სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 17 ოქტომბერი, 2025
მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, შემოსულობების მოცულობა 27.6 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელების - 27.9 მლრდ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება 381 მლნ ლარის ოდენობით. 8 თვის მდგომარეობით, ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსულობებმა 17.7 მლრდ ლარი, ხოლო გაწეულმა გადასახდელებმა 17 მლრდ ლარი შეადგინა.
2025 წლის 8 თვის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლების სახით მიღებულია წლიური გეგმური მაჩვენებლის 64.8%. წინა წლებთან შედარებით, მობილიზების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დანარჩენი გადასახადების შესრულების ტენდენცია შედარებით დაბალია.
სხვა შემოსავლების კუთხით აღსანიშნავია შესრულების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, 8 თვეში მობილიზებულ იქნა წლიური გეგმის 97.3%, რაც ძირითადად დივიდენდების მუხლის გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა. დივიდენდების სახით მიღებულმა შემოსავლებმა 670 მლნ ლარი შეადგინა (წლიური გეგმის 223.4%), რაც მთლიანად ეროვნული ბანკის მოგებიდან მიღებული დივიდენდია.
2024 წლისგან განსხვავებით, შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 8 თვის მონაცემებით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 216 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 72.1%-ია. 
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვეში ათვისებულია წლიური გეგმის 61% (17 მლრდ ლარი). გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებს შორის საყურადღებოა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის დაბალი ათვისების ტენდენცია, რომლის შესრულებამაც 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმის 55.2%, ხოლო წლიური გეგმის მხოლოდ 40.7% შეადგინა.
წლის განმავლობაში გადასახდელების თანაბარზომიერი ათვისების კუთხით გამოწვევად რჩება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების დინამიკა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ასევე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან, ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა.
საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების ტენდენციის მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. კერძოდ:
•    ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
•    გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 80%-ზე დაბალი ათვისება აქვს 89 პროგრამასა (პროგრამების 55.6%) და 195 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 47.8%).
2025 წლის 8 თვის მდგომარეობით ათვისების დაბალი ტენდენციით ხასიათდება კაპიტალურ პროექტებზე გამოყოფილი ასიგნებები. კერძოდ, კაპიტალური პროექტების დანართით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში დახარჯულია 1.8 მლრდ ლარი, რაც კანონით განსაზღვრული წლიური გეგმის მხოლოდ 42%-ია, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 67%. როგორც წლიური გეგმის, ასევე 9 თვის დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლებია ათვისებული 36 პროექტის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას.
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობამ 35.5 მლრდ ლარი შეადგინა და 1.4 მლრდ ლარით (4.1%-ით) გაიზარდა 2024 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო ვალის არსებული ნაშთი სახელმწიფო ბიუჯეტის მოქმედი კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (36.4 მლრდ ლარი) 97.5%-ს შეადგენს.
მთავრობის ვალის მოცულობა 8 თვის მდგომარეობით 34.6 მლრდ ლარია და 2024 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.4 მლრდ ლარითაა (4.3%-ით) გაზრდილი. მათ შორის, მთავრობის საშინაო ვალი გაიზარდა 967 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი - 463 მლნ ლარით. მთავრობის საგარეო ვალი ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად 867 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ახალი კრედიტების წმინდა ზრდა 414 მლნ ლარით შემცირდა.
საყურადღებოა, რომ მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით, საგარეო ვალის პორტფელში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტების მოცულობა მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდეს. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ეს ნიშნული დარღვეულია და ზემოხსენებული კრედიტების წილი მთლიანი პორტფელის 46.3%-ია, რაც პორტფელის მოწყვლადობას საპროცენტო განაკვეთის შოკების მიმართ ზრდის.
გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირობებში გაზრდილი მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი და მთავრობის ვალის პორტფელში საშინაო ვალის წილის ზრდა მნიშვნელოვან ფისკალურ წნეხს წარმოქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. 
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჯამურად დაიხარჯა 458.7 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 37.4%-ია. ათვისების აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება წინა წლების ტენდენციებს და საინვესტიციო პროექტზე გამოყოფილი თანხების წლის ბოლომდე ათვისების კუთხით გარკვეულ რისკებს წარმოშობს.