სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 10 დეკემბერი, 2024
დასკვნა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონი ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. წლის განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტით პროგნოზი 9%-მდე იზრდება. 4.9 მლრდ ლარით იზრდება ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) პროგნოზიც და 90.9 მლრდ ლარს უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო და ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვანი განსხვავებებით ხასიათდება. აღნიშნული თავის მხრივ ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, რაც საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალური განაწილების თვალსაზრისით შემაფერხებელ ფაქტორს შეიძლება წარმოადგენდეს. 
საყურადღებოა, რომ ცვლილების პროექტს არ ახლავს „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ განახლებული დოკუმენტი.
პროექტით განსაზღვრული ორივე ფისკალური წესის საპროგნოზო მაჩვენებელი კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტების ფარგლებშია. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.4%-ის, ხოლო ვალის წესი 36.8%-ის დონეზეა განსაზღვრული. 
ეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მაჩვენებლები. 1.1 მლრდ ლარით მატულობს შემოსულობები და 25.7 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდითაა განპირობებული. „სხვა შემოსავლების“ მუხლში 163.3 მლნ ლარით მცირდება დივიდენდიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო ოდენობა, რაც გამოწვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან მისაღები დივიდენდის 34.9%-ით შემცირებით. პროცენტიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი იზრდება 40 მლნ ლარით და 320 მლნ ლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ 8 თვის მდგომარეობით ამ მუხლში მობილიზებულია 273.8 მლნ ლარი, რაც განახლებული გეგმის 85.6%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 900 მლნ ლარით იზრდება და 25.9 მლრდ ლარს უტოლდება, რაც ძირითადად განპირობებულია „ხარჯების“ მუხლის 841 მლნ ლარით მატებით. 54 მხარჯავი დაწესებულებიდან დაფინანსება ეზრდება 10-ს, მათ შორის, 9 სამინისტროს, ხოლო უმცირდება ერთ სამინისტროს. სამინისტროებისთვის დამატებით გამოყოფილი თანხის ჯამური ოდენობა 931 მლნ ლარია. მხარჯავი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული 138 პროგრამიდან დაფინანსება ეცვლება 40-ს. მათ შორის, 26 პროგრამის შემთხვევაში ასიგნებები მატულობს, ჯამურად 1.1 მლრდ ლარით, ხოლო 14 პროგრამის ასიგნებები მცირდება 193 მლნ ლარით. პროგრამების ნაწილი, რომელთაც უმცირდება დაფინანსება, ხასიათდება დაბალი ათვისებით ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებით.
ბიუჯეტის გადასახდელებთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

  • ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებით გადასახდელების გეგმის მსგავსი მასშტაბით ზრდა, მნიშვნელოვნად ზრდის დეკემბერში დასახარჯი ასიგნებების მოცულობას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს ობიექტურ გარემოებებთან, საბიუჯეტო რესურსის ჭარბი ათვისება წლის ბოლო თვეში ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გამოყენების რისკებს;
  • პროგრამების დაფინანსების ცვლილების არსებითი ხასიათის მიუხედავად, არ განახლებულა პროგრამული ბიუჯეტის დანართი. შესაბამისად ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა გავლენა ექნება დაფინანსების ცვლილებას შესაბამისი პროგრამების და მათ ფარგლებში განსაზღვრული ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების სამიზნე მაჩვენებლებზე;
  • კაპიტალური პროექტების ნაწილს მნიშვნელოვნად ეცვლება დაფინანსება. მიუხედავად ამისა, კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტების დანართი;
  • კანონპროექტთან ერთად არ მომხდარა სსიპ/ა(ა)იპ-ების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ართულებს ცვლილებების გავლენის შეფასებას აღნიშნულ ორგანიზაციებზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 689.4 მლნ ლარით იზრდება და 34.4 მლრდ ლარს უტოლდება. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს 12 საინვესტიციო პროექტის დაფინანსების შემცირებას, ჯამურად 153.5 მლნ ლარით და 4 პროექტის დაფინანსების ზრდას, ჯამურად 55 მლნ ლარით. ცვლილების არსებითი ხასიათის მიუხედავად, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პროექტების შეჩერების/დაფინანსების ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია.