სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 05 მაისი, 2023
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020-2021 წლებსი განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სატენდერო განაცხადის და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების, გამარტივებული შესყიდვების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და საგარანტიო ვადების, საავანსო ანგარიშსწორების საკითხებთან დაკავშირებით.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სახელმწიფო შესყიდვების მომზადება

სახელმწიფო შეყიდვების მომზადების ნაკლოვანებები - შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს არ იყო გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები შესაფერისი ინფორმაციის შეგროვების, მისი სათანადო შესწავლისა და ანალიზის თაობაზე. შესყიდვის საჭიროებები არ განისაზღვრებოდა რაციონალური გათვლების საფუძველზე. შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციებში არ იყო ჩამოყალიბებული მართლზომიერი პრაქტიკა მომავალი წლისთვის საჭირო შესყიდვების სწორად და რაციონალურად დასაგეგმად, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმები განიცდიდა არსებით და მრავალჯერად ცვლილება-დამატებას, რაც შემდგომში სახელმწიფო შესყიდვების შეწყვეტის, პროცედურების  გაჭიანურებისა და საბოლოოდ საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არაეფექტიანი ხარჯვის რისკის მატარებელი იყო.

ბაზრის კვლევა 

ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები - სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა ორ შემთხვევაში არ ჩატარებულა ან რაც ჩატარდა, ისიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ ემსახურებოდა პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორად განისაზღვრა. პროცესი არ იყო ფორმალიზებული და ვერ დგინდებოდა, რომელი მეთოდით ხდებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.

სატენდერო პირობები, სატენდერო განცხადება და დოკუმენტაცია

სატენდერო პირობების, სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის ნაკლოვანებები - „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრეს სატენდერო კომისიებმა, რიგ შემთხვევაში არ გამომდინარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, არ იყო პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს არ უწყობდა ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. შესაბამისად, ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით, პრეტენდენტთა მიმართ რელევანტური მოთხოვნები არ იყო დადგენილი.

ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტის გაცხადებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები -  შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომლები ასრულებდნენ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ისეთ საქმიანობებს, რომლებსაც
მოქმედი კანონით ეხება ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მიმწოდებლის ვინაობა, კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებს წერილობით არ დაუდასტურებიათ, რომ შესყიდვის განხორციელებაში მათი მონაწილეობა არ იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს.

გამარტივებული შესყიდვა

გამარტივებული შეყიდვის ხარვეზები - სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით, გამარტივებული წესით განხორციელდა ისეთი საქონლის შესყიდვა, რომლის შესყიდვაზეც ტენდერის დროულად გამოცხადება არ გამოიწვევდა ღონისძიების შეფერხებით ჩატარებას.

შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და საგარანტიო ვადები

შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და საგარანტიო ვადების ნაკლოვანებები - მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით. 11 შემთხვევაში გამოვლინდა სხავადასხვა სახის დარღვევა, რაც ძირითადად უკავშირდებოდა სამუშაოების უხარისხოდ და არასრულად შესრულებას. აღნიშნულ ობიექტებზე, 4 100 ლარამდე სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა.

დეზინფექციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებული მომსახურებების ელექტრონულ შესყიდვები

დეზინფექციასა და დეზინფექციასთან დაკავშირებული მომსახურებების ელექტრონულ შესყიდვებში გამოვლენილი ხარვეზები - ჩატარებულ დეზინფექციასთან დაკავშირებული სამუშაოების ნუსხით წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, რომელ ობიექტებში ჩატარდა 900 ლარის ღირებულების სადეზინფექციო სამუშაოები. 

ობიექტების დასახელებისა და თარიღების მითითებით შესრულებული სამუშაოების აქტები შედგენილი არ იყო. 

სსიპ - დევნილთა მომსახურების სააგენტომ მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართა სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფაქტობრივად განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად.

აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა არსებითი სახის ხარვეზები და დამატებითი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება, შესაბამისი დანართის გარეშე, გაიზარდა 19 000 ლარით − 217 000 ლარამდე: 

სადეზინფექციო მომსახურების ჩატარების მიმდინარეობისას, ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად ახორციელებდნენ ფართების აზომვებს, თუმცა აზომვების დამადასტურებელი აქტები წარმოდგენილი არ ყოფილა. სამუშაოების ჩატარება არ დადასტურებულა აქტით, შესრულებულ სამუშაოებზე ფორმის მიხედვით, რაც მიანიშნებს, რომ არ შესრულდა სატენდერო დოკუმენტაციის პირობები. 

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, არასრულყოფილად შედგენილი აქტების, მითითებული ვადების გათვალისწინებით და ჩატარებული სამუშაოების საეჭვო მოცულობებიდან გამომდინარე, ფიქსირდება 107 750 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები.

შესაძლო დანაშაულის შემცველ ფაქტებთან დაკავშირებით და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები

2021 წელს პროგრამების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულყოფილად შეუსრულებლობის პირობებში, მიმწოდებლებზე გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 314 971 ლარი, რაც სულ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 67,1%-ია. ზემოაღნიშნული თანხიდან ფიქსირდება მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, შეუსრულებელი სამუშაო-მომსახურება და დასაზუსტებელი სამშენებლო სამუშაოები. 

ზემოაღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოტანილია სასამართლოს დადგენილება სააგენტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, მთავრობის აპარატს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, სსიპ − კულტურისა და სპორტის სააგენტოს, იგპ სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ  მინისტრის აპარატს

რეკომენდაცია N1: 
რაციონალური გათვლებისა და ანალიზის საფუძველზე შესყიდვის საჭიროების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტების ჩამოყალიბებას დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე და შესაბამის სამსახურებს (საფინანსო, შესყიდვები, ლოგისტიკა) შორის კომუნიკაციით განისაზღვრება შესასყიდი საქონლის/მომსახურების საჭირო რაოდენობა და მოცულობა.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, იგპ სამინისტროს

რეკომენდაცია N2:
შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სათანადო შესწავლას.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, მთავრობის აპარატს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, სსიპ − კულტურისა და სპორტის სააგენტოს, იგპ სამინისტროს, დევნილთა მომსახურების სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ  მინისტრის აპარატს

რეკომენდაცია N3:
შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შედგენილ ტექნიკურ დავალებებში მიმწოდებლების მიმართ წაყენებული ტექნიკური და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ისეთი რელევანტური მოთხოვნების ჩამოყალიბებას, რითაც შესაძლებელი იქნება მიმწოდებლების ტექნიკური ცოდნა-გამოცდილების, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობებისა და სანდოობის შეფასება.

რეკომენდაცია N4:
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის საგამონაკლისო საშულებებით განხორციელებისას ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს რისკების შეფასებისა და მონიტორინგის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არაეკონომიური ხარჯის გაწევის თავიდან აცილებას.