სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ფინანსური აუდიტი. აუდიტმა მოიცვა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.
ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უპირობო მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტების აუდიტით გამოვლინდა, რომ დანიშნული საჯარო მოხელის პირად საქმეში არ იყო წარმოდგენილი:
- 5 შემთხვევაში - სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
- 2 შემთხვევაში - სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები აღმოიფხვრა მიმდინარე აუდიტის პროცესში.
მთავრობაში ბრძანებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, 2013 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 10 მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია სულ 34,599.48 ლარი.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ ერთი პირი აყვანილი იყო 2013 წელს მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, თვეში 950 ლარის ანაზღაურებით.
ჯამში, ზემოაღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეზე ანაზღაურდა სულ 5 700 ლარი.
წარმდგენი: გიორგი ფრუიძე