სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
საბიუჯეტო რესურსები
რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში 20-20% დააკლდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
არაეფექტიანი ღონისძიებები - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი სერვისების სათანადოდ მიწოდებას. შედეგად, ხარვეზებია წყალმომარაგების მიმართულებით და სამშენებლო მასალით უზრუნველყოფის პროგრამა ძირითადად ვერ აუმჯობესებს ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
სახელმწიფო შესყიდვები
სავარაუდო ღირებულების დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტმა სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისას სავარაუდო ღირებულება გაზარდა დაუსაბუთებლად, რამაც საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია.სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვა
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საშუალოდ, 4-6 ერთეულით აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის ხარჯვასა და სპეციალური ტექნიკის მიზნობრივ გამოყენებაზე.
შემოსავლების მართვა
მიუღებელი შემოსავლები - შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია:
- მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის 1 იანვრისთვის ვერ მიიღო სულ 27.9 ათასი ლარის შემოსავალი;
- 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით.
შიდა კონტროლის სისტემა
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.