომანქანების განკარგვისა და გაწეული ხარჯების სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობების რესურსების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია N7: აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არაფინანსური აქტივების სრულ, ზუსტ აღრიცხვასა და ინვენტარიზაციის შედეგებში ასახვას, ამავდროულად, არაფინანსური აქტივების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეძენა და დანიშნულებით გამოყენება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად მართვას.

რეკომენდაცია N8: იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებში განხორციელდეს ყველა მოსალოდნელი სარემონტო სამუშაოს კონკრეტული აღწერა და დასაბუთებული შეფასება. შემსრულებლის მოძიება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი ბაზრის შესწავლის საფუძველზე. ამავდროულად დაწესდეს შესრულებული სამუშოების კონტროლის ეფექტური მექანიზმი.

რეკომენდაცია N9: სამეგრელოს წარმომადგენლობის მიერ შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების გაცემის პროცესში შეცდომების დაშვების რისკის მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო ასეთი ფაქტის დაშვების შემთხვევაში მის დროულად აღმოჩენასა და გამოსწორებას. 

რეკომენდაცია N10: აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებმა განახორციელონ შეცდომით წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების კორექტირება/დაზუსტება.

რეკომენდაცია N11: იმერეთისა და სამეგრელოს წარმომადგენლობებმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებით შეიმუშაონ ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახრსების ეფექტიანად მართვას.

რეკომენდაცია N12: ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობაში განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულება/მონიტორინგის მიზნით, ასევე წარმომადგენლობების საქმიანობის ზედამხედველთან – დევნილთა სამინისტროსთან ერთად შემუშავდეს განსაზღვრულ ფუნქციებთან და ამოცანებთან შესაბამისი ზემო აფხაზეთის ახალი დებულების პროექტი, რომლის განხილვა და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესის მიხედვით.

რეკომენდაცია N13: აღმოსავლეთის, ზემო აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის წარმომადგენლობებში მიმდინარე პროცესებში არსებული რისკების შემცირების მიზნით, შემუშავდეს ისეთი კონტროლის პოლიტიკა, პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიან კონტროლს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ყველა ეტაპზე.

რეკომენდაცია N14: დევნილთა სამინისტრომ განიხილოს ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობის საქმიანობის მიზანშეწონილობა. ამავდროულად დანერგოს წარმომადგენლობების საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მიერ საჯარო რესურსების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არამიზანშეწონილად ხარჯვისა და არაეფექტიანად მართვის შემთხვევების დროულ გამოვლენასა და აღკვეთას.