სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 04 ოქტომბერი, 2019
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2017, 2016, 2015, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები და ნაკლოვანებები:

რეაბილიტაციის მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების ნაკლოვანებები

რეაბილიტაციის მმართველსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამება გადახდისუუნარობის კანონს, ვინაიდან მასში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული რეაბილიტაციის მმართველის პასუხისმგებლობის საკითხები. ასევე მმართველის შრომის ანაზღაურების ზრდის პრაქტიკა ხასიათდება ნაკლოვანებით, რადგან გათვალისწინებულია ყოველწლიურად, უპირობოდ 10%-იანი ზრდა, რაც არ ეფუძნება გონივრულ კრიტერიუმებს.

რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებული ხარვეზები

რეაბილიტაციის გეგმაში ასახული 10,819,341 ლარის ვალდებულება აღიარებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად. კერძოდ, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება არ განხორციელებულა სასამართლო წესით. აღნიშნული ვალდებულებებიდან 2014-2017 წლებში გადახდილია 15,684 ლარი. ამასთანავე, რეაბილიტაციის გეგმაში წარმოდგენილია ლიკვიდირებული კომპანიებიც. ამდენად, გეგმაში მოცემული კრედიტორული დავალიანებები არ ასახავს კომპანიის რეალურ ვალდებულებებს, რაც ზრდის თანხების სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადახდის რისკს.

რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილი ცვლილებებით, ხარჯები ყოველწლიურად იზრდება უზრუნველყოფილი კრედიტორისათვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სათანადო დასაბუთების წარდგენის გარეშე. 2014-2017 წლებში რეაბილიტაციის გეგმა შეიცვალა სამჯერ, რის შედეგადაც ხარჯების მუხლი გაზრდილია ჯამში 45,843,643 ლარით, 1 საიდანაც 21,238,877 ლარის ზრდა (46%) დაუსაბუთებელია. შესაბამისად, შესაძლებელია გეგმაში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც რეალურად აუცილებელი არ არის რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად.

კომპანიის მიერ რიგ მუხლებში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები აღემატება კრედიტორთან შეთანხმებულ ზღვრულ მოცულობებს. ელექტროსისტემაში დანერგილი პრაქტიკით, სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ გეგმა კორექტირდება, რის შედეგადაც ხდება გეგმური მაჩვენებლების ფაქტობრივთან შესაბამისობაში მოყვანა. გამომდინარე აქედან, ელექტროსისტემის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯვითი ოპერაციები არ ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით. ვინაიდან კრედიტორის ინფორმირება საანგარიშო პერიოდში ხარჯების მოცულობების გადახარჯვის შესახებ ხორციელდება ხარჯების ფაქტობრივად გაწევის შემდგომ, რეაბილიტაციის გეგმის ცვლილების პროცესში ფინანსთა სამინისტროს, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის მონაწილეობა ფორმალური ხასიათის არის.2014-2017 წლებში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, რაზეც სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მაგალითად: მთლიანი ვალდებულებების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში გაიზარდა 40%-დან 67%-მდე. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სუბსიდირების გარეშე, ეჭვქვეშ დგება რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მიღწევა ელექტროსისტემის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ელექტროსისტემის ძირითადი კრედიტორია სახელმწიფო, რომლის მიმართ ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა (521,117,937 ლარი).

კომპანიის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის ბოლოს დადგენილი ელექტროსისტემის შემოსავლების გაანგარიშების გაზრდილი ტარიფების2 საფუძველზე ელექტროსისტემა რეაბილიტაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში 2018 - 2023 წლებში გეგმავს საოპერაციო შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას და წმინდა ფინანსური შედეგების არსებით გაუმჯობესებას.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარვეზები

რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას. ასევე, რეაბილიტაციის გეგმასთან შეუსაბამოდ არის განსაზღვრული 2015-2016 წლების სახელფასო და საპრემიო ფონდები. კერძოდ, სახელფასო ფონდი გაზრდილია 2,456,635 ლარით, ხოლო საპრემიო ფონდი 409,439 ლარით მეტი ოდენობით;

2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით. რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან.

მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

კომპანიის 2014-2017 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით (76,708,726 ლარის ზარალი), ფინანსთა მინისტრის მიერ დაწესებული ნორმების ზემოთ 279,837 ლარის ხარჯების გაწევა არ იყო მიზანშეწონილი. ასევე არ არის მიზანშეწონილი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს წევრებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საზღვარგარეთ მივლინების დროს საცხოვრებელი ფართის ხარჯების ულიმიტოდ გაწევა, რისი შესაძლებლობაც განსაზღვრულია ელექტროსისტემის ბრძანებით.

კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29,254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს.

წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

რეაბილიტაციის გეგმის ცვლილებებით 2014-2017 წლებში დაუსაბუთებლად არის გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები 550,727 ლარით. 2014-2017 წლებისთვის დაგეგმილი იყო 203,977 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა. გეგმაში შეტანილი ცვლილებებით წარმომადგენლობითი ხარჯები გაიზარდა 550,727 ლარით და შეადგინა 754,704 ლარი, ხოლო ამავე წლებში ფაქტობრივად დაიხარჯა 1,421,679 ლარი, რაც 666,975 ლარით აღემატება შესაბამის პერიოდებში დაზუსტებულ გეგმურ მონაცემებს.

წარმომადგენლობითი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, 800,000 ლარზე მეტი, დახარჯულია ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყება-დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებებზე და სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და სუვენირებზე, რაც რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიისთვის არაეკონომიური დანახარჯებია; რესტორნის ხარჯებიდან 39 ათას ლარზე მეტი ანგარიშვალდებულ პირებზე ჩამოწერილია მიმწოდებლების მიერ ხარჯის დამადასტურებელი სრული პირველადი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ ჩეკისა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე;

საეჭვო მოთხოვნების ხარჯებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

ელექტროსისტემის მიერ 2014-2017 წლებში 137,869 ლარის ოდენობის მოთხოვნები უიმედო ვალად აღიარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების და უზრუნველყოფილ კრედიტორთან შეთანხმების გარეშე.

კომპანიის მიერ საკმარისი სამართლებრივი ღონისძიებების გაუტარებლობის შედეგად ხანდაზმულ მოთხოვნად იქცა 1,320,845 ლარის დებიტორული დავალიანებები.

საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტების ზემოქმედების ზონაში მოქცეული აქტივების შეძენაზე დახარჯულია 25,948,010 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 8,647,776 ლარის4 კომპენსაციებთან დაკავშირებით შედგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნები და სხვა დოკუმენტაცია. 6 შემთხვევაში (1,755,782 ლარის ჯამური კომპენსაცია), შესასყიდი ქონების შეფასების ფოტომასალა არ იძლევა შესაბამისი შენობანაგებობების და მრავალწლიანი ნარგავების იმ ღირებულებით აღქმის და იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რა ღირებულებითაც მოხდა მათი შეფასება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ფოტოდოკუმენტირება არ იძლევა სათანადო რწმუნებას შეფასებული ქონების შესაბამისი რაოდენობით არსებობის შესახებ.

2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაობი დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რისთვისაც აუდიტის პერიოდში დაჯარიმებულია 25-ჯერ, ჯამში 69,400 ლარით, საიდანაც 40,100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემისთვის არ არის იმდენად პრიორიტეტული, რამდენადაც უნდა იყოს ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამო.

ელექტროსისტემის მიერ 2014-2015 წლებში „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 („ჯვარი-ხორგა“) და 2017 წლებში („ქსანისტეფანწმინდა“), თუმცა პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება. კონტრაქტორების მოცდენის გამო ელექტროსისტემამ გადაიხადა 10,220,729 ლარის ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმის გადახდის მთავარი მიზეზი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეაფასა არსებული რისკები (განსახლების სირთულესთან დაკავშირებული რისკები).

შესყიდვებში გამოვლენილი ნაკლოვანებები

ცალკეულ შესყიდვებში პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა პრეტენდენტი გამარჯვებულად ცხადდებოდა დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე, ხოლო არასათანადოდ დაზუსტებული წინადადების შემთხვევაში პრეტენდენტს შემსყიდველი არ აძლევდა დისკვალიფიკაციას. ასეთი შესყიდვების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 5,706,291 ლარი.

 

 

 

რეკომენდაცია N1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ზედამხედველობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რეაბილიტაციის მმართველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მკაფიოდ განისაზღვროს მმართველის პასუხისმგებლობის საკითხები და მისი შრომის ანაზღაურების განსაზღვრის გონივრული კრიტერიუმები.

რეკომენდაცია N2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფულადი სახსრების სამართლებრივი საფუძვლით განკარგვის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს რეაბილიტაციის გეგმაში ასახული ვალდებულებების დაზუსტება და გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის ინიცირება.

რეკომენდაცია N3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმის ცვლილების პროცესში უზრუნველყოფილი კრედიტორისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ელექტროსისტემის მიერ მომზადებული პროექტის განხილვა-შეთანხმების პროცესში, გააანალიზოს მისი დასაბუთებულობა, აუცილებლობა და რეაბილიტაციის გეგმის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მისი, როგორც ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესების გათვალისწინებით.

რეკომენდაცია N4. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რეაბილიტაციის გეგმასთან შესაბამისობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ იმავე გეგმით დამტკიცებული ზღვრული მოცულობების ზემოთ ხარჯები გასწიოს მხოლოდ უზრუნველყოფილ კრედიტორთან დასაბუთებული წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამის მუხლებში გათვალისწინებული მოცულობების გაზრდის შემდგომ.

რეკომენდაცია N5. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ელექტროსისტემის ხარჯების მიზნობრიობის კონტროლისათვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს დაგეგმვის ეტაპზე ცნობილი დანახარჯების შესაბამის მუხლებად კლასიფიცირება და უზრუნველყოფილ კრედიტორთან ზღვრული მოცულობების შეთანხმება.

რეკომენდაცია N6. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ანაზღაურების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განსაზღვროს კომპანიის მიზნების და ამოცანების შესაბამისი პოზიციები და შეიმუშაოს თითოეულის შესაბამისი შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენის ობიექტური და დასაბუთებული კრიტერიუმები.

რეკომენდაცია N7. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რეაბილიტაციის გეგმასთან შესაბამისობის, სახელფასო/საპრემიო ფონდების ეფექტიანად დაგეგმვის და სამართლიანად განკარგვის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს კომპანიაში არსებული თანამდებობების ტექნიკურ და ადმინისტრაციულ კატეგორიებად კლასიფიცირება და შესაბამისი სახელფასო და საპრემიო ფონდების რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად განკარგვა.

რეკომენდაცია N8.  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სავალო მოთხოვნების ეფექტიანად მართვის და ფულადი დანაკარგების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ვადამოსული მოთხოვნების დროულ გამოვლენას და მათ ამოსაღებად შესაბამის ქმედებებს.