სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 27 დეკემბერი, 2019
აფხაზეთის ა/რ დეპარტამენტების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი
პერიოდი: 2018

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობისას გამოვლენილი ნაკლოვანებები დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან:  არ დასტურდება აქტივობა არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი, აკადემიური გამოცდილების, აპრობირებული პროგრამების, ინიციატივების, კვლევების, მოსაზრებების შეგროვების, გაანალიზებისა და შეჯერების საქმიანობაში. ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობისათვის წინადადებები და დასკვნები წარდგენილი არაა.  დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით განხორციელებული აქტივობები არსებული პრობლემების გადასაწყვეტად არასაკმარისი იყო.  არ შემუშავებულა რაიმე სახის წინადადება/პროექტი დევნილთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესსა და პოლიტიკურ- კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საქმიანობისას გამოვლენილი ნაკლოვანებები სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში:  არ ფიქსირდება გაწეული პრაქტიკული დახმარებები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიულ საქმიანობაში ჩასართავად; არასაკმარისი და არაეფექტიანი იყო აქტივობები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დასაქმების ხელშეწყობის პრობლემის მოსაგვარებლად;  არ დასრულებულა მუშაობა დევნილთა საარსებო წყაროს მოძიებისა და თვითდასაქმების ინფორმაციული ბაზის შექმნაზე;  არ შემუშავებულა/განხორციელებულა აფხაზეთიდან დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი პროექტები;  არ ფიქსირდება ხელშემწყობი ღონისძიებები დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად;  სოფლის მეუნეობის დეპარტამენტის კონტროლის სფეროში ფაქტობრივად არ იყო მოქცეული კონტროლირებადი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების, დამტკიცების, განწერის, წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები

საბაზო თანამდებობრივ სარგოზე სახელფასო კოეფიციენტის მინიჭება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების შეუსაბამოდ. არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კანონით მოთხოვნილი რაოდენობრივი შეზღუდვის შეუსაბამოდ (ზედმეტად) დასაქმებულ პირებზე ხელფასის სახით არამიზანშეწონილად გაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები. დაფიქსირდა საშტატო ერთეულების თანამდებობრივი სამუშაო აღწერილობებისა და ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების მოვალეობების თანხვედრა. ამავდროულად, ვერ დადასტურდა შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების აუცილებლობა და რიგ შემთხვევებში, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიზანი, რის გამოც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები. იუსტიციის დეპარტამენტში შრომის ანაზღაურების პროცესის ნაკლოვანებები თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის აღრიცხვის ელექტრონილი სისტემის არსებული მონაცემების შესწავლით გამოვლინდა თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის არასწორი აღრიცხვისა და შესაბამისად შრომის ანაზღაურების არასწორად გაანგარიშების შესაძლო რისკები.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში შრომის ანაზღაურების პროცესის ნაკლოვანებები

თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალში თითოეული თანამშრომლის სამუშაო ადგილზე გამოცხადების/გასვლის დროს დაფიქსირებულია არა მათი ინდივიდუალური მოსვლა-წასვლის საათი, არამედ შინაგანაწესით განსაზღვრული სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო. ამავდროულად, კონტროლირებადი ერთეულის – გამწვანების სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურში მოსვლა-წასვლის აღრიცხვის ჟურნალში მხოლოდ ხელმოწერებია და არაა მითითებული სამსახურში გამოცხადების/გასვლის დრო.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ტრანსპორტის ხარჯებთან  დაკავშირებული ხარვეზები

ავტომობილის მოძრაობის ამსახველი აღრიცხვის ჟურნალის მონაცემების ანალიზის საფუძველზე რამდენიმე შემთხვევაში ბენზინის ჩასხმის დრო არ ემთხვევა სააღრიცხვო ჟურნალში ასახულ ავტომანქანის გაყვანის და შემოყვანის პერიოდს, ან საერთოდ არ არის აღრიცხული ავტომანქანის გაყვანის ფაქტი; არის შემთხვევები, როდესაც ბენზინი ჩასხმულია არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში და/ან ჟურნალის ჩანაწერის მიხედვით ავტომანქანის გაყვანის ფაქტი არ არის აღრიცხული; ფიქსირდება ავტომანქანაში ბენზინის ჩასხმის ფაქტები რეგიონებში (ქალაქგარეთ), მაშინ როდესაც მივლინება გაფორმებული არ ყოფილა.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები

ავტომობილის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებისა და საწვავის ჩასხმის ფაქტების შესწავლით, რამდენიმე შემთხვევაში საწვავი ჩასხმულია, თუმცა აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებით ავტომანქანის სამსახურებრივი ტერიტორიიდან გაყვანის ფაქტი არ ფიქსირდება; არის შემთხვევები, როდესაც საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა ჟურნალში დაფიქსირებულ ავტომობილის გაყვანა-შემოყვანის პერიოდს.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში სმფ-ების ხარჯვის ნაკლოვანებები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სმფ-ების გადაცემის, მიზნობრივად გამოყენებისა და პროგრამის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია აუდიტის პროცესში წარმოდგენილი ვერ იქნა. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილზე ქიმიური პრეპარატების დარიგებისა და შესრულებული სამუშაოების რეალობის შემოწმება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა დასაბუთებული რწმუნება ზემოხსენებული პრეპარატების მიზნობრივად გამოყენების შესახებ. ასევე, მიუხედავად გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქიმიური პრეპარატების დარიგების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენისა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილზე ქიმიური პრეპარატების დარიგებისა და შესრულებული სამუშაოების რეალობის შემოწმება. შესაბამისად, აუდიტის მასშტაბის შეზღუდვის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა დასაბუთებული რწმუნება ზემოხსენებული პრეპარატების მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

გამწვანების სააგენტოზე გადმოცემული უძრავი ქონებით სარგებლობისას გამოვლენილი ხარვეზი

გამწვანების სააგენტოს უზუფრუქტით უსასყიდლოდ გადაცემული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ღირებულებით არ შეუფასებია და სათანადო წესით ბალანსზე არ აღურიცხავს. გამწვანების სააგენტოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას გამოვლინდა მონეტარული ზღვრების დაცვასთან და საგარანტიო ვადების მითითებასთან დაკავშირებული რიგი დარღვევები. გამწვანების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას გამოვლენილი ნაკლოვანებები განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების დროს დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები: შესყიდვები ხელოვნურად იყო დაყოფილი, შესყიდვის ხელშეკრულებებში (შესყიდვის საფუძვლად) ასახული იყო ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტები და არ იყო მითითებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებისა და შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადები.

 

რეკომენდაცია N1. დევნილთა სამინისტროს. შემუშავდეს ისეთი დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სამინისტროს ფუნქციებთან/ამოცანებთან და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების/მონიტორინგის მიზნით განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა.

რეკომენდაცია N2. დევნილთა სამინისტროს. პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება განხორციელდეს საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე და შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (გაწეული მომსახურების) იდენტიფიცირებით. ხელფასების დარიცხვის საფუძვლებთან დაკავშირებით რისკების შემცირების მიზნით, განხორციელდეს კონტროლის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა სამსახურში მოსვლა-წასვლის აღრიცხვის ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

რეკომენდაცია N3. დევნილთა სამინისტროს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სათანადოდ აღრიცხვას და ავტომანაქანების გამოყენების მიზნობრიობის შესახებ სრული ინფორმაციის ასახვას.

რეკომენდაცია N4. დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს. განხორციელდეს ზედამხედველობა დაქვემდებარებულ ერთეულებში კონტროლის ისეთი მექანიზმების დანერგვასა და ამოქმედებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს არაფინანსური აქტივების არამართლზომიერად და არაეფექტიანად გამოყენების პრევენციას.