სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 05 დეკემბერი, 2014
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტიზე (მესამე წარდგენა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მესამე წარდგენაზე მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (მესამე წარდგენა) მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, პირველ რიგში, აუცილებელია დამატებითი ყურადღება გამახვილდეს 2015-2018 წლებისთვის „ქვეყნისძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით“ (BDD) (მესამე წარდგენა) გათვალისწინე-ბულ მაკროეკონომიკურდაშვებებზე - მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზები უდევს საფუძვლად ფისკალური გეგმის ჩამოყალიბებასა და დასაგეგმი წლის საბიუჯეტო აგრეგატების განსაზღვრას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზირებისას ალტერნატიული წყაროების (საერთაშორისო ორგანიზაციების) ანალოგიური მაჩვენებლების გათვალისწინება.
  • საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გასული სამი წლის 10 თვის შესრულების წილობრივ მაჩვენებლებსა და მიმდინარე წლის 10 თვის ტენდენციებზე (ექსტრაპოლაციის მეთოდზე) დაყრდნობით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დაშვებების გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.
  • საყურადღებოა, რომ „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის“  დოკუმენტი არ მოიცავს ინფორმაციას მაკროეკონომიკური დაშვებების რეალისტურობის შესახებ - 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტთან ერთად წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ, რაც გულისხმობს ალტერნატიული მაკროეკონომიკური სცენარებისა და მათი  ბიუჯეტის პარამეტრებზე შესაძლო გავლენის ანალიზსა და მიმოხილვას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფისათვის მიზანშეწონილია მოცემული დოკუმენტი მოიცავდეს ალტერნატიული სცენარების შესაბამისი მაკროეკონომიკური დაშვებების საფუძვლიანობის ანალიზსაც.
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გადასახდელების დაგეგმვისას, მხედველობაში არ მიიღება მიმდინარე წელს მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოვლენილი დაბალი ათვისების ტენდენციები, ასევე, რიგ შემთხვევებში, გაურკვეველია რის საფუძველზე იგეგმება ასიგნებების ზრდა - ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 10 თვის განმავლობაში ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით  გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება. რიგ შემთხვევებში, სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის გეგმას შორის, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთავრობის პრიორიტეტების ან სტრუქტურულ ცვლილებებსა და დისკრეციულ გადაწყვეტილებებთან, თუმცა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ხარვეზები, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს ათვისების შესაბამისობა განსაზღვრულ გეგმასთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საყურადღებოა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილი ცალკეული ქვეპროგრამებისათვის განსაზღვრულ იქნა ასიგნებების მნიშვნელოვანი ზრდა 2014 წელთან შედარებით, თუმცა გაურკვეველია რის საფუძველზე იგეგმება აღნიშნული ზრდა, იმის გავითვალისწინებით, რომ კანონპროექტის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები გასული წლის იდენტურია. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მოხდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებების, მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების უფრო დეტალური აღწერა შესაბამისი რაოდენობრივი მაჩვენებლის მითითებით.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ვალდებულებების ზრდა - კანონპროექტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს მისაღები საგარეო საკრედიტო რესურსის უდიდესი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების ეფექტიანი ათვისება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გასული და მიმდინარე წლის მსგავსად ათვისების დაბალი მაჩვენებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, მიმდინარე წლის მსგავსად, კვლავ დაგეგმილია 200 მლნ ლარის მიმართვა ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის, რომელიც განთავსდება სადეპოზიტო ანგარიშებზე შესაბამის კომერციულ ბანკებში, თუმცა კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამ განაპირობა აღნიშნული მექანიზმის განხორციელების საჭიროება 2015 წელსაც.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტზე ფინანსთა სამინისტროს მიერ თანდართული ინფორმაცია მთავრობის ვალის მდგრადობის შესახებ, რომელიც აანალიზებს მთავრობის ვალის მდგომარეობას საშუალოვადიან პერიოდში, ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს მთავრობის ვალის მდგრადობაზე და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას.
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის პროგრამულ დანართში შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები - საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადების  დანერგვის პროცესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამული დანართის ანალიზი.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ ფორმატში უკვე მეოთხე წელია მზადდება, პროგრამულ დანართში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების ფორმირებისას, რაც ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების ეტაპზე დასახული შედეგების შესრულების შეფასებას ართულებს.  ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები არსებული „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ გაუმჯობესების მიმართულებით.