სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 20 მაისი, 2013
აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ეროვნული რეაგირება საქართველოში: დაავადების გავრცელება და რეაგირების სისუსტეები
პერიოდი: 2008, 2009, 2010, 2011

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2008 - 2011 წლებში აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ეროვნული რეაგირების ფარგლებში, ჩაატარა მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა აივ ინფექცია/შიდსის

სახელმწიფო პროგრამისა და მისი განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობა. ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები სხვადასხვა კუთხით და შესაბამისად, გაიცა რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად.

აუდიტის მოტივი

საქართველოს მთავრობა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულია გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია, აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს. ინფიცირებულთა ნახევარი ვლინდება დაგვიანებულ სტადიაზე, უკვე შიდსის გამოვლენის ეტაპზე. აღნიშნული დაავადება განსაკუთრებულ ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

აუდიტის მიზანი:აუდიტის მიზანია, შეისწავლოს აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა, გამოავლინოს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ სახელმწიფო რეაგირების გამოწვევები და განსაზღვროს გაუმჯობესების შესაძლებლობები.

აუდიტის მიზნის მისაღწევად შესწავლილ იქნა საკითხები, რომლებიც მოიცავს: მაღალი რისკის ჯგუფის აივ ინფექცია/შიდსზე შესამოწმებლად საკმარისი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, პრევენციული ინტერვენციის ღონისძიებებს და სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის პროდუქტიულ და ეკონომიურ ხარჯვას.

ეფექტიანობის აუდიტი განხორციელდა ISSAI-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით..

მნიშვნელოვანი მიგნებები

  • დაუდგენელია მაღალი რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა - სამიზნე კონტინგენტის რაოდენობა, არ ხდება მათი რეგულარული მონიტორინგი.

  • ეროვნული რეაგირების სუბიექტებს (სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორი) შორის არსებობს არასაკმარისი კოორდინაცია.

  • სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტებს არ გააჩნიათ რისკ ჯგუფებთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქტიური მოძიებითი სამუშაოების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია აივ ინფექციის დროული გამოვლენისათვის.

  • აივ ინფექცია/შიდსზე მაღალი რისკ-ჯგუფის პირთა მიმართ კონსულტაცია-ტესტირების კომპონენტის ფინანსური რესურსები არაპროდუქტიულად დაიხარჯა.

  • ცენტრში არ არის დანერგილი ორგანიზაციული მართვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა, შიდა კონტროლის მექანიზმი. ამის გამო ცენტრში მაღალია შემოსავლების დაკარგვის, აქტივების არამიზნობრივად გამოყენებისა და პაციენტების აღურიცხველობის რისკები.

  • ცენტრის მიერ სამედიცინო საქმიანობისათვის აუცილებელი მასალებისა და პროდუქციის შესყიდვების დროს, რისთვისაც გამოიყენება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამული ფინანსები, ასევე საკუთარი შემოსავლები, არ არის დაცული შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის პრინციპი. ცენტრის მიმწოდებლებს შორის არიან ცენტრთან დაკავშირებული სუბიექტები..

რეკომენდაციები

  • სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭომ და სამინისტრომ, UNAIDS-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყონ მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და ეროვნული რეაგირების სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.
  • მაღალი რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა რაოდენობის დასადგენად სამინისტრომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რისკ-ჯგუფების რაოდენობრივ კვლევას. ეროვნული რეაგირების სუბიექტებთან ერთად სამინისტრომ უნდა დაგეგმოს და უზრუნველყოს კვლევის განხორციელება. ამასთან, მსგავსი კვლევები უნდა დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში და პერიოდულობით.
  • სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშაონ რისკ-ჯგუფებთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქტიური მოძიებითი სამუშაოების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში აღრიცხვაზე ან თვითდინებით მისული პაციენტების აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირებას, არამედ აქტიური მოძიებითი სამუშაოების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმ პირთა ტესტირებას, რომლებიც არასოდეს შემოწმებულან აივ ინფექციაზე.
  • სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა გადახედონ ინფიცირებულთა გამოვლენის ღონისძიებებს - სამედიცინო სერვისის კომპონენტებს და გამოძებნონ ინოვაციური გზები მათი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით უნდა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება რისკ-ჯგუფებზე პასუხისმგებელი დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა გადასინჯოს დაწესებულების მართვის სისტემა, ორგანიზაცია და სტრუქტურა. ცენტრმა უნდა უზრუნველყოს საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია, რათა პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები. ასევე, ცენტრმა მინიმუმამდე უნდა შეამციროს სახელმწიფო შესყიდვების შედეგად ფულადი სახსრების არარაციონალურად განკარგვის რისკები.