სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 05 დეკემბერი, 2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2013 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე (საბოლოო წარდგენა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას და მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა წარმოდგენილი მაკროეკონომიკური პროგნოზების და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების საფუძვლიანობა, გადასახდელების კანონპროექტით გათვალისწინებული დინამიკა, საშუალოვადიანი ფისკალური დისციპლინა,

როგორც „2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, როგორც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით დაგეგმილია 2012 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე. ამასთან, გათვალისწინებულია საგრანტო და სხვა შემოსავლების მუხლების 2012 წლის გეგმასთან შედარებით შემცირება. რაც შეეხება შემოსავლებს გადასახადების ცალკეული ტიპების მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აზრით, მიმდინარე და წინა წლების მობილიზების ტენდენციებისა და მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, ზედმეტად ოპტიმისტურად შეიძლება ჩაითვალოს, მოგების და იმპორტის შემოსავლების კანონპროექტით განსაზღვრული არსებითად მაღალი ზრდის ტემპი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, დასკვნაშია მოცემულია კანონპროექტით გათვალისწინებული ასიგნებების მიმართება 2012 წელთან შედარებით პრიორიტეტებისა და მხარჯავი დაწესებულებების/პროგრამების დონეზე. ასევე დასკვნაში აღნიშნულია 2013 წლისათვის დაგეგმილი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახდელების ზრდა 2012 წელთან შედარებით, რაც ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი არსებული დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის(საგარეო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა) და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების მასშტაბურ ზრდასთან. ამასთან, შემცირებულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების ოდენობა, ასევე განსხვავებულია სტრუქტურაც ტრანსფერების ტიპების მიხედვით. როგორც დასკვნაშია მითითებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია ბიუჯეტის კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილ იქნას უფრო სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია ცალკეული პროგრამების ასიგნებების ცვლილებებზე, კერძოდ, მოცემულ იქნას ინფორმაცია, თუ რომელ კონკრეტულ პროექტებს შეეხება ასიგნებების წარმოდგენილი შემცირება.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ნაშთის შემცირება, როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ისე მშპ-სთან მიმართებაში. ასევე მცირდება საგარეო ვალდებულებების ზრდის ტემპი, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით მისაღები შემოსულობები აღემატება 2012 წლის გეგმურ მაჩვენებელს, თუმცა დასკვნაში ხაზგასმულია აღნიშნული მუხლის აღრიცხვის სპეციფიკა, კერძოდ, ისევე როგორც წინა წლებში, აღნიშნული გეგმა განსაზღვრავს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების ემისიით მიღებულ არა მთლიან, არამედ წმინდა შემოსულობებს წინა წლებში გამოშვებული ვალდებულებების/ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის გამოკლებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საბიუჯეტო სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად, მიზანშეწონილია როგორც ბიუჯეტის კანონში, ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში, სახაზინო ვალდებულებების/ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული სახსრები სრულად აისახოს ვალდებულებების ზრდის, ხოლო ძირითადი თანხის დაფარვა ვალდებულებების კლების მუხლით.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია კანონპროექტით გათვალისწინებული პარამეტრების ანალიზი საკანონდებლო დონეზე განსაზღვრული ფისკალური ლიმიტების გათვალისწინებით, ასევე სახელმწიფოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული სახსრების დინამიკასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები.