სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 09 თებერვალი, 2024
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრიორიტეტის − „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის − „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროგრამის ფარგლებში გაცემული აქტივები

მასშტაბის შეზღუდვა - სააგენტოს მიერ 2022 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პროგრამების ფარგლებში მიწოდებულია სხვადასხვა სახის სამედიცინო ტექნიკა და მედიკამენტები. სააგენტოს მიერ მონიტორინგის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, რადგან ვერ ხერხდება აქტივებთან დაკავშირებით ფიზიკური შემოწმება/დადასტურება, აუდიტის ჯგუფი ვერ იღებს სათანადო რწმუნებას, როგორც ამ აქტივების (მოწყობილობების) არსებობის შესახებ, ასევე მედიკამენტების ბენეფიციარებზე გადაცემის თაობაზე.

შიდა კონტროლის სისტემა 

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზები - სამინისტრომ 2022 წელს სამედიცინო საგნებსა და მომსახურებაზე გამოაცხადა, ჯამში − 1,304,070 ლარის სავარაუდო ღირებულების 31 ელექტრონული ტენდერი, რომელთაგან არ შედგა ხუთი ტენდერი, ხოლო სამი ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ტენდერების რაოდენობის ფარგლებში, იმავე შესყიდვის საგანზე, იდენტური სატენდერო პირობებით სამინისტრომ გამოაცხადა ახალი ტენდერები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სავარაუდო მომწოდებლებმა და საბოლოოდ ჯამში გამოცხადდა და შედგა 790,470 ლარის სავარაუდო ღირებულების 23 ტენდერი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სამინისტროს მიერ პოტენციურ მომწოდებლებთან არასაკმარის კომუნიკაციაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ექვსი ტენდერის შემთხვევაში, დაფიქსირდა წინადადების საბოლოო ფასი − შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, 20%-ით ან მეტით ნაკლები ღირებულება. ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე, შემსყიდველმა გარდა პოტენციურ მიმწოდებლებთან კომუნიკაციისა, უნდა ჩაატაროს ბაზრის კვლევა. კერძოდ, გარდა სავარაუდო მიმწოდებლებისგან წერილობით მიღებული ინფორმაციისა, ასევე უნდა უზრუნველყოს წარსულში გამოცხადებული მსგავსი ან იდენტური ელექტრონული ტენდერების ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს, დაგეგმვის ეტაპზე ადეკვატურად და რეალისტურად განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება.

პროგრამების შესრულების ნაკლოვანებები - სამინისტროს აპარატისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2022 წელს სამინისტროსა და სააგენტოს აუთვისებელი დარჩა თანხები, რის გამოც სრულად არ იქნა გამოყენებული საბიუჯეტო რესურსი.

პროგრამების განხორციელების ნაკლოვანებები - 2022 წელს პროგრამების მიმდინარეობისას არ ხორციელდებოდა სათანადო კონტროლი, კერძოდ სამინისტროსა და სააგენტოს მიერ არ იყო დამტკიცებული შესაბამისი ფორმა, რომლითაც მოხდებოდა კოორდინატორების მიერ შესრულებული სამუშაოს იდენტიფიცირება; ასევე არ იყო დამტკიცებული კოორდინატორების მიერ 2022 წელს პრაქტიკაში გამოყენებული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ბენეფიციართა აღრიცხვა და მათი დოკუმენტაციის კონტროლის დადოკუმენტირება. შესაბამისად, არაფორმალიზებული, ფაქტობრივად არსებული არასრული დოკუმენტირება არ იძლევა მთლიანობაში შემოსული განცხადებების კონტროლისა და მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების მიზეზების ანალიზის შესაძლებლობას.
 

აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია N1:

სამინისტროს აპარატმა შეიმუშაოს კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების დაგეგმვის პროცესში ბაზრის კვლევის რამდენიმე მეთოდით განხორციელებას, მათ შორის, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებას შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გაანგარიშების პროცესში; ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს არშემდგარი ტენდერების რაოდენობას. 

აფხაზეთის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ა(ა)იპ − აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს 

რეკომენდაცია N2:

სამინისტროს აპარატმა და სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დოკუმენტირების ფორმა, რომელიც დაადასტურებს როგორც პროგრამის ფარგლებში პასუხისმგებელი პირების მიერ შესრულებულ სამუშაოს, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის სისრულეს პროგრამის ბენეფიციარების/პოტენციური ბენეფიციარების შესახებ.