სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 05 მაისი, 2023
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღების, გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღების, გამოყენებისა და მათზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა

არასათანადოდ დადასტურებული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა და არაეფექტიანად გახარჯული საბიუჯეტო სახსრები -  2020-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ხშირი მივლინებები არ დასტურდება, რის გამოც მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა მოკლებულია სათანადო საფუძველს. შესაბამისად, შეძენილი მაღალი გამავლობის ავტომობილის ნაცვლად, ამავე კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, დაიზოგებოდა, დაახლოებით, 10 ათასამდე ლარი და საბიუჯეტო სახსრებიც ეფექტიანად გაიხარჯებოდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯები

შეუსაბამობები ავტომანქანის რეცხვის ტალონების აღრიცხვა-გამოყენებაში - შეძენილი ავტომანქანის რეცხვის ტალონები, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, პირდაპირ ჩამოიწერა ხარჯებში, რითაც წარმოიშვა 13 061 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკი.

ავტომანქანის რემონტზე არამიზნობრივად დახარჯული საბიუჯეტო სახსრები - უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დაზიანდა ავტოსადგომზე დგომის დროს. 

უწყებაში არასათანადო კონტროლის, კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობის და არაეფექტიანობის გამო, ამ შემთხვევის შესახებ არ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას და საპატრულო პოლიციას, არ იქნა გამოყენებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და ავტომანქანა გარემონტდა უმაღლესი საბჭოს აპარატისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით, რის გამოც არამიზნობრივად გაიხარჯა 1 700 ლარი.

სათადარიგო ნაწილების შეძენის და სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარვეზები 
ა) ავტოპარკის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯების ფარგლებში შეძენილია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები და შესრულებულია სარემონტო სამუშაოები არასრულყოფილად შედგენილი დეფექტური აქტების საფუძველზე ან მათ გარეშე. შესაბამისად, კონტროლის სისტემის არარსებობის გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება;

ბ) მთავრობის აპარატს 2019 წლის ნოემბერში გადაეცა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 65 000 ლარად შეძენილი 2010 წელს გამოშვებული ავტომანქანა - „მერსედეს-ბენც“ S550. აღნიშნული ავტომობილის რემონტისათვის 2020-2021 წლებში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გახარჯულია 26 487,27 ლარი, რაც ავტომანქანის შეძენის ღირებულების 41%-ია.

აგაი სისტემის ჩიპის გამოყენების ხარვეზები - ავტომანქანების საწვავის ავზის ხუფზე არ იყო დამაგრებული სპეციალური ჩიპი, რაც იძლეოდა მისი გადაადგილების შესაძლებლობას და ქმნიდა საწვავის არადანიშნულებით გახარჯვის რისკებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯები

სამორიგეო ავტომობილებზე საწვავის ჩასხმის ფაქტები დასვენების/უქმე დღეებში - სამსახურებრივ ავტომობილებზე ფიქსირდებოდა დასვენების/უქმე დღეებში საწვავის ჩასხმის ისეთი ფაქტები, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში არ იყო ასახული. აღნიშნულის გამო, ვერ იდენტიფიცირდებოდა სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენება და იქმნებოდა საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით, არაეფექტიანად გახარჯვის რისკები.

2020-2021 წლებში ორგანიზაციებში ოთხ სამსახურებრივ ავტომობილზე ვერ იქნა მოპოვებული მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, მათ შორის, ორ შემთხვევაში − არ იწარმოებოდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში − დაიკარგა.

საწვავის ჩასხმა სამივლინებო ლოკაციებზე მივლინების გარეშე - რამდენიმე შემთხვევაში  სამსახურებრივ ავტომობილზე ფიქსირდება ქალაქგარეთ, მივლინების ბრძანების გარეშე საწვავის ჩასხმის ფაქტები. შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდებოდა სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენება და იქმნებოდა საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით, არაეფექტიანად გამოყენების რისკები.

საწვავის ლიმიტზე გადაჭარბება - საწვავის ხარჯვის დადგენილი ლიმიტების შესახებ ბრძანება, უმეტესად წარმოადგენდა ფორმალურ დოკუმენტს და საოპერაციო საქმიანობისას არ იყო გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, რის გამოც ფაქტობრივად არ კონტროლდებოდა ლიმიტების გადაჭარბების ფაქტები. საწვავის ავზის მოცულობაზე მეტი რაოდენობით ჩასხმის ცალკეული შემთხვევა კი მიუთითებდა საწვავის ჩიპის სხვა ავტომობილში შესაძლო გამოყენებაზე. აღნიშნულით დასტურდება, რომ არ არსებობს კონტროლის გარემო და იქმნება საწვავის არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატს

რეკომენდაცია N1: 
სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, მათი რაოდენობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის პირობებში ავტოპარკის განახლების ოპტიმალური დროის განსაზღვრის, საჭიროებისა და ხარჯეფექტურობის დასაბუთების პრინციპების დაცვით ავტომობილების შესყიდვას.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, მთავრობის აპარატს, დევნილთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს

რეკომენდაცია N2:  
შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის პირობებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვაზე (ავტომანქანების რეცხვა, სათადარიგო ნაწილების და სარემონტო მომსახურების შეძენა) არამიზნობრივი და არარაციონალური ხარჯვის რისკების დაზღვევას.

უმაღლეს საბჭოს, მთავრობის აპარატს, დევნილთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს; ფინანსთა სამინისტროს, სსიპ − დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სსიპ − პროგრამების და სერვისების სააგენტოს

რეკომენდაცია N3:
სახელმწიფო ავტოპარკისათვის გამოყოფილი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შემუშავდეს კონტროლის ქმედითი მექანიზმები (GPS და/ან სხვა ელექტრონული სისტემა, დამონტაჟებული ჩიპების პერიოდულად შემოწმებისა და ავტომობილების მოძრაობის ჟურნალში ჩანაწერების მონიტორინგის ეფექტიანი ღონისძიებები), რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებას.