სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 31 იანვარი, 2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში 25,787.7 ათასი ლარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა.

•    სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის საჯარიმო სანქციები. შედეგად, გახანგრძლივდა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების პროცესი და ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს

•    მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ვერ დააწესა შესაბამისი კონტროლი და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ სამუშაოები დასრულებულიყო დროულად. შედეგად, დაუსრულებელია რამდენიმე ობიექტი და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი მატერიალური სიკეთით

•    მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს. მუნიციპალიტეტში არ მუშაობს საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი

•    ტექნიკური ზედამხედველის მიერ განხორციელებული საქმიანობა ხასიათდება სისტემური ხარვეზებით. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან/და საბანკო გარანტიის მოთხოვნაზე

•    მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა სრულად ვერ მიიღეს ქონების გაქირავებით მისაღები საიჯარო შემოსავლები. შედეგად, ფინანსური ზიანი მიადგა ორგანიზაციის ინტერესებს

•    მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე

•    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, იჯარის ფორმით, ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. ასევე მუნიციპალიტეტის განუკარგავი ქონების ნაწილი გამოიყენება არაუფლებამოსილი პირების მიერ, რაზეც მერიას შესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებია

•    მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით

•    შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი. მათ შორის, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები განსაზღვროს პროექტის მნიშვნელობისა და ღირებულების გათვალისწინებით, აგრეთვე, დანერგოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას. მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, ასევე განსაზღვროს ადეკვატური საჯარიმო სანქცია, რომელიც მოსალოდნელი ზიანის თანაზომიერი იქნება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

რეკომენდაცია №2: მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვროს ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმები, ასევე მშენებლობის მიმდინარეობისას დააწესოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და პროცესები წარმართოს ისე, რომ მშენებლობა დასრულდეს ხარისხიანად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზების გარეშე მიწოდებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს ანგარიშში დაფიქსირებული გარემოებები და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №4: მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საზედამხედველო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო შეუსრულებლობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ, საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტიანად მართვის მიზნით, შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებული შპს-ების მიერ შემოსავლის ბიუჯეტში დროულ და სრულ მობილიზებას.

რეკომენდაცია №6: მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ მოახდინოს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №7: მუნიციპალიტეტის მერიამ, საბაზრო ფასებთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვა. ასევე მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად გამოავლენს მუნიციპალური ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ თვითნებურად გამოყენების ფაქტებს და მიიღოს შესაბამისი ზომები.

რეკომენდაცია №8: მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ფუნქციონირება, რომელიც ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემებს შეისწავლის და შეაფასებს, ასევე გამოავლენს პროცესებში არსებულ რისკებსა და სისტემურ ხარვეზებს. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №9: მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს, რატომ არ განხორციელდა სათანადო რეაგირება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის დროს გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებაზე რეაგირება.