აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ქვეპროგრამის „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:
ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების ღონისძიებების ფარგლებში, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების გარეშე, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართების) გაცვლის ფორმით განკარგვა, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან.
ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების ღონისძიებების ფარგლებში, მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე გადაცემული 6 კვ.მ-ის ზემოთ ფართის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან შემოსულობის ანგარიშზე, თუმცა მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე გადაცემული 6 კვ.მ-ის ზემოთ ფართის საბაზრო ღირებულების გამოქვითვა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯების ღირებულებიდან.
მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა, ორ შემთხვევებში, გადახდილია სათანადო მინდობილობის/ბენეფიციართა წერილობითი თანხმობის გარეშე.
დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა აუდიტის ანგარიში და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.